Accessibility links

logo-print

ევროკავშირის პერიფერიებზე კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა


ანდრო ეული, პრაღა 11 სექტემბრის ტრაგედიამ გარკვეული წინაპირობა შეუქმნა სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

ხოლო ამგვარი პარტნიორობის მეშვეობით შესაძლოა გაადვილდეს ევროკავშირის პერიფერიებზე ცალკეული კონფლიქტების მოგვარება. ასეთ აზრს გამოთქვამს ბრიუსელში დაფუძნებული ევროპის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის თანამშრომელი მაიკლ ემერსონი.

სტატიაში, რომელიც ბრიუსელის ყოველკვირეულმა გაზეთმა ”იუროპიენ ვოისმა” გამოაქვეყნა, მაიკლ ემერსონი წერს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ”ვეებერთელა” ბიძგი მიიღო გასულ წელს, განსაკუთრებით 11 სექტემბრის შემდეგ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, ანტიტერორისტულ კამპანიაში ვაშინგტონის პარტნიორი გამხდარიყო. აგვარ თანამშრომლობას, როგორც ემერსონს მიაჩნია, სასურველი შედეგი მოჰყვება, მაგალითად, ბალტიისპირეთში, სადაც ევროკავშირის ძალისხმევით საფუძველი ეყრება თანამშრომლობას ჩრდილოეთის ქვეყნებს, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის.

[მაიკლ ემერსონის ხმა]: ”ბალტიის ზღვის რეგიონი მშვიდობიანი თანამშრომლობის ასპარეზად იქცევა. და, ვფიქრობ, როცა ევროკავშირში გაწევრიანდებიან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს მეტი, გაცილებით მეტი სურვილი გაუჩნდებათ რუსეთთან თანამშრომლობისა, ვიდრე დღეს აქვთ”.

რაც შეეხება ბალკანეთის რეგიონს, ემერსონს მიაჩნია, რომ იქ თანდათანობით, მაგრამ წარმატებით მიმდინარეობს ”ევროპიზაციის” პროცესი. გასულ წელს, მაკედონიაში, თავიდან იქნა აცილებული სამოქალაქო ომი, ხოლო კოსოვოში, წარმატებით ჩატარდა საყოველთაო არჩევნები.

როგორც იქნა, ”ყინული დაიძრა” ორად გაყოფილი კვიპროსის კონფლიქტშიც. უკანასკნელი კონტაქტები კვიპროსის პრეზიდენტს გლაფკოს კლერიდისსა და კვიპროსელი თურქების ლიდერს რაუფ დენქთაშს შორის, ისევე, როგორც ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების პერსპექტივა, ბიძგს მისცემს ხსენებული კონფლიქტის მოგვარებას.

თავის სტატიაში მაიკლ ემერსონი კავკასიის რეგიონსაც ეხება. მისი თქმით, გასულ წელს კიდევ უფრო გამწვავდა კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, ხოლო აფხაზეთში საომარი მოქმედებები განახლდა. ემერსონი იმედოვნებს, რომ ახლა, როცა რუსეთს დასავლეთთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდა, მოსკოვმა, შესაძლოა, შეცვალოს თავისი პოზიცია და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყოს ხელი.

მაიკლ ემერსონი აღნიშნავს ამასთანავე, რომ კონფლიქტები ევროკავშირის პერიფერიებზე ძნელად მოსაგვარებელია და გამოდის წინადადებით, რომ სამშვიდობო მისიებში უფრო აქტიურად ჩაებნენ ცალკეული პირები, მაგალითად, დამოუკიდებელი მიმომხილველები და არა მთავრობები, რაც, შესაძლოა, ოფიციალურ დიპლომატიაზე უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG