Accessibility links

logo-print

რა ბედი ეწევა ალ ყაიდის მხარეზე მებრძოლ ამერიკელს ჯონ უოკერს?


ანდრო ეული, პრაღა როცა შერთებულმა შტატებმა ანტი-ტერორისტული ომი დაიწყო ავღანეთში, ნაკლებად თუ იფიქრებდა რომელიმე ამერიკელი, რომ მისი თანამემამულეც.

აღმოჩნდებოდა ოსამა ბინ ლადენის მებრძოლთა შორის და აი დღეს, ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში დატყვევებული ჯონ უოკერ ლინდი, ანუ ამერიკელი ”ჯიჰადი” – გასამართლებას ელოდება.

ჯონ უოკერი კათოლიკე ვექილის ოჯახში დაიბადა მეღვინოებით განთქმულ ჩრდილოეთ კალიფორნიაში. დღეს იგი, ჭრილობებს იშუშებს ამერიკის სამხედრო ხომალდზე ინდოეთის ოკეანეში და დე ფაქტო ომის ტყვეა ავღანეთში შეპყრობილი, სადაც შეერთებული შტატების ნომერ პირველი მტრის – ბინ ლადენის ტერორისტული ქსელის ალ ყაიდის მხარეზე იბრძოდა. უოკერის საქმემ ფართო გამოხმაურება ჰპოვა ამერიკაში, სადაც ჯერაც გაოგნებულია ხალხი 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. რეაქცია ჯონ უოკერის ნამოქმედარზე არაერთგვაროვანია. ერთნი აცხადებენ, რომ უოკერი ტერორისტებისადმი დახმარებისთვის უნდა გაასამართლონ, რაც სულ ცოტა 15 – წლიანი პატიმრობით ისჯება. ხოლო სხვები მიიჩნევენ, რომ სამშობლოს ღალატისთვის უოკერი სიკვდილით უნდა იქნეს დასჯილი. საბოლოო გადაწყვეტილებას უოკერის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი ბუში მიიღებს. ჯონ უოკერმა 16 წლისამ მიიღო მაჰმადიანობა მას შემდეგ, რაც შავკანიან ამერიკელთა მუსულმანი აქტივისტის მალკოლმ იქსის ავტობიოგრაფიას გაეცნო.

მკვეთრად შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი უოკერის მოსალოდნელ დასჯასთან დაკავშირებით ოთხშაბათს, როცა ოცი წლის ტყვემ ტელეკომპანია CNN – ს მისცა ინტერვიუ. კორესპონდენტის კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა იგი ავღანეთში, უოკერმა განაცხადა, რომ პაკისტანის ისლამურ სკოლაში სწავლისას ”სულიერი სიახლოვე” იგრძნო თალიბანთან და აღეძრა სურვილი რამენაირად დახმარებოდა ამ მოძრაობას. უოკერმა განაცხადა აგრეთვე, რომ მოლოდინი გაუმართლდა, როცა ჯიჰადში, ანუ წმიდა ომში მოუხდა სწორედაც თალიბების მხარდამხარ ბრძოლა და რომ კვლავაც დარწმუნებულია იმაში, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა. ჯონ უოკერმა, რომელიც იემენში დაეუფლა არაბულს, ჟურნალ Newsweek – ისთვის ადრე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ბინ ლადენს ავღანეთში, სადაც ამ უკანასკნელის მიერ დაარსებულ ტერორისტულ ბანაკებში გადიოდა წვრთნას.
უოკერმა დასძინა ამასთანავე, რომ ამართლებს 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებს. ამერიკის ტელევიზიამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა დაიწყო იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაისაჯოს ჯონ უოკერი, რომელიც სულეიმან ალ - ფარისის, ხოლო ომის დროს აბდულ ჰამიდის სახელითაც იყო ცნობილი

ამასობაში, ჯონ უოკერის მშობლებმა წამყვანი ვექილი დაიქირავეს თავიანთი შვილის დასაცავად, როცა იგი სამშობლოში დაბრუნდება. მშობლებმა გადაიხადეს ჯონის არაბული ენის შესწავლის, ისლამურ სკოლაში სწავლისა და ისლამურ სამყაროში მოგზაურობის ხარჯები და აცხადებენ, რომ მათი შვილი არის უწყინარი, ბეჯითი და მიმნდობი ახალგაზრდა, რომელიც ისლამისტ ფუნდამენტალისტთა აგიტაცია – პროპაგანდის მსხვერპლი გახდა.
XS
SM
MD
LG