Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაზავდნენ მოქალაქეთა კავშირში?


დავით პაიჭაძე, თბილისი მოქალაქეთა კავშირის ამასწინანდელმა ყრილობამ მანამდე გამოთქმული ვარაუდთა დიდი ნაწილი არ გაამართლა.

არ განხორციელდა არც ზურაბ ჟვანიას დანაქადი პარტიული რიგების წმენდის შესახებ, არავის შეურისხავს პარტიის ყოფილი თავმჯდომარეც. პირიქით, ყრილობა მშვიდობიანად წარიმართა და ოპონენტთა შორის, მომავალ ყრილობამდე მაინც, ზავი დაიდო. როგორ უნდა აიხსნას ეს? პარტიაში მიმდინარე პროცესები აქამდე აისახებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე; რა მოხდება დღეის შემდეგ?

საქართველოში არავის უნდა ბრძოლა, მოქალაქეთა კავშირში დადებული ზავიც ბრძოლის გადადება უფროაო – განმიცხადა ჩემი კითხვების პასუხად პოლიტიკის ანალიტიკოსმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ. მისი აზრით, რაც მოხდა ყრილობაზე, არის მზადება გადამწყვეტი ბრძოლისათვის ან თავის მოჩვენება, რომ ასეთი ბრძოლა ოდესმე მოხდება. ის კი არ უნდა ვარკვიოთ, რატომ დაზავდნენ ან რატომ გადადეს დაპირისპირება სამომავლოდ, არამედ დავსვათ კითხვა: გაიმართება კი ასეთი ბრძოლა საერთოდ? [გიგი თევზაძის ხმა]: “იმიტომ, რომ პრინციპში, ამ დაზავებამ აჩვენა: ერთი დიდი მოლოდინი, თვე თუ თვენახევარი რომ გრძელდებოდა, დამთავრდა არაფრით. ეს ნიშნავს, რომ იყო თავის მოჩვენება, თითქოს რაღაც ბრძოლა იქნებოდა”. გიგი თევზაძის აზრით, არაფერი მიანიშნებს იმას, რომ სამომავლოდ მოქალაქეთა კავშირი პოლიტიკაში რაიმე ძვრას მოახდენს.

რამდენადმე განსხვავებულად აფასებს ვითარებას პოლიტოლოგი ზურაბ ჭიაბერაშვილი [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]: “რაც მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე მოხდა, მოულოდნელი არ ყოფილა; არც შევარდნაძე და არც ჟვანია, რომლებიც მთავარ დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენდნენ, არ არიან რადიკალური ნაბიჯების პოლიტიკოსები. ორივენი, ასე ვთქვათ, ნახევარი ნაბიჯების პოლიტიკოსები არიან და ყოველთვის ცდილობენ, გადაწყვეტილება მიიღონ არა ერთ კონკრეტულ დღეს, ერთ კონკრეტულ მომენტში, არამედ მათი გადაწყვეტილებები დროში, რამდენიმე თვის მანძილზეა გაწელილი”. ამის გათვალისწინებით, ყრილობაზე დიდი შეხლა-შემოხლა მოსალოდნელი არ იყო. პარტიის წმენდაც არ მოხდებოდა, რადგან, ჩემი მოსაუბრის შენიშვნით, წმენდას იწყებს ჯგუფი, რომელიც იმარჯვებს, ხოლო მოქალაქეთა კავშირში გამარჯვებული, ჯერჯერობით, არ ჩანს. წმენდის დაწყებით კი გამარჯვებას ვერავინ მოიპოვებს.

რა ელის მოქალაქეთა კავშირს მომავალში? ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ეს ორგანიზაცია არც იყო პარტია ტრადიციული გაგებით, რადგან შევარდნაძის ლიდერობის პირობებში მას ბიუროკრატია და სახელმწიფო აპარატი შეეზარდა. დღეს შევარდნაძისა და ჟვანიას მომხრეთა დაპირისპირება ნიშნავს, რომ ერთ მხარეს დგას მამა-მარჩენალს შეფარებული ნომენკლატურა, ხოლო მეორე მხარეს – ადამიანები, ვისაც მოქალაქეთა კავშირის ჩვეულებრივ პარტიად ხილვა სურს. საკითხს, თუ ვის ეკუთვნის პარტიაში მომავალი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ასე უყურებს [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]: “როცა ლაპარაკობენ, რომ მთელმა პოლიტიკურმა სისტემამ ამოწურა თავი, იგულისხმება, რომ ამოწურა, როგორც სახელმწიფო ბიუროკრატიასა და ერთ პიროვნებაზე დამყარებულმა სისტემამ; ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ სისტემაზე, სადაც პარტიები თამაშობენ როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა კავშირი უნდა ჩამოყალიბდეს ერთ რიგით, ჩვეულებრივ პარტიად და ამ პროცესს, ჩემი აზრით, ვერავინ შეაჩერებს. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჟვანიას შანსები, ასეთი ტიპის პარტია ჩამოყალიბდეს მოქალაქეთა კავშირისგან, საკმაოდ იზრდება და ეს, რაც მთავარია, კარგი იქნება ქვეყნისთვის იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია აღმოჩნდება შორს ნებისმიერი პარტიისაგან”.

რამდენად აისახება პარტიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ვითარებაზე? ჩემი მოსაუბრე ფიქრობს, თუკი მთავრობის არყოფნამ ვერაფერი დაატყო ქვეყნის მოქალაქეთა ყოფას, რა კვალი უნდა დაამჩნიოს მას პარტიულმა ცხოვრებამ?
XS
SM
MD
LG