Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის პრესის მიმოხილის პირველი თემა კვლავაც ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული კამპანიაა.

სტატიაში, რომელიც გაზეთმა ”უოლ სთრით ჯორნალმა” გამოაქვეყნა, ავღანელი ჟურნალისტი და საბჭოთა ოკუპაციის დროს წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე მასუდ ფარივარი უკმაყოფილებას გამოთქვამს ავღანეთის ახალი დროებითი მთავრობის შემადგენლობის გამო და სინანულით აღნიშნავს, რომ თალიბების დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ იმ ადამიანებმა მოიკალათეს, ვინც ერთ დროს ეს ქვეყანა
ხოცვა-ჟლეტის ასპარეზად აქცია; მასუდ ფარივარი წერს:

”იმისათვის, რათა ბოლო მოეღოს ქაოსსა და ძალადობას ავღანეთში ძლიერი ცენტრალური მთავრობის შექმნაა აუცილებელი. თალიბებმა იმიტომ მოიპოვეს მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ წესრიგი დაამყარეს საზოგადოებაში, სადაც სრული განუკითხაობა სუფევდა. თალიბებმა მოსახლეობა განაიარაღეს, დაშალეს სხვადასხვა მეომარი ფრაქციები და ხელში აიღეს ქვეყნის მართვის სადავეები. როცა თალიბებმა საბოლოოდ განიმტკიცეს თავიანთი პოზიცია, ხოლო ავღანელები მიხვდნენ ვინ მართავდა ქვეყანას, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების მანდატი მეტად შეზღუდულია. მისმა სარდლობამ უნდა გააფრთხილოს შეიარაღებულ დაჯგუფებათა ლიდერები, რომ თუ ისინი უარს იტყვიან დროებით მთავრობასთან თანამშრომლობაზე, თალიბების ბედს გაიზიარებენ”.

არაბულმა ტელეარხმა ”ალ-ჯაზირამ” ახლახან უჩვენა ბინ ლადენის გამოსვლის ახალი ვიდეოფირი, რომელიც, როგორც ჩანს ნოემბრის დამლევს ან დეკემბრის დასაწყისშია გადაღებული. გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” ამასთან დაკავშირებით წერს:

”11 სექტემბრიდან სამი თვის შემდეგ ტერორისტი ვიდეოფირზე გამხდარი და დაღლილი გამოიყურება. მისი გამოსვლა, როგორც ყოველთვის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ამას ტერორისტული პროპაგანდა უწოდა. საინტერესო ისაა, როდის ჩაიწერეს ეს ვიდეოფირი და ცოცხალია თუ არა ამჟამად ბინ ლადენი. ყოველ შემთხვევაში ჩანაწერი ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ტერორისტი გადაურჩა დაბომბვის პირველ ტალღას და ისიც კი შესძლო კატარის ტელეარხისთვის გადაეგზავნა ვიდეოფირი საავიაციო ფოსტით პაკისტანიდან”.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც პარალელს ავლებენ ერაყის პრეზიდენტ, სადამ ჰუსეინსა და ოსამა ბინ ლადენს შორის;
სტატიაში ვკითხულობთ

”ერთადერთი მსგავსება ამ ორ ადამიანს შორის იმაშია, რომ ორივე არნახული სიძულვილითაა შეპყრობილი შეერთებული შტატების მიმართ და საკუთარი
პიროვნების განდიდებას ესწრაფვის. სხვა მხრივ, ბინ ლადენი - ფუნდამენტალისტია, ხოლო სადამი – ფუნდამენტალიზმის დამგმობი დიქტატორი, რომელიც მხოლოდ მისი პიროვნებისადმი სცნობს რწმენას და ამდენად, მეტოქეს ხედავს ღმერთში. თუმცაღა, ამ ბოლო დროს სადამმა რელიგიურ ფანატიზმშიც გაუსწრო ბინ ლადენს – მეჩეთში ბაღდადის მახლობლად, ხელით დაწერილი ყურანია გამოფენილი. ოფიციალური ვერსიის თანახმად, სადამ ჰუსეინმა განვლილი სამი წლის მანძილზე 25 ლიტრი სისხლი ჩააბარა, რომლითაც ეს ყურანია დაწერილი. ხოლო ბინ ლადენი, როგორც საუდის არაბეთის მაღალჩინოსანი მოხელეები ამბობენ,
საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს 1990 წელს სთავაზობდა თავის მიმდევართა ხელით, ამერიკელი ჯარისკაცების დახმარების გარეშე გაეთავისუფლებინა ერაყის მიერ ოკუპირებული ქუვეიტი”.

დასავლეთის პრესაში ასევე დიდი ყურადღება ეთმობარუსეთის როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკას. ”რუსეთი გამოცანად რჩებაო”-აღნიშნავს გაზეთი ”ველტი” და მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსეთი უკანსკნელ დროს დასავლეთისკენ შეტრიალდა; სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”11 სექტემბრის შემდეგ პრაგმატიკოსი პუტინი მიხვდა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას რუსეთი არ უნდა გაემიჯნოს. რუსეთი დასავლეთის პარტინორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოსკოვში არ ეთანხმება ამგვარ პოლიტიკას. და მაინც, დასავლეთმა არ უნდა მოადუნოს ყურადღება. მოსკოვს კვლავაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ჩეჩენ მეამბოხეებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან ტერორისტებად მოიხსენიებენ. მას შემდეგ, რაც ავღანეთში ანტი-ტერორისტული კამპანია დაიწყო ჩეჩნეთი აღარ აინტერესებს დასავლეთს. რუსეთი, ეჭვგარაშეა ყველა ღონეს იხმარს, რათა საკუთარ კონტროლქვეშ დაიტოვოს
ეგრედ წოდებული ”უკანა ეზოებიც” – შუა აზია, ხოლო ავღანეთში – დაკარგული გავლენა აღიდგინოს. საქმე იმაშია, დაკმაყოფილდება რუსეთი შუა აზიით თუ ერთ მშვენიერ დღეს თავის სხვა ”უკანა ეზოებსაც” გაიხსენებს აზიის ვეებერთელა კონტინენტზე, ან ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპაში”.

”პუტინისეული მართვადი დემოკრატია”-ასე მოიხსენიებს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას რუსეთში გაზეთი ”ლიბერასიონი”; გაზეთი წერს:

”რუსეთის შესვლა ანტი-ტერორისტულ კოალიციაში, რეფორმების გატარება – ყოველივე ეს გვაფიქრებინებდა, რომ უამრავი სიძნელეებისდა მიუხედავად ქვეყანამ დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. თუმცა, ამ წლის დამლევს მომხდარ ორ მოვლენას საწინააღმდეგო დასკვნისკენ მივყავართ. პირველია ვლადივოსტოკის სამხედრო ტრიბუნალის მიერ ჟურნალისტ გრიგორი პასკოს გასამართლება.

1999 წელს პასკოს მოუხსნეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება, ხოლო ამჯერად საქმე ხელახლა განიხილეს და მას პატიმრობა მიუსაჯეს ოთხი წლით, რაც სხვათა შორის სულაც არაა გასაკვირი ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის გაუქმებისა და ხელისუფალთა მიერ ბირთვული ნარჩენების იმპორტზე ოფიციალური ნებართვის გაცემის ფონზე. და მეორე – ვლადიმირ პუტინმა გააუქმა შეწყალების კომისია, რომელიც პრეზიდენტ ელცინის ინიციატივით შეიქმნა და მასში დამოუკიდებელი ინტელექტუალები შედიოდნენ. ბატონმა პუტინმა მიიჩნია, რომ ეს კომისია ზედმეტ ლმობიერებას
იჩენდა და შეცვალა რეგიონული კომისიებით, რომლებიც გუბერნატორებს დაექვემდებარებიან
და ამდენად, ხელისუფალთა ნება-სურვილზე იქნებიან მთლიანად დამოკიდებული”.

ეს იყო ციტატა გაზეთ ”ლიბერასიონიდან”, გაზეთი ”მონდი” კი კომენტარს უკეთებს ვლადიმირ პუტინის გამოსვლას 24 დეკემბერს პირდაპირ ეთერში, როცა რუსეთის პრეზიდენტი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობდა. ”დასავლეთმა ჩეჩნეთი მიივიწყაო”,-დაასკვნის ”მონდი” და განაგრძობს:

”შეკითხვაზე, თუ რით უნდა აიხსნას ფედერალური ჯარის წარუმატებლობა ჩეჩნეთში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ”არ შეგვიძლია მასობრივი წმენდების ჩატარება იქ, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობს და არ შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ავღანეთში, მძიმე ბომბდამშენები დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენო”. ინტენსიური დაბომბვების ეპოქა ჩეჩნეთში, რომლის დროსაც გროზნო ნანგრევებად იქცა, რაღა თქმა უნდა წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ კვლავაც მოქმედებს არტილერია, მთიან რაიონებს ყოველდღე ბომბავენ შვეულმფრენები, ხოლო ჩეჩნეთში განთავსებული 45 ათასკაციანი ჯარი, როგორც არასდროს აქამდე, მოურიდებლად ძარცვავს მოსახლეობას და არანაირ ძალადობას არ ერიდება. ამასწინანდელი წმენდების დროს არღუნში, ურუს-მარტანსა და ავთურში, ჯარისკაცები, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის "მემორიალის"”თავმჯდომარემ ოლეგ ორლოვმა განაცხადა, ფულს, ტელევიზორებს, ლეიბებსა და ბალიშებს ართმევდნენ ხალხს. ოფიციალური მონაცემებით, ამ წმენდების შედეგად 300 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ადამიანის უფლებათა დამცველები კი გაცილებით დიდ რიცხვს ასახელებენ. იმათ, ვისაც გაუმართლა, შესძლეს სამხედროებისგან თავიანთი ოჯახები დაეხსნათ. ცნობაში, რომელიც 22 დეკემბერს გამოაქვეყნა ”ემნისტი ინტერნეიშენალმა”, მოხსენიებულია კურჩალოის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამხედროებმა დააკავეს, აწამეს და ერთი თვის განმავლობაში აუპატიურებდნენ, ხოლო შემდეგ ოჯახს დაუბრუნეს იარაღის სანაცვლოდ. სხვები არასოდეს ბრუნდებიან. ახლახან, არღუნში, ”წმენდის” დროს ”რუსეთ-ჩეჩნეთის მეგობრობის საზოგადოების” აქტივისტი ლუიზა ბეტერგირეევა იქნა მოკლული, ხოლო სერჟენ-იურტში, ნიღბიანმა მამაკაცებმა ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი აჰმედ გაჯიევი დახვრიტეს”.
XS
SM
MD
LG