Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებები და უკანონო პატიმრობაში მყოფ თენგიზ ასანიძის პრობლემა


თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება პენიტენციალური სისტემის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა,

აღნიშნულ სისტემაში რეფორმის დაწყება, თუმცა პენიტენციალური სისტემის სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით პატიმართა მომარაგებაში არსებული პრობლემები კვლავინდებურად მწვავედ დგას დღის წესრიგში. კვლავ და კვლავ ირღვევა თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებები, უკანონობის მსხვერპლად რჩება თენგიზ ასანიძე, რომელიც ახალ, 2002 წელსაც აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორში შეხვდება.

თენგიზ ასანიძის მიმართ დარღვეულია არა ერთი, არამედ ადამიანის უფლებათა მთელი რიგი. მათ შორის თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის უფლება... აღარაფერს ვიტყვი იმ ცნობილ გარემოებაზე, რომ თენგიზ ასანიძის პატიმრობაში ყოფნით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული დებულებები.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ამის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ გამართლებული ასანიძე კვლავინდებურად უკანონო პატიმრობაში რჩება. არადა, ადამიანის უფლებების ასეთი მასშტაბით შელახვა დიქტატორული ქვეყნისთვისაც რომ სამარცხვინო იქნებოდა, ეს პრეზიდენტმაც რამდენიმეჯერ აღიარა. ეს არის, რომ მისი განცხადებები, მისი შეფასებები, თენგიზ ასანიძის პრობლემის მოგვარებას ვერაფრით წაადგა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ომს ვერ გამოვაცხადებთ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ის კაცი ჩემს მიერ შეწყალებულია, რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც მას შეწყალების შემდეგ წაუყენეს, ისინი უზენაესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო. ამის შემდეგ ასანიძის პატიმრობაში ყოფნა გაუმართლებელია, დანაშაულია, სირცხვილია, არა მარტო დემოკრატიული ქვეყნისთვის, დიქტატორული რეჟიმისთვისაც კი. ასეთია ჩემი დამოკიდებულება. ასეთი იყო და იქნება.”

ამ განცხადების გაკეთებიდან კარგა ხანი გავიდა. თენგიზ ასანიძის უკანონო პატიმრობას კი არაფერი ეშველა. მისი პრობლემა, რომელიც პერიოდულად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში, მწვავდება ხოლმე, ისევ დავიწყებას მიეცა. თუმცა თენგიზ ასანიძემ, თავისი შვილის მეშვეობით, სასარჩელო განცხადებით მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. აღნიშნულ სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადება, თენგიზ ასანიძის საქმის რიგგარეშე განხილვასა და განაჩენის გამოტანამდე, ასანიძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პალატიდან გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ სტრასბურგში ასანიძის საქმის განხილვას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ასანიძის საქმის რიგგარეშე განხილვა მაინც გაჭირდება. მისი თქმით, ასანიძეს და მის გულშემატკივრებს რიგში დგომა მოუწევთ.

მაგრამ ადრე თუ გვიან ასანიძის რიგიც მოვა და სტრასბურგში ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ სერიოზულ ფაქტზე იმსჯელებენ. თანაც, მას საქართველოს პრობლემად განიხილავენ და არა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილ პრობლემად.

ცნობისათვის: 1999 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველი სისტემატურად მიმართავდა აჭარის ხელმძღვანელობას, თენგიზ ასანიძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის, შემდგომ კი უკანონო პატიმრობიდან მისი განთავისუფლების რეკომენდაციით. ასეთი რეკომენდაციით მიმართა ნანა დევდარიანმა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს 1999 წლის 24 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრს 2000 წლის 12 იანვარს, შემდეგ 17 იანვარს და ასე შემდეგ. სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ანგარიში არავინ გაუწია. მეტიც: ნანა დევდარიანისთვის არც განხილვის შედეგები გამოუგზავნიათ.

თენგიზ ასანიძის მაგალითი ცხადყოფს, რომ დემოკრატიული ფასეულობების მაღიარებელ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფენ. ასანიძის უკანონო პატიმრობის სამარცხვინო პრობლემას საქართველო 2002 წელშიც გადაიყოლებს. რაც შეეხება პატიმრობაში კანონიერად მყოფ პირთა პრობლემებს: ოფიციალური მონაცემებით, თავისუფლებააღკვეთილ პირთა სიკვდილიანობა მცირდება. თუ 1997 წელს საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში ავადმყოფობის მიზეზით 92 პატიმარი გარდაიცვალა, 2000 წელს გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე შემცირდა. თუმცა, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.

8500 პატიმარი, რომლებსაც ძირითადად ახლობლები არჩენენ, ნესტიან და ნახევრადდანგრეულ კოლონიებში ცხოვრობს. ყოველი მეშვიდე პატიმარი ტუბერკულოზით არის დაავადებული. თითოეული მათგანის კვებისთვის ბიუჯეტიდან დღეში 40 თეთრი იხარჯება, სამედიცინო მომსახურებისთვის კი თვეში 25 თეთრი.
XS
SM
MD
LG