Accessibility links

logo-print

რა გზით წაიყვანს ედუარდ კოკოითი სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას?


დაინტერესებულ მსმენელს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ცხინვალის ყოფილმა კომკავშირულმა ლიდერმა, ედუარდ კოკოევმა გაიმარჯვა.

მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ 38 წლის მეწარმემ კენჭისყრის მეორე ტურში ხმების 53 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ადგილობრივი პარლამენტის 46 წლის სპიკერმა, სტანისლავ კოჩიევმა 40 პროცენტი.

ედუარდ კოკოევი, ან კოკოითი, როგორც მას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოიხსენიებენ, ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ხელმძღვანელის პოსტზე 69 წლის ლუდვიგ ჩიბიროვს შეცვლის. აქვე, ცხადია, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის ქართულმა მოსახლეობამ (ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით ერთმა მეოთხედმა) არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება კენჭისყრას უკანონოდ მიიჩნევს და მის შედეგებს არ სცნობს.

ამ ერთი კვირის წინათ, მოსკოვის გაზეთ “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა ალანიასთან და შეეცდება, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში “ასოცირებულ წევრად” შევიდეს.

რაც შეეხება თბილისს, მასთან კოკოითი “სახელშეკრულებო ურთიერთობის” დამყარებას აპირებს. მისივე თქმით, “სამხრეთი ოსეთი თავისუფალი და დამოუკიდებელია”.

ასეთი განცხადებების შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია, ისედაც მიძინებულ სამშვიდობო პროცესს გამოცოცხლება დაეტყოს. მით უმეტეს, როცა ამ პროცესში აშკარად დაინტერესებული მხარე შუამავლობს. აი, რა უთხრა ჩვენს კორესპონდენტს საქართველოს საგანგებო ვითარებათა მინისტრმა, მალხაზ კაკაბაძემ:

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] “რეალურად პროცესი მკვდარი წერტილიდან არ იძვრის. ვერ დავიჩემებ, ეს, გინდა თუ არა, რუსეთის ხაზი ან რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკაა-მეთქი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში რუსეთს წარმოადგენენ, ხმამაღლა და სრულიად დაუფარავად აცხადებენ, რომ რუსეთს რეგიონში თავისი ინტერესები აქვს. ეს კი აშკარად ეწინააღმდეგება საშუამავლო მისიის არსს, რადგან შუამავალი, სულ ცოტა, ნეიტრალური უნდა იყოს.”

კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაია, პრეზიდენტად კოკოითის არჩევის კომენტირებისას, უფრო ფრთხილია:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ჩემი აზრით, რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან ეს ფიგურა სრულიად ახალი, გარკვეულწილად მოულოდნელიც კია. ძნელია, იწინასწარმეტყველო, როგორ გამოიჩენს თავს ბატონი კოკოევი რეგიონის ხელმძღვანელის როლში. წინასაარჩევნო კამპანიაში მან რამდენიმე, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტული განცხადება გააკეთა, მაგრამ ამას უფრო მშვიდობიანი განცხადებებიც მოჰყვა. იმის გასაგებად, თუ როგორ გზას აირჩევს იგი, რის მიღწევა სურს, როგორ უყურებს საკითხს, დრო არის საჭირო.”

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ედუარდ კოკოითის სახელი ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო. ყოფილი მოჭიდავე 1989-92 წლებში ცხინვალის კომკავშირის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი რუსეთში გადასახლდა და ბიზნესს მიჰყო ხელი. 97-დან 99 წლამდე იგი სათავეში ედგა მოსკოვში სამხრეთი ოსეთის სავაჭრო წარმომადგენლობას.

ახალი პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. კიდევ ერთს ახლა გაგაცნობთ. კოკოითი საქართველოს პრეზიდენტისგან მოითხოვს, აღიაროს, რომ თბილისმა სამხრეთ ოსეთში გენოციდი განახორციელა. მალხაზ კაკაბაძის აზრით, ამგვარი განცხადებების სათავე რეგიონის გარეთ უნდა ვეძებოთ.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] “როცა ასეთი მკვეთრი განცხადებები კეთდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათს უკან გარკვეული ძალები თუ წრეები დგანან. ბატონი კოკოევი აქ არაფერ შუაშია. სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობ. მაგრამ ის რუსეთის მოქალაქეა. მაპატიეთ და კომენტარი თქვენთვის მომინდვია.”

18 დეკემბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად ედუარდ კოკოითის კურთხევის ცერემონია უნდა მოეწყოს. ხოლო სულ მალე, 27 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება ჩრდილოეთ ოსეთშიც. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და სამხრეთი ოსეთის კომუნისტთა ყოფილი ლიდერი, ანატოლი ჩეხოევი, რომელიც ორი ოსეთის გაერთიანების აქტიური მომხრეა.
XS
SM
MD
LG