Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


ორსონ უელსმა, ყველა დროისა და ხალხის

საუკეთესო ფილმის “მოქალაქე კეინის” ავტორმა სახელი პირველად 1938 წლის 30 ოქტომბერს გაითქვა, როცა ჰერბერტ უელსის “სამყაროთა ბრძოლის” მიხედვით განხორცილებულ რადიოდადგმაში ახალი მსოფლიო ომის დაწყება აცნობა მსმენელს. ამბობენ, რომ დიდმა რეჟისორმა და დიდმა მსახიობმა იმდენად დამაჯერებლად წაიკითხა ტექსტი, რომ მილიონობით ამერიკელი პანიკამ მოიცვა – შეშინებული რადიომსმენელი ქუჩაში გამოდიოდა და მოსალოდნელ კატასტროფაზე ლაპარაკობდა. და თუ “ფხიზელმა” ამერიკელებმა, 1938 წლის შემოდგომაზე, ორსონ უელსის ხუმრობას ვერ გაუგეს, სად იყო გარანტია, რომ 2002 წლის შეხვედრით შეზარხოშებული ქართველი ტელემაყურებელი, რომელიც ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს ქეიფსა და სატელევიზიო არხების გადართვაში ატარებს, სერიოზულად არ აღიქვამდა ახალი ტელეკომპანიის, “იმედის” საახალწლო გადაცემის თუნდაც აი, ამ ფრაგმენტს. [ფრაგმენტი სატელევიზიო პროგრამიდან “იმედი”] “სულ ცოტა ხნის წინ ჩვენში, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი, რომელიც ახალი წლის ღამეს მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ასეთი მიზეზი უკვე არსებობს, მას გივი ჰქვია... საღამო მშვიდობისა, ეთერშია “ჰამბების” სპეციალური გამოშვება”

ტელეკომპანია “იმედის’ საახალწლო პროექტში, რომელიც უკვე ორჯერ გავიდა სახელმწიფო ტელევიზიის არხებზე და რომლის მომზადებას იმავე სახელმწიფო ტელევიზიის არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა, გივი “მითიური პერსონაჟია”. მის არჩევას 2002 წლის საქართველოს მეკვლედ ლამის მთელი მოსახლეობა მოითხოვს. ხალხი პარლამენტს მიადგება. “ჰამბების” პირდაპირ ეთერში გივის შესახებ პოლიტიკოსებიც საუბრობენ შემდეგი თანმიმდევრობით: ვაჟა ლორთქიფანიძე, გიგი წერეთელი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან გაჩეჩილაძე... ოღონდ, გივისგან განსხვავებით, ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანიად ცნობილ “იმედის” საახალწლო გადაცემაში ისინი არა მითიური, არამედ რეალური პერსონაჟები არიან. დროდადრო პოლიტიკოსებს აქ საესტრადო ვარსკვლავები ჩაენაცვლებიან ხოლმე, რაც, ალბათ წლევანდელი საშობაო-საახალწლო სატელევიზიო ეთერის ყველაზე “გავრცელებულ მიგნებად” შეიძლება ჩაითვალოს. ახალი წლის პირველ დღეებში სწორედ ქართული შოუ-ბიზნესისა და პოლიტიკის სიმბიოზი განსაზღვრავდა ჩვენი ტელეარხების “სადღესასწაულო სტილს”. პოლიტიკოსები “საესტრადო ვარსკვლავებად” იქცნენ, ესტრადის ვარსკვლავები კი – პოლიტიკოსების პარტნიორებად( მაგალითად, არჩილ მეფარიძემ, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პერსონაჟის, “წყნეთელ ფეოდალად” ცნობილი შოთა მეფარიძის ვაჟმა საახალწლოდ “ტყე შეუნახე შვილებსა” გვიმღერა). ახალ სახეებზე, ან ჩვეულებრივ ადამიანებზე ქართული ტელეარხების უმრავლესობამ კატეგორიულად თქვა უარი. ახალი სახეები, მაგალითად, “იმედის” საახალწლო პროექტში მხოლოდ იმ ბრბოს შეადგენდნენ, რომელიც გივის “მეკვლედ” დანიშვნის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. თუმცა ამავე გადაცემაში უხვად ვიხილეთ “ძველზე ძველი” სახეები; “იმედის” ხუთსაათიანი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ გმირად, მაგალითად, ცნობილი სტალინელი, გრიგოლ ონიანი მოგვევლინა. სწორედ მისი პერსონაჟი გამოუყოფს სოფიკო ჭიაურელის ფეხმძიმე პერსონაჟს სპეციალურ თვითმფრინავს, რომელიც ვინმე ნაიბზე გათხოვილ ქართველ ქალს ქაშმაშიდან საახალწლოდ საქართველოში ჩამოიყვანს. გრიგოლ ონიანი აქ არა მარტო გავლენიანი პერსონაა, არამედ სოსელოს ლექსსაც კითხულობს და ქალების გუნდს ამღერებს კიდეც [ფრაგმენტი სატელევიზიო პროგრამიდან “იმედი” – “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”]

საახალწლოდ ყველა ოცნება შეიძლება ასრულდეს... “იმედის” საახალწლო პროგრამით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება იმის იმედიც გვქონდეს, რომ ძველი დრო აუცილებლად დაბრუნდება – რომ საქართველოში ისევ იმღერებენ სოსელოს ლექსებზე შექმნილ სიმღერებს, რუსულ და ქართულ-საბჭოთა ჰიტებს, რომ მეკვლედ მოგვევლინება ვინმე გივი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ძველ დროში დააბრუნებს. ახალი წლის პირველ დღეებში საქართველოს ტელევიზიის პრაქტიკულად ყველა არხი სწორედ წარსულში “მიერეკებოდა” მაყურებელს. თვით თინეიჯერებისთვის განკუთვნილმა “მაესტრომაც” კი, რომელიც ქართული “მტვ”-ის “დაწყებით სტადიად” შეიძლება მივიჩნიოთ “პირველ სტერეოზე” მოამზადა გადაცემა “საუკუნის ნოსტალგია”. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნე უკვე ერთი წლის გახდა, თითქოს საქართველოში ისევ მისტირიან მეოცე საუკუნეს.

საახალწლო დღეებში წარსული ედუარდ შევარდნაძემაც გაიხსენა. თავის “ნაძვის ხეზე”, რომელიც, ტრადიციულად კანცელარიაში მოეწყო, საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებთან ერთად იხილა საახალწლო წარმოდგენა, რომელიც ამჯერად ბავშვთა უფლებებს მიეძღვნა, მერე კი მასწავლებლები გაიხსენა. [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ყველა მასწავლებელი დაწყებული პირველი კლასიდან, თვალწინ მიდგას დღესაც და ყველა შეგონება, მათი შეგონება მეხმარება იმისათვის, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებში გამოსავალი ვიპოვო, თუ ამას ვერ ვახერხებ, ალბათ იმიტომ, რომ მათ არ დავუჯერე ისე, როგორც საჭირო იყო თავის დროზე”

“დაუჯერეთ უფროსებს, ბავშვებო, დაუჯერეთ უფროს თაობას!” – თითქოს სწორედ ამას მოგვიწოდებდა სახელმწიფო ტელევიზიის საახალწლო გადაცემაც, რომელშიც ისევ გაახსენდათ ბოლო დროს ტელევიზიიდან “განდევნილი” უფროსი თაობის ვარსკვლავები. ამ პროგრამის სცენარის თანახმად, ტელევიზიის ახლანდელმა ვარსკვლავებმა დახმარებისთვის უფროს თაობას მიმართეს. [ხმა: ნაწყვეტი პირველი არხის საახალწლო გადაცემიდან]

სცენარი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სასცენარო გეგმა. საახალწლოდ ამის აღიარება მხოლოდ პირველმა არხმა მოახერხა. თუმცა აღიარება სულაც არ იყო საკმარისი. დრამატურგიის დეფიციტმა აბსოლუტურად ყველა საახალწლო ტელეპროგრამა ერთმანეთს დაამსგავსა. ამ გადაცემების ავტორებს თითქოს კარგად ესმოდათ, რომ საახალწლოდ, არც ერთი მაყურებელი ტელევიზორს, და მით უფრო რომელიმე ერთ ტელეარხს არ მიეჯაჭვებოდა, ამიტომ წელს გადაცემებისთვის სიუჟეტების მოგონება დაიწყეს, იმედი ჰქონდათ, რომ გივის მეკვლედ არჩევის, თუ ნინო დარასელის წამყვანად ქცევის პრობლემა ტელემაყურებელს გოზინაყს და საცივს დაავიწყებდა და, რაც მთავარია, სხვა არხებზე ტელევიზორის გადართვა აზრადაც აღარ მოუვიდოდა. ამ თვალსაზრისით საქართველოს ტელეარხები წელს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ რუსულ სატელევიზიო სივრცეს. ჯერ საახალწლო სათამაშოებით შეამკეს თავიანთი ლოგო( ანუ გააკეთეს ის, რასაც პრაქტიკულად არც ერთი დასავლური ტელეარხი არ კადრულობს, რუსეთის არხების გარდა), მერე კი, შობა-ახალ წელს შემოგვთავაზეს ქართული ვერსია პოპულარული რუსული საახალწლო პროექტისა “სტარიე პესნი ო გლავნომ”( “ძველი სიმღერები მთავარზე”). რაც, ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო კიდეც – საბჭოთა კულტურის მიმართ ნოსტალგია ხომ სწორედ რუსებმა გამოხატეს პირველად. თუმცა საახალწლოდ, ერთადერთი ტელეარხი, რომელმაც რუსული კულტურის მიმართ ნოსტალგია დაუფარავად გამოავლინა, აჭარის ტელევიზია აღმოჩნდა. ამ არხის სადღესასწაული გადაცემებში ქართულ
ცეკვა-სიმღერებს რუსული ენა ამშვენებდა. ახალი წლის დადგომასთან ერთად, “მეკვლე გივის” როლებში აქ რუსული ესტრადის ვარსკვლავები და პოლიტიკოსები მოგვევლინენ. მაგალითად, იური ლუჟკოვი, რომელმაც ბრძანა. [იური ლუჟკოვის ხმა] “მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვმეგობრობთ საქართველოს დიდ ადამიანთან, ასლან აბაშიძესთან. იგი ბრძენია, იგია ადამიანი, რომელსაც არა მარტო სახელმწიფოებრივი ცნობიერება აქვს( სურს მხარში ამოუდგეს საქართველოს მძიმე დღეებში), იგია ადამიანი, რომელსაც გაცილებით უფრო ფართო თვალთახედვა აქვს – მას უნდა, ეს დიდი სივრცე, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს, ეხმარებოდა რუსეთს, ისევ შეინარჩუნოს”.

2002 წლის ქართული საახალწლო-საშობაო გადაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ამ დიდი სივრცის შესანარჩუნებლად ასლან აბაშიძის შეწუხება საჭირო არც არის. “სივრცე” ისედაც შენარჩუნებულია – ვაგონი სწორედ “იქით” მიჰქრის – წარსულისკენ. ამის გააზრების, თუ ფიქრის დრო კი ქართულ შოუ-ბიზნესში თითქმის აღარავისა აქვს. საახალწლოდ ეს მხოლოდ “უცნობმა” აღიარა თავის კლიპში “დრო არ მაქვს ფიქრის, ვაგონი მიჰქრის”, რომელსაც თითქმის ყოველდღე ატრიალებენ სახელმწიფო ტელევიზიით. [“უცნობის” მუსიკალური კლიპი “დრო არ მაქვს ფიქრის, ვაგონი მიჰქრის”]
XS
SM
MD
LG