Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლემიკა დაუსაბუთებელი ქონების კანონპროექტის გარშემო


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა დაუსაბუთებელი ქონების კანონპორექტის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა გახლავთ.

ხუთშაბათს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო განხილვას მალევე მოჰყვა პრეზიდენტის პრეს-მდივნისა და ოფიციოზის რეაქცია. კანონპროექტის წამოწევას თავისებურად გამოეხმაურა კონტროლის პალატა, რომელიც სააკაშვილის მინისტრობისას იუსტიციის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა. დაბოლოს, ორშაბათს, ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემაც გამოთქვა რამდენიმე შენიშვნა ამ თემის ირგვლივ. სახელდობრ, მან თქვა, რომ მთავრობა მუშაობს ალტერნატიულ კანონპროექტზე. არსებულ კანონპროექტზე მსჯელობის კონტექსტში კი შევარდნაძეს განკულაკება გაახსენდა. ყოველივე ამის საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მოძრაობის თანათავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე ლევან ბერძენიშვილი ჯერ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” პუბლიკაციებს გამოეხმაურა. ერთ, ასე ვთქვათ, “პამფლეტს” ჰქვია “ბაიყუშის სერენადა ეკზალტირებული ობივატელების გუნდისათვის”. თავისთავად ცხადია, გაზეთი ეკზალტირებულ ობივატელად მიიჩნევს ყველას, ვინც თანაუგრძნობს და იზიარებს კანონპროექტის იდეასა თუ დებულებებს. ლევან ბერძენიშვილის აზრით, ეს საზოგადოების დიდი ნაწილია.

მეორე პუბლიკაცია, რომელსაც მარტო სათაური აქვს თხუთმეტსიტყვიანი, მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციულ გამოსვლას, აგრეთვე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ პათოსს აღწერს ქართული ანდაზით (ციტატა): “გლახა მოზვერი დედამისს შეაჯდაო”. ბერძენიშვილი ნაწერს ასეთ კომენტარს უკეთებს [ლევან ბერძენიშვილის ხმა]: “გასაგებია, რა როლი ეკუთვნის სააკაშვილს, მაგრამ ჟურნალისტმა ვერ განსაზღვრა, რა როლი მიაკუთვნა თავად საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კანონით ნამდვილად დაცულია ამგვარი შეურაცხყოფისაგან. პრეზიდენტი, ყველა შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ კანონპროექტის მიმართ, ოპონენტის კრიტიკისათვის ნამდვილად არ იმსახურებს ძროხად გამოცხადებას. დანამდვილებით ვიცი, ასეთი რამ ჟურნალისტს განზრახული არ ჰქონია ”.

ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის გარშემო დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღიად განაცხადოს, რომ კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში საშიშია და მის დაწყებას სერიოზული უკურეაქცია მოჰყვება. კანონპროექტი არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ავლენს საზოგადოებისა და ხელისუფლების განსხვავებულ დამოკიდებულებას კორუფციისადმი. შევარდნაძეს აქცენტი გადააქვს ქონების ჩამორთმევის შეუძლებლობაზე.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “თითქოს ეს იყოს ამ კანონპროექტის ძირითადი შინაარსი. მე ყველას შევახსენებ, რომ ამ კანონპროექტის ძირითადი შინაარსი გახლავთ კორუმპირებული ადამიანების გაშვება ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი; და მერე იმას სახლი ჩამოერთმევა, აგარაკი, თუ ვერ ჩამოერთმევა, არის სრულიად მეორეხარისხოვანი საკითხი”.

მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის რეაქცია არ იყო ადეკვატურიო, განაცხადა ბერძენიშვილმა. მისი აზრით, პრეზიდენტი უშვებს ტაქტიკურ შეცდომას და კარგავს შეხების წერტილებს საზოგადოებასთან, როცა ასეთ კანონპროექტს ღიად უპირისპირდება. რაც შეეხება პერსპექტივას, გავა თუ არა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და “ნაციონალური მოძრაობის” თანათავმჯდომარე პესიმისტურად არის განწყობილი. კანონპროექტი იმისთვისაც არის მოწოდებული, რომ საზოგადოებამ ზეწოლა მოახდინოს პარლამენტზე.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ პროექტი იურიდიულად გაუმართავია, მაგრამ ჯერ არავის მოუსმენია სწორედ იურიდიული ხასიათის კონტრარგუმენტები მის წინააღმდეგ. პირიქით, ქართველი იურისტები, მათ შორის უფროსი თაობისაც, კანონპროექტის ნაკლად მის ლმობიერებას მიიჩნევენ და თვლიან, რომ პროექტის გამკაცრება აუცილებელია.
XS
SM
MD
LG