Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ჩინეთის მოკავშირე კამბოჯასთან დედოლარიზაციაზე მემორანდუმი გააფორმა - რას ნიშნავს ეს?


მემორანდუმს ხელი მოაწერეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სერეი ჩიმ
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სერეი ჩიმ

ჩინეთის ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველომ, ჩინეთის მჭიდრო მოკავშირესთან, კამბოჯასთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, „დედოლარიზაციაზე“ გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს დედოლარიზაციის გამოცდილებისგან ბევრს ისწავლის, - კამბოჯა, რომელიც ჩინეთზე ძლიერაა დამოკიდებული, საქართველოზე მეტი ხანია, დედოლარიზაციას, ანუ თავის ეკონომიკაში დოლარის როლის შემცირებას ცდილობს.

ბოლო წლებში კამბოჯას, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, დოლარის როლთან ბრძოლაში ეხმარება ჩინეთი, რომელიც სულ უფრო და უფრო დომინირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყნის ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში.

აქვს თუ არა ჩინეთის ძველი და ახალი მოკავშირეების ეროვნული ბანკების უახლეს შეთანხმებას გეოპოლიტიკური განზომილება?

რა ხდება?

2024 წლის 3 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის სამეფოს ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) იუწყება, რომ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის, ბანკების მმართველების ხელმოწერით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს მხარეთა შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩო, რათა ხელი შეეწყოს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბაკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მათი ძირითადი ფუნქციებისა და მანდატის ფარგლებში“, - განმარტებულია სებ-ის პრესრელიზში.

სამუშაო შეხვედრა კამბოჯის ცენტრალური ბანკის დელეგაციასთან. 2024 წლის 3 მაისი
სამუშაო შეხვედრა კამბოჯის ცენტრალური ბანკის დელეგაციასთან. 2024 წლის 3 მაისი

ცენტრალური ბანკების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ „მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა“:

  • დედოლარიზაციის გამოცდილება,
  • მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება,
  • საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა,
  • ლიკვიდობის პროგნოზირება,
  • საგადახდო სისტემები და
  • ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში.

კამბოჯურმა გამოცემა Khmer Times-მა ორშაბათს, 6 მაისს ყურადღება გაამახვილა მემორანდუმის იმ ნაწილზე, რომელიც დედოლარიზაციას ეხება.

გამოცემის თანახმად, კამბოჯის ეროვნული ბანკის (კებ-ის) მმართველმა, სერეი ჩიმ ფეისბუკზე დაწერა, რომ საქართველოსა და კამბოჯას მსგავსი რეალობა აქვთ დოლარიზაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმითვე, „საქართველომ დოლარიზაციის 2015 წლის 90%-იანი მაჩვენებლიდან, წელს 45%-მდე შემცირება შეძლო“ და „ეს შეიძლება იყოს კარგი გაკვეთილი და წარმატების მაგალითი კამბოჯის სამეფოსათვის“.

დედოლარიზაცია ქართულად

დედოლარიზაციის პოლიტიკა საქართველოში 2016 წელს დაიწყო და მისი მთავარი მიზანი - დოლარზე ეკონომიკის დამოკიდებულებასთან ბრძოლა და ლარის გამოყენების წახალისება - წარმოადგენდა მოქალაქეების დანაზოგების გარე რყევებისგან დაცვას.

საუბარი არ ყოფილა დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენების შემცირებაზე. დედოლარიზაციის პროცესში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF-ი) და მსოფლიო ბანკი თავიანთი ექსპერტიზით დღემდე ეხმარებიან.

ეროვნული ბანკის ხედვით, ფინანსური სექტორის დოლარიზაცია გამოიხატებოდა იმაში, რომ ადგილობრივი ბიზნესი და მოსახლეობა, ლარის ნაცვლად, ვალებს უცხოურ ვალუტაში იღებდა და დანაზოგებიც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა.

კობა გვენეტაძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მმართველობის პერიოდშიც გააქტიურდა საქართველოში დედოლარიზაცია
კობა გვენეტაძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მმართველობის პერიოდშიც გააქტიურდა საქართველოში დედოლარიზაცია

დედოლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია ეროვნული ბანკის ის რეგულაცია, რომელიც ადამიანებს ავალდებულებს, გარკვეული მოცულობის სესხები მხოლოდ ლარში აიღონ - თუკი შემოსავალი ლარში აქვთ.

თავდაპირველად ასეთი ზღვარი არ არსებობდა, 2017 წელს 100 000-ლარიანი ზღვარი დაწესდა, 2019 წელს 200 000-მდე გაიზარდა, 2024 წლის იანვრიდან - 300 000 ლარამდე, ახლა, 2024 წლის მაისიდან კი - 400 000 ლარამდე.

თუკი ადამიანს შემოსავალი ლარში აქვს და 100 000 დოლარის სესხის აღება უნდა, - რასაც შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, - იძულებულია, სესხი ლარში აიღოს, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით.

ეროვნული ბანკის თანახმად, ამ ზღვრის აწევამ ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებას და, შესაბამისად, მსესხებლებისთვის სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყო ხელი.

2016 წლის 1 იანვრისთვის სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 66 და 71%-ს შეადგენდა. სებ-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის მაისისთვის:

  • ბანკების მიერ გაცემული სესხების 45% უცხოურ ვალუტაშია გაცემული (მათ შორის, დოლარში 29%, ევროში 16%).
  • ხოლო მოქალაქეებს ბანკებში დეპოზიტების 50% აქვს უცხოურ ვალუტაში (39% დოლარში, 11% ევროში) აქვს შენახული.

დედოლარიზაცია და კამბოჯის სხვა პრობლემები

კამბოჯაში, - რომელსაც პოლიტიკური არასტაბილურობის, ეკონომიკური პრობლემებისა და ვალუტის რყევების მდიდარი ისტორია აქვს, მათ შორის, სამოქალაქო ომის ფონზე, - 1990-იანი წლებიდან ორი ვალუტაა მიმოქცევაში: კამბოჯური რიელი (ოფიციალური) და ამერიკული დოლარი (არაოფიციალური).

მაგრამ, საქართველოსგან განსხვავებით, დოლარის როლი იქ არა მხოლოდ კრედიტებსა და დეპოზიტებში ჩანს, არამედ ყოველდღიურობაშიც - დოლარის კუპიურები იქ ისეთივე მიმოცვლაშია, როგორც კამბოჯური რიელი.

ამ რეალობას ქვეყანა წლებია, ებრძვის.

„აზიის განვითარების ბანკის“ მკვლევრის მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი ჯერ კიდევ 2008 წელს ურჩევდა ქვეყანას, რომ „დაძალებული დედოლარიზაციის ნაცვლად, მიჰყოლოდა იმგვარ პოლიტიკას, რომელიც ფოკუსირდება რეფორმებზე საფინანსო სექტორში, ასევე, სამართლებრივ და ინსტიტუციურ რეფორმებზე“.

ინსტიტუციური რეფორმების საჭიროებაზე მითითება კამბოჯის მმართველობის მსუბუქი შეფასებაა:

  • კამბოჯა Freedom House-ის ანგარიშებში „არათავისუფალ“ ქვეყნადაა დასახელებული, მმართველობის სფეროში არაერთი გამოწვევით - პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, მნიშვნელოვანი შეზღუდვებით;
  • ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ქვეყანას პრესის თავისუფლების ინდექსში 180-დან 151-ე ადგილას ამწესებს.
  • დაბალია მისი მაჩვენებლები „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსშიც - 100 ქულიდან მხოლოდ 22 აქვს;
  • გამოცემა „ეკონომისტის“ „დემოკრატიის ინდექსით“, მას 167 ქვეყანას შორის 121-ე ადგილი უკავია და „ავტორიტარულ რეჟიმადაა“ მოხსენიებული;

ჩინეთისა და კამბოჯის ლიდერები, სი ძინპინი და ჰუნ სენი. 2009 წელი. პნომპენი, კამბოჯის დედაქალაქი.
ჩინეთისა და კამბოჯის ლიდერები, სი ძინპინი და ჰუნ სენი. 2009 წელი. პნომპენი, კამბოჯის დედაქალაქი.

2020 წელს კამბოჯამ გააძლიერა დედოლარიზაციისთვის მუშაობა: შეზღუდა 1, 2 და 5-დოლარიანი ბანკნოტების გამოყენება და, რიელის გარდა, ციფრული ვალუტა, ბეკონი შემოიღო.

ბოლო პერიოდში კამბოჯას დოლარის დომინაციასთან ბრძოლაში ეხმარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც მისი უახლოესი პარტნიორია.

„ყველაზე სანდო მეგობარი“

ჩინეთიც და კამბოჯაც ASEAN-ის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრები არიან.

„ჩინეთის ინდექსის“ თანახმად, - რომელიც აჩვენებს მსოფლიოში ქვეყნების დამოკიდებულების დონეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე, - კამბოჯა ამ სიაში მეორე ადგილზეა.

ჩინეთის ინდექსი“ ორგანიზაცია Doublethink Lab-ის პროექტია. ბოლო ანგარიში 2022 წლის მონაცემებს ეფუძნება. პირველ ადგილზეა პაკისტანი. ამავე ინდექსში საქართველო, 80 ქვეყანას შორის, 29-ე ადგილზეა.

2024 წლის აპრილში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი კამბოჯაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ ერთხელ დადასტურების მიზნით.

ვანგ ი შეხვდა პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის - პრემიერ-მინისტრ ჰუნ მანეს, რომელმაც პოსტი მამისგან, დიქტატორ ჰუნ სენისგან გადაიბარა. ჰუნ სენი, რომელიც 1985-დან 2023 წლამდე, 38 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ამჟამად სენატის პრეზიდენტია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი

მინისტრმა ვანგ იმ პნომპენში განაცხადა, რომ „ჩინეთი ყოველთვის იქნება კამბოჯის ყველაზე სანდო მეგობარი და უმტკიცესი მხარდამჭერი“.

ჩინეთს კამბოჯისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არაერთ სფეროში, მათ შორის - ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ეკონომიკურ დახმარებასა და ინვესტიციებში, ვაჭრობასა და სამხედრო დახმარებაშიც - წვრთნებში, შეიარაღებასა თუ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კამბოჯა ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ პროექტის მონაწილეა და ჩინური ინვესტიციებით ახორციელებს მაგისტრალების, ხიდებისა და პორტების პროექტებს.

სანაცვლოდ, კამბოჯა ჩინეთს რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის გაეროში, უჭერს მხარს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნება ეს ტერიტორიული დავები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თუ ტაივანის საკითხი.

დახმარება დედოლარიზაციაში

2010 წელს ჩინეთმა და კამბოჯამ ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას, 2013 წელს კი - უფრო მაღალი დონის „თანამშრომლობის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას“.

მზარდია მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც: თუ 2015 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2020 წელს, პანდემიის დროს - 6 მილიარდს მიაღწია.

2023 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 13.42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ბოლო წლებში კამბოჯამ ჩინური ვალუტის, იუანის გამოყენება დაიწყო.

ჩინეთი 2009 წლიდან ლობირებს იუანის გლობალურად გამოყენებასა და სხვა სახელმწიფოების აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას.

კამბოჯის ვაჭრობის სამინისტრომ 2018 წელს გამოაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავდა ჩინეთის შეთავაზებას, ორმხრივი ვაჭრობა ჩინურ ვალუტაში, იუანში ეწარმოებინათ.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

სამინისტროს პრესსპიკერმა „როიტერსს“ უთხრა, რომ ჩინეთის თანახმად, დოლარით ვაჭრობაში, ვალუტის გადახურდავება-გადმოხურდავებაში ბევრი ფული იკარგებოდა, რის გამოც „სურთ, პირდაპირ იუანი გამოვიყენოთ“.

2023 წლის თებერვლიდან კამბოჯა ტურისტებს საშუალებას აძლევს, გადახდები ჩინურ იუანშიც განახორციელონ. სასტუმროებს, რესტორნებსა და ტურისტულ დაწესებულებს შეუძლიათ ჩინეთის ვალუტის მიღება (ტურიზმის სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს).

2023 წლის 27 ნოემბერს ჩინეთის სახალხო ბანკმა და კამბოჯის ეროვნულმა ბანკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს იუანის გამოყენების გამარტივებასთან დაკავშირებით - კამბოჯური კომპანიები უფრო მარტივად ახორციელებენ იუანში ფინანსურ ტრანზაქციებს ჩინურ კომპანიებთან.

დედოლარიზაცია ჩინეთის სტრატეგიული დღის წესრიგია და ამ კონტექსტში ტერმინის გამოყენება განსხვავდება იმისგან, რა პოლიტიკასაც საქართველო მიჰყვებოდა. ჩინეთისთვის ტერმინი დედოლარიზაცია საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ ტრანზაქციებში დოლარის გამოყენების შემცირებას, რაც, გარკვეული პერსპექტივით, ამერიკული გავლენის შესუსტებასაც გულისხმობს.

სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკული დოლარის როლის შემცირება და ამ გზით „დასავლეთის დომინირებასთან ბრძოლა“, შეერთებულ შტატებთან ჩინეთის მრავალშრიანი დაპირისპირების ერთ-ერთი ფრონტია.

ამერიკული დოლარის დომინირებასთან კონკურენციის გაწევის მიზნით, საერთო ვალუტის შექმნას განიხილავს „ბრიკსის“ ალიანსი, რომელიც ჩინეთისა და რუსეთის გარდა, კიდევ 7 სახელმწიფოს აერთიანებს. „ბრიკსის“ ბანკი სესხებს ადგილობრივ ვალუტებში გასცემს.

საქართველო და კამბოჯა - სიახლეები

კამბოჯისა და საქართველოს ცენტრალურ ბანკებს შორის მემორანდუმი ADB-ის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

ერთი შეხედვით, ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხაზგასმის პირველი შემთხვევაა.

მაგრამ ამას წინ უძღოდა საქართველოსა და კამბოჯას შორის ურთიერთობების პირველადი დათბობა და პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმება.

2024 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ვირტუალურ ფორმატში შეხვდა კამბოჯის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჯაიმ ვიდჰიას.

2024 წლის 2 თებერვალს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ვირტუალური შეხვედრა გამართა კამბოჯის საგარეო საქმეთა უწყებასთან
2024 წლის 2 თებერვალს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ვირტუალური შეხვედრა გამართა კამბოჯის საგარეო საქმეთა უწყებასთან

მხარეებმა „განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“.

„ამასთან, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საერთაშორისო და რეგიონის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს“, - წერდა მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი.

კამბოჯის მხარემ „კვლავ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კამბოჯის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების დაარსების შესახებ“.

სამინისტრო წერდა, რომ „ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ახლო მომავალში პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ჩატარებასთან დაკავშირებით“.

თანამშრომლობა „ასეანთან“

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის თანახმად, თბილისი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“.

ჩინეთიც და კამბოჯაც ამ ალიანსის წევრები არიან.

საქართველო 2023 წელს ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA-ს) დამკვირვებელი წევრი გახდა. 2023 წლის აგვისტოში AIPA-ს 44-ე გენერალურ ასამბლეაზე ქვეყანამ ახალი სტატუსით პირველად მიიღო მონაწილეობა - მას წარმოადგენდა საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა.

სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საქართველოს მიერ გაეროში ინციციირებული რეზოლუციების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA-ს) გენერალურ ასამბლეაზე. 2023 წლის 9 აგვისტო
ნიკოლოზ სამხარაძე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA-ს) გენერალურ ასამბლეაზე. 2023 წლის 9 აგვისტო

ADB-ის ღონისძიების ფარგლებში, კამბოჯის ცენტრალური ბანკის გარდა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა არაერთ სტუმარს შეხვდა, მათ შორის - კორეის ბანკის პრეზიდენტსა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციის, ელევანდის აღმასრულებელ დირექტორს. სინგაპურიც ASEAN-ის წევრია.

ზურგით ვაშინგტონისკენ

ეს სიახლეები გაცილებით მცირე მასშტაბისაა, ვიდრე ის, რასაც პოლიტიკური ექსპერტების უმეტესობა აფასებს საქართველოს ზურგშექცევად დასავლური სამყაროსადმი.

საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობებმა უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია, როდესაც პრემიერმა კობახიძემ ვაშინგტონი, კერძოდ კი აშშ-ის ყოფილი ელჩი, საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა.

მანამდე, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ვაშინგტონში ვიზიტზე.

„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების გამო თბილისი იღებს საყვედურებსა და კრიტიკას არა მხოლოდ ვაშინგტონიდან, არამედ ბრიუსელიდან და სხვა ევროპული დედაქალაქებიდან, ხოლო ქებას - მხოლოდ მოსკოვიდან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა 20 აპრილს ჩინეთის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სათაურით „შეერთებული შტატების უცხოური დახმარების ფარისევლობა და ფაქტები“.

პუბლიკაციაში მეორდება რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული გზავნილი ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „ვარდების რევოლუციის“ უკან „შეერთებული შტატები იდგა, იგი აფინანსებდა, აღვივებდა და პირდაპირი გზითაც კი ერეოდა“ და, ზოგადად, „ლეგიტიმურ რეჟიმებს ძირს უთხრიდა“.

საქართველომ, რომელიც 2009 წლიდან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, 2023 წელს ჩინეთთან დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა. მას შემდეგ თბილისი-პეკინის კავშირი ძლიერდება და შეხვედრები გააქტიურებულია.

კვლევითი ცენტრ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ, - რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პარლამენტის კვლევით ცენტრში, - რადიო თავისუფლებას ინტერვიუში უთხრა, რომ „საერთო ფონზე, საქართველოს ხელისუფლება გადაერთო ბანაკის მეორე მხარის - რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვების - რიტორიკაზე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG