Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის საგანგებო დესპანი ახლო აღმოსავლეთში ბრუნდება


ანდრო ეული, პრაღა შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ახლო აღმოსავლეთში დააბრუნოს საგანგებო დესპანი ენტონი ზინი, რათა ბოლო მოეღოს ამ რეგიონში 15 თვის მანძილზე მიმდინარე ძალადობას.

პალესტინელები და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები მიესალმნენ ზინის დაბრუნებას. ამერიკელმა დიპლომატმა ახლო აღმოსავლეთი 16 დეკემბერს დატოვა მას შემდეგ, რაც მისი სამკვირიანი მისიის დროს პალესტინელმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ისრაელში, რასაც ამ უკანასკნელმა სამხედრო ძალის გამოყენებით უპასუხა.

როგორც ისრაელში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, ენტონი ზინი 3 იანვარს ეწვევა ახლო აღმოსავლეთს, რათა დარწმუნდეს, რომ პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი სათანადო ზომებს იღებს ტერორისტების წინააღმდეგ, და თუ მართლაც ასეა, მაშინ ზინი შესთავაზებს ისრაელს, შეწყვიტოს პალესტინელთა ტერიტორიების ბლოკადა. ამის შემდეგ, თადარიგის გენერალი ენტონი ზინი ორივე მხარეს მოუწოდებს, პრაქტიკულად განახორციელონ ამ რამდენიმე ხნის წინათ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერს მხარს.

”ვიმედოვნებთ, რომ ენტონი ზინი მიჩელისა და ტენეტის გეგმების განხორციელების განრიგსა და მექანიზმს შემოგვთავაზებსო”, უთხრა რეიტერის სააგენტოს პალესტინელთა თვითმმართველობის წარმომადგენელმა საებ ერექათმა, გულისხმობდა რა დაზავების პროგრამას, რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა შეიმუშავა, მაგრამ დღემდე არ განხორციელებულა, აგრეთვე, სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების გეგმას. ეს გეგმა მოამზადა საერთაშორისო კომისიამ ყოფილი ამერიკელი სენატორის ჯორჯ მიჩელის თავმჯდომარეობით.

მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები განახორციელეს, რამაც 40-ზე მეტი ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ისრაელმა საჰაერო დარტყმები მიაყენა პალესტინელთა თვითმმართველობის ობიექტებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში და, იმავდროულად, შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა არაფატთან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ისლამისტ ექსტრემისტთა მოღვაწეობის აღკვეთა.

მას შემდეგ, რაც 2000 წლის სექტემბერში შეწყდა სამშვიდობო მოლაპარაკება და ძალადობა დაიწყო, ახლო აღმოსავლეთში დაიღუპა, სულ ცოტა, 793 პალესტინელი და 234 ისრაელი მოქალაქე.

სამშაბათს დილით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში, ისრაელ სამხედრო მოსამსახურეებსა და პალესტინელებს შორის კვლავ სროლა ატყდა. ისრაელის ჯარის სპეცდანიშნულების რაზმები ტანკებით შევიდნენ ქალაქ კაბატიაში და ექსტრემისტული დაჯგუფება ”ჰამასის” 4 აქტივისტი დააპატიმრეს. ლაპარაკობს რადიო ”თავისუფლება”.
XS
SM
MD
LG