Accessibility links

logo-print

ტერორიზმის წინააღმდეგ ომი სამხრეთ ფილიპინებშიც იწყება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატები და ფილიპინები ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოქმედი მუსლიმანი ექსტრემისტული ჯგუფის, “აბუ საიაფის” წინააღმდეგ.

საქმეში ჩახედული ხალხის აზრით, ამ ჯგუფს “ალ ყაიდასთან” აქვს კავშირი. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები კუნძულ მინდანაოზე, 1200 ფილიპინელი ჯარისკაცის გასაწვრთნელად, მიმდინარე თვეშივე გაგზავნის 600-ზე მეტ ჯარისკაცს. მინდანაო მდებარეობს ბასილანის კუნძულის სიახლოვეს, სადაც “აბუ საიაფის” ბაზაა განლაგებული.

თავდაპირველად ამერიკელი ჯარისკაცები მხოლოდ დამხმარე როლს ითამაშებენ. ისინი ფილიპინელებს მეამბოხეეების მიერ დაკავებულ რეგიონებში გაჰყვებიან. მაგრამ მათ ექნებათ იარაღი და თავდაცვის მიზნით მისი გამოყენების უფლება. ხოლო თუ მანილა მოითხოვს, ამერიკელი ჯარისკაცები თადასხმებშიც მიიღებენ მონაწილეობას. მართალია, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება ფილიპინების კონსტიტუციაში შესწორების შეტანა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა თქვა, რომ სამხედრო დახმარების შენაერთებში შევლენ ლოგისტიკის სპეციალისტები და სამედიცინო მუშაკები. ოპერაცია ოფიციალურად მომავალ თვეში დაიწყება.

“აბუ საიაფს,” რომელიც ისლამური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის, ორი ათასამდე წევრი ჰყავს. ზოგიერთმა მათგანმა ავღანეთში გაიარა წვრთნა. ჯგუფი ახორციელებს აფეთქებებს, მკვლელობებსა და გატაცებებს, გამოსასყიდის მისაღებად, მიღებული ფულით იარაღსა და ჩქაროსნულ კატარღებს იძენს.

ამჟამად მძევალთა შორის ორი ამერიკელია – მისიონერების წყვილი მარტინ და გრაცია ბარნჰამები.

შეერთებული შტატებისა და ფილიპინების სამხედრო ძალები ყოველწლიურად ატარებენ ერთობლივ მანევრებს, მაგრამ წლევანდელი ოპერაცია, რომელმაც “ბალიკატანის” სახელწოდება მიიღო, განსხვავებულია როგორც მასშტაბების, ისე მასში მონაწილე ჯარისკაცებისა და ადგილის მიხედვით.

ოპერაცია, რომელსაც ადგილობრივი ექსპერტები “ვარჯიშად” მოიხსენიებენ, საზოგადოებაში გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ივნისამდე და, შესაძლოა, წლის ბოლომდეც გაგრძელდეს. ფილიპინების პრეზიდენტი გლორია მაკაპაგალ აროიო პოლიტიკურ ბაგირზე დადის: ერთი მხრით, მიესალმება შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას თავის მოსისხლე მტრებთან გასწორებაში, მეორე მხრით, ცდილობს, არ გამოიწვიოს დაძაბულობა, მსგავსი იმისა, რომელმაც აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზები ფილიპინებში.

“მათ სუვერენიტეტში ჩვენ არ ვერევით… მხოლოდ ვცდილობთ, დავეხმაროთ საშინელ ტერორიზმთან ბრძოლაშიო,” თქვა წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პორტერ გოსმა. ფაქტობრივად, ეს არის ანტიტერორისტული კამპანიის ავღანეთის ფარგლებს გარეთ გატანის პირველი სერიოზული ცდა.

ოთხშაბათს, მანილაში, ზოგიერთმა კანონმდებელმა ეჭვი გამოთქვა ოპერაციის კანონიერების თაობაზე. ფილიპინელმა სენატორმა როდოლფო ბიასონმა, შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილმა უფროსმა და ამჟამად სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აღიარა, რომ მის ქვეყანას სჭირდება სამხედრო დახმარება. თუმცა, მისივე თქმით, საკანონმდებლო ბაზის გადახედვა აუცილებელიაო.

პრეზიდენტმა აროიომ კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დისლოკაცია ქვეყანაში 1987 წლის კონსტიტუციის ფარგლებში ექცევა.
XS
SM
MD
LG