Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2001 წლის სპორტული სეზონის ფინიში ოქროსფერი გამოდგა


ელგუჯა ბერიშვილი საჩხერელი ძალოსნის გიორგი ასანიძის მსოფლიო ჩემპიონის მედალს კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო მიემატა – ბათუმელი ფალავანი მუხრან ვახტანგაძე ასევე მსოფლიო ჩემპიონად ეკურთხა.

საბერძნეთიდან მობრუნებულ ჩემპიონს ჩემპიონურად დახვდნენ – დოლ-გარმონით და შამპანურებით. ადრიანი და სუსხიანი დილის მიუხედავად, თბილისის აეროპორტში უამრავი ხალხი შეიკრიბა. თანაგუნდელებმა ვახტანგაძე მხრებზე აიტაცეს და ისე გამოატარეს, თუმცა უმალ გულშემატკივართა რკალში აღმოჩნდნენ. ხვევნა-კოცნისა და მილოცვების შემდეგ, ჟურნალისტთა რიგიც დადგა. ჩემპიონმა რადიო “თავისუფლებას” განუცხადა:

(მუხრან ვახტანგაძის ხმა) “ჩემს ამ ოქროს მედალს მთლიან საქართველოს ვუძღვნი, ვინც საქართველოს კეთილდღეობისთვის ზრუნავს და ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა. მე და ჩემი მწვრთნელი ოქროს მედალს ვგეგმავდით. რა თქმა უნდა, ყველა პრიზიორს, ბრინჯაოს მედალოსანს, ოქროს მოპოვების დიდი სურვილი აქვს, ასევე მეც და ისე კარგად მოვემზადეთ, რომ ღმერთმაც ინება, ღმერთის წყალობით ოქროს მედალი მოვიპოვეთ”.

მუხრან ვახტანგაძის ოქრო ქართველ “კლასიკოსთა” მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული რიგით მეცხრამეტე მედალია.პირველი იყო ლეგენდარული გივი კარტოზია, რომელმაც 1953 წელს გაიმარჯვა და მერე კიდევ ორი ჩემპიონატი მოიგო. ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია რომან რურუა, სამგზის – როსტომ აბაშიძე, ორ-ორი ოქრო აქვთ ვახტანგ ბლაგიძეს და თემურ აფხაზავას, თითო – ავთანდილ ქორიძეს, მიხეილ სალაძეს, თემურ ყაზარაშვილს და გურამ გედეხაურს. 1987 წლიდან მოყოლებული, მთელი 14 წელიწადი, საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი არ ჰყოლია. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოქროს მედალოსანი სწორედ ვახტანგაძეა.

უნდა ითქვას, რომ ქართველ ფალავანთათვის წლევანდელი სპორტული სეზონი ბარაქიანი გამოდგა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, თავისუფალ და ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში მოპოვებულია 21 მედალი, მათ შორის 6 – ოქროსი. ამ წარმატებას, უწინარეად, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს გოჩა ძასოხოვს უკავშირებენ. ყოფილი მოჭიდავე და წარმატებული ბიზნესმენი შარშან, დეკემბერში მოვიდა ფედერაციის სათავეში და სერიოზული რეფორმა წამოიწყო. განვლილი სპორტული სეზონის შეფასებისას, ძასოხოვმა განაცხადა:

(გოჩა ძასოხოვის ხმა) “როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი, კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც. იმიტომ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ისეთი ფავორიტები, როგორებიც არიან ელდარ კურტანიძე და ემზარ ბედინეიშვილი, მეტს იმსახურებდნენ. მაგრამ, ასეთნაირად ვიტყვი – მათ ამ ეტაპზე ფორტუნამ ზურგი შეაქცია. კმაყოფილი ვარ იმით, რომ გუნდი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ერთ და ორ მედალზე, თავისუფალი ჭიდაობის ნაკრებზე მაქვს ამჯერადაც საუბარი, გაუჩნდა რვა წონითი კატეგორიიდან ექვს კაცს მედალზე პრეტენზია. ეს იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ ოლიმპიური გუნდი გვეყოლება. ანალოგიური მდგომარეობაა კლასიკურ სახეობაშიც”.

როგორც ირკვევა, ჭიდაობის ფედერაციას სერიოზული გეგმები აქვს და პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია. გოჩა ძასოხოვი რამდენიმე მთავარ მიმართულებას ასახელებს. ეს გახლავთ ჭიდაობის განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განმტკიცება, ბავშთა სკოლებისა და კლუბების ხელშეწყობა, რეგიონული საჭიდაო ცენტრების შექმნა.

(გოჩა ძასოხოვის ხმა) “ჩემი ფედერაციაში მოსვლის მერე, ჩვენ დაახლოებით ხუთიათას მოზარდამდე გავაერთიანეთ ფედერაციაში და ეს ამდენი ბავშვი, ახალგაზრდა ქუჩას მოწყდა. გავაკეთეთ ოზურგეთში ძალიან კარგი სკოლა. დავეხმარეთ - ეს პოლიტიკური ნაბიჯი იყო – სამხრეთ ოსეთში, ცხინვალშიც გავაკეთეთ ასეთი რაღაც. კეთდება ეხლა გორში, აჭარას მივეცით ხალიჩები, მივეცით ცაგერს, ამბროლაურის რაიონს, მესტიას. ჰოდა, გვინდა რეგიონები ასე მთლიანად ავითვისოთ. მე ერთ რაღაცას გეტყვით და ჩემს გულისტკივილსაც გამოვხატავ: როდესაც გვყავდა ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, ეს ყველაფერი იზრდებოდა, ხალხო, დამიჯერეთ, იმ ეროვნულ ფენომენზე, რასაც ქართული ჭიდაობა ჰქვია. დღეს ქართული ჭიდაობა განიცდის უყურადღებობას და საქართველოში არცერთი ჭიდაობის სახეობა, დაწყებული ჩვენი ფედერაციიდან – ბერძნულ-რომაული თავისუფალი, ძიუდო, სამბო მოყოლებული, ვერ განვითარდება, თუ არ იქნება პროგრესი, თუ ჩვენ არ მივხედეთ ქართულ ჭიდაობას”.

წლევანდელმა გამარჯვებებმა, უწნარესად, გიორგი ასანიძის და მუხრან ვახტანგაძის ჩემპიონობამ, იქნებ, გული მოულბოს და სპორტისკენ შემოაბრუნოს ჩვენი ხელისუფლება. იქნებ, სპორტისთვის ნავარაუდევ საგაისო მწირ ბიუჯეტს გადახედონ და კეისარს კეისრისა მიაგონ. ამისი იმედი ჯერჯერობით არ დაუკარგავს საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ირაკლი მეძმარიაშვილს.

(ირაკლი მეძმარიაშვილის ხმა) “ყველამ უნდა დაინახოს, რომ იწყება და შეიძლება ჩვენი სპორტის აღმავლობა ნორმალურად იყოს, კარგად იყოს და მცირედი დაფინანსება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არ არის რაღაც ზედმეტი მოთხოვნა. ამით ჩვენ უამრავ საქმეს გავაკეთებთ, კეთილ საქმეს გავაკეთებთ”.
XS
SM
MD
LG