Accessibility links

logo-print

გრძელდება ვალერი ასათიანისა და “რუსთავი 2”-ის სასამართლო დავა


სოზარ სუბელიანი, თბილისი 16 იანვარს საოლქო სასამართლოში კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო ვალერი ასათიანისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი.

ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესს არაერთი ფაქტორი განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ ვალერი ასათიანი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს, გადაცემა “60 წუთის” ავტორს აკაკი გოგიჩაიშვილსა და მსჯავრდებულ ირაკლი კერესელიძეს ბრალს სდებს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში და მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის მოპასუხეებისგან 10 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს.

მოპასუხე მხარემ კულტურის ყოფილ მინისტრს ორი შეგებებული სარჩელით უპასუხა. ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ვალერი ასათიანს ანალოგიურ ბრალდებას უყენებს და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად იმავე თანხას – ათ მილიონ ლარს ითხოვს. რაც შეეხება ირაკლი კერესელიძეს, მისი სარჩელი კულტურის ყოფილი მინისტრის მიერ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების გამო სიმბოლური თანხის – ერთი ლარის გადახდას და დაზარალებულთა ოჯახებისთვის ასათიანის უძრავი ქონების გადაცემას ითვალისწინებს.

აკაკი გოგიჩაიშვილის ჟურნალისტური გამოძიების პროექტმა “60 წუთი” თავიდანვე მაღალი რეიტინგი მოიპოვა, თუმცა, დროდადრო იყო გადაცემები, რომლებიც მოპოვებულ რეპუტაციას მძიმე დარტყმას აყენებდა. ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც საზოგადოებამ ერთგვაროვნად ვერ მიიღო, ვალერი ასათიანთან იყო დაკავშირებული. გადაცემაში ორი ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ირაკლი კერესელიძე აცხადებდა, თითქოს მკვლელი ვალერი ასათიანი იყო და თითქოს მან მკვლელობა რიტუალური მიზნით ჩაიდინა. თავად ეს ფაქტი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურის ყოფილი მინისტრის მიმართ თანაგრძობით განიმსჭვალა.

ვალერი ასათიანმა შელახული პატივისა და ღირსების აღსადგენად სასამართლოს მიმართა, თუმცა, მხოლოდ სამართლებრივი რეაგირებით არ დაკმაყოფილდა და საინფორმაციო საშუალებებით აკაკი გოგიჩაიშვილი ისეთი ეპითეტებით შეამკო, როგორიცაა “ხალხის მტერი” და “უცხოეთის აგენტი”. ყოფილი მინისტრი უფრო შორსაც წავიდა და ხსენებული გადაცემა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი უფროსის, ალენ დალესის მითიური დოქტრინის ნაწილად გამოაცხადა: “დალესის დოქტრინა არის იდეოლოგია ხალხის დასამონებლად და ახალი ღირებულებების დასამკვიდრებლად… ეს გადაცემაც ალენ დალესის დოქტრინის რეალიზაციის შესანიშნავი ნიმუშია... ეს ის ძალაა, რომელიც ებრძვის ქართულ ცნობიერებას… ისინი დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ საქართველოს ფარგლებს გარედან და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ”.

მსგავსი გამოსვლებით ასათიანმა გოგიჩაიშვილს საპასუხო სარჩელის შეტანის საშუალება მისცა, მოგვიანებით კი, პრესაში გამოქვეყნებული “ცილისმწამებლური” განცხადებების გამო, ასათიანის წინააღმდეგ სარჩელი ირაკლი კერესელიძემაც შეიტანა: [ირაკლი კერესელიძის ხმა] “მე ამ სარჩელით მოვითხოვ, რომ ვალერი ასათიანის მოძრავი და უძრავი ქონება მთლიანად გადაეცეს დაზარალებულ მხარეს, იმ ადამიანებს, ვისი ოჯახის წევრებიც ადამიანმა შეიწირა”.

ვალერი ასათიანის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ სასამართლოს შეგებებული სარჩელი არ უნდა მიეღო, თუმცა, მოპასუხეთა ადვოკატის კახა ასლანიშვილის აზრით, ამ თემაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია: [კახა ასლანიშვილის ხმა] “საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ მხოლოდ მოსამზადებელ სტადიაზე გვქონდა სარჩელის შეტანის უფლება. სასამართლომ, რომელიც უკვე აცილებულია, მთავარ სხდომაზე მიიღო ჩვენი შეგებებული სარჩელი: აკაკი გოგიჩაიშვილის სარჩელი უკვე მიღებულია და ირაკლი კერესელიძის სარჩელსაც დღე-დღეზე მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ის ფაქტი, რომ ბალანსი იქნება არა ერთი ერთზე, რაც აკაკი გოგიჩაიშვილის სარჩელის შეტანის შემდეგ მოხდა, არამედ ორი ერთზე ჩვენს სასარგებლოდ, ეს ჩვენს პროცესუალურ მოხერხებულობაზე მეტყველებს”.

ამდენად, როცა სასამართლო პროცესი გაგრძელდება, ვალერი ასათიანის სარჩელს, როგორც ჩანს, მოპასუხეთა ორი სარჩელი დაუპირისპირდება.
XS
SM
MD
LG