Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ემთხვევა მესამე სექტორის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პრიორიტეტები


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 21 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის" ჟურნალისტებს წარუდგინა 2001 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.

ანგარიში ვრცელ კრიტიკულ და აღწერით ანალიზს წარმოადგენს; მასზე უახლოეს მომავალში გესაუბრებით. დღეს კი ერთ პრობლემას შევეხებით, რომელზეც ასევე იმსჯელეს უფლებადამცავებმა; საქმე ეხება მესამე სექტორის ფონდი "ჰორიზონტის" ერთი გადაწყვეტილების მოტივაციას, რომელიც "ყოფილი პოლიტპატიმრების" თავმჯდომარეს, ნანა კაკაბაძეს მიკერძოებისა და არაკომპეტენტურობის ნიმუშად მიაჩნია. საქართველოში ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი საზოგადოების ეჭვნარევი დამოკიდებულების გამო საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია, რასაც შევეცადეთ კიდეც.

ორგანიზაციამ “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” ფონდ ჰორიზონტში წარადგინა პროექტი, რომლის რეალიზებაც გულისხმობდა სემინარების ჩატარებას პოლიციელთათვის და, რაც მთავარია, წინასწარი დაკავების საკანთა მონიტორინგს. სემინარებსა და მონიტორინგს განახორციელებდა ხსენებული ორგანიზაცია რუსუდან ბერიძესთან ერთად, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დღემდე არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ჰქონია არც უფლება და არც საშუალება შესულიყო წინასწარი დაკავების საკნებში ანუ იქ, სადაც ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები; პროექტში ჩადებულ ამ უპრეცედენტო ინიციატივას ამაგრებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობა, რაც დიდწილად რუსუდან ბერიძის დამსახურება იყო. ფონდმა გამარჯვება მიანიჭა სხვა პროექტს, რომელშიც ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. პროექტი ითვალისწინებს უფასო იურიდიულ დახმარებას იმ პირთათვის, ვინც საპარლამენტო კომიტეტს შემწეობისთვის მიმართავს.

“ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ფონდს უარის განმარტება მოთხოვა და მიიღო კიდეც. ტექსტს ხელს აწერენ პროექტების შემფასებელი კომიტეტის წევრები: თამარ ცაგარეიშვილი, პაატა ლეჟავა, ნიკო ორველაშვილი, ზაზა ფირალიშვილი და ვანო მერაბიშვილი, რომელსაც, წესით, ინტერესთა კონფლიქტი უნდა ჰქონოდა ელენე თევდორაძის კომიტეტისათვის გრანტის მინიჭებისას. ფონდი “ჰორიზონტის” იურისტმა ვანო თავაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მერაბიშვილს ინტერესთა კონფლიქტის მოტივით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ფონდის ბიულეტენში შავით თეთრზე წერია, რომ პროექტების შერჩევისას კომიტეტის შეკრებაში ვანო მერაბიშვილიც მონაწილეობდა. ესეც არ იყოს, უარი მოტივირებულია პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებით, რომლის თანახმად, წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგის ჩატარების უფლება აქვს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. ფონდის პასუხში არ არის მითითებული ამ ბრძანებულების ნომერი, ან კი როგორ იქნება, როცა არავითარი ბრძანებულება არ არსებობს და კომიტეტის არცერთმა წევრმა ზუსტად არ იცოდა, რას ეყრდნობოდა უარის მოტივირებისას. ცხადია, ფონდს თავისი პრიორიტეტები აქვს და, შესაძლოა, ნაცადი გზა ურჩევნია პრინციპულ სიახლეს (მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას რამდენიმე ორგანიზაცია უკვე უწევს); მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას საჩოთირო ეპიზოდები არ უნდა ახლდეს.
XS
SM
MD
LG