Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდით


გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდით,

რომ საქართველოში ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას ისევ იდეოლოგია განსაზღვრავს. “იდეოლოგები” ამჟამად ლაშა ბუღაძეს დაესხნენ თავს მისი მოთხრობის “გიორგი რუსის” გამო. მართალია ირაკლი კაკაბაძე და თავად მოთხრობის ავტორი ოპონენტებთან კამათის დროს სიტყვისა და შემოქმედების თავისუფლებლებით იმართლებდნენ თავს, “იდეოლოგიას” ვერც ისინი გადაურჩნენ – პარლამენტარებთან, გურამ შარაძესა და ზურაბ ქაფიანიძესთან დაპირისპირებულმა კაკაბაძემ იმის მტკიცება დაიწყო, რომ მოთხრობა არა იმდენად თამარს, რამდენადაც გიორგი რუსს ეძღვნება, უფრო სწორად რუსეთს, რომელიც “საქართველოს გაუპატიურებას ცდილობს”, ანუ რომელიმე ქართველ მწერალს “პიკანტურ პოზაში” თამარ მეფე რომ გამოეხატა, მაშინ შესაძლოა, გურამ შარაძისა და ზურაბ ქაფიანიძის როლში ლაშა ბუღაძე და ირაკლი კაკაბაძეც გვეხილა.

რას იზამ – ასეთია მწერლის ხვედრი ქვეყანაში, სადაც სიტყვა მართალია კარგა ხნის წინ გადაფასდა, თავის შინაარსს გაემიჯნა, მაგრამ მაინც წამყვანი რჩება. იგივე პარლამენტარისთვის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონი, და მით უფრო ვიდრე ციფრები... “სიტყვებზე” გაუფასურებული სიტყვებითვე მსჯელობს ყველა ვისაც არ ეზარება. ანგარიში კი ისევ უჭირთ, ისევ ვერ ამტკიცებენ ბიუჯეტს, ისევ ვერ ითვლიან.

ქვეყანაში, სადაც იდეოლოგიას გაუფასურებული სიტყვა ქმნის, იჩრდილება ყველაფერი, რაც სიტყვით არ გამოითქმის – ციფრები, ფერები, ბგერები. ლიტერატურის შესახებ მსჯელობა ყველას შეუძლია. იმ საბჭოთა “მეღორე ქალისა” არ იყოს, ვისაც პასტერნაკის “დოქტორი ჟივაგო” წაკითხული არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დაგმო პასტერნაკის რომანი გაზეთ “პრავდაში”, “გიორგი რუსის” შესახებ დღეს პარლამენტი მსჯელობს და ახალგაზრდა მწერალს საპატრიარქოში “აბეზღებს”.

სიტყვა – “ადვილი აღსაქმელია”, აი, ფერი კი – ძნელი. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ჩვენი “კულტურული იდეოლოგები” თითქმის არასდროს გამოხატავენ აღფრთოვანებას, ან აღშფოთებას ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციებს გამო, არ აქცევენ ყურადღებას მხატვრებს, რომლებიც რელიგიური სიუჟეტების ინტერპრეტაციას თავისუფლად მიმართავენ. (სხვათა შორის, თამარ მეფე, თავის დროზე, ფიროსმანმაც გროტესკულად, იუმორით გამოხატა, მაგრამ ჩვენი იდეოლოგები ჯერჯერობით ვერ ბედავენ ფიროსმანის მხილებას). პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ – იმიტომ, რომ სახვითი ხელოვნების ნიუანსებში ნაკლებად ერკვევიან. ასე რომ არ იყოს, აუცილებლად გამოეხმაურებოდნენ ამას წინათ “ცისფერ გალერეიაში” მოწყობილ საშობაო გამოფენა-ფესტივალს, სადაც შარჟი, გროტესკი, ირონია წამყვანი გახდა, გამოეხმაურებოდნენ ქართულ საესტრადო მუსიკაში მიმდინარე ტენდენციებს – რელიგიური ატრიბუტების აქტიურ ჩართვას პოპ-კულტურაში და კიტჩად ქცევას.

თუმცა საშობაო დღესასწაულების დასრულების შემდეგ თბილისში ჩატარდა ერთი კულტურული ღონისძიება, რომელმაც გაგვახსენა, რომ ერთ დროს ამ ეგრეთ წოდებულმა “ეროვნულმა იდეოლოგებმა” თავიანთი “კომპეტენცია” სერიოზული მუსიკის მიმართაც გამოხატეს, უფრო სწორად, მუსიკალური დრამის, ოპერის მიმართ, როცა რობერტ სტურუასა და ბიძინა კვერნაძეს დაუპირისპირდნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრში “შუშანიკის წამების” დადგმის გამო. 80-იანი წლების დასაწყისში ამ სპექტაკლს, რომელსაც “იყო მერვესა წელსა” ერქვა, ყველა მხრიდან დაესხნენ თავს. გულწრფელმა ათეისტებმაც კი ვერ აიტანეს წარმოდგენის სცენოგრაფია – ეკლესიის კარიბჭე, რომლის გალავანში სპორტული აუზი იყო ჩაშენებული, ვერ აიტანეს რელიგიურ სიმბოლიკასთან მიუზიკ-ჰოლის, ცირკის ატრიბუტების შეჯერება და თავისას მიაღწიეს – ოპერის თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით, შესაძლებელია, მართლაც საკამათო, მაგრამ მუსიკის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწარმოები თანამედროვე ქართულ კულტურაში - დაიკარგა ქორალური ჟღერადობის გასაოცარი პარტიტურა... დაიკარგა მომავალი თაობისთვის, რომელმაც დღემდე ბიძინა კვერნაძის ამ ოპერის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა.

თბილისელმა მუსიკისმცოდნეებმა განსვავებულად შეაფასეს ბიძინა კვერნაძის საღამო, რომელიც ამ დღეებში ევგენი მიქელაძის სახელობს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივით მოეწყო. ზოგიერთს არ მოეწონა ოპერაში გამართულ კონცერტზე მსუბუქი მუსიკის სიჭარბე, ზოგიერთმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ორკესტრი მეტისმეტად სენტიმენტალური, ცოტა არ იყოს “დაშაქრული” იყო, რაც აბსოლუტურად არ უხდება ბიძინა კვერნაძის მუსიკის სტილს. მაგრამ თავად გოგი ჭიჭინაძის ინიციატივით ყველა კმაყოფილი დარჩა. პუბლიკამ კიდევ ერთხელ მოისმინა “იყო მერვესა წელსა” მარიცა მაღლაფერიძის, ანუ იმ მომღერლის შესრულებით, რომელმაც “შუშანიკი” 1982 წელს, ბიძინა კვერნაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერაზე იმღერა... და რაც მთავარია, იმ საღამოს, ოპერის თეატრის ხალხით გადაჭედილმა დარბაზმა გააერთიანა ყველანაირი, მაგრამ “ყველანაირი კარგი მუსიკის” მოყვარულები – ბიძინა კვერნაძის კონცერტზე სერიოზული და მსუბუქი მუსიკა თითქოს ერთ “ტონალობაში” ჟღერდა – ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, ლიზა ბაგრატიონი, რომან რცხილაძე, ოპერის თეატრის გუნდი სიამოვნებით მღეროდნენ. დისონანსი არ იგრძნობოდა მაშინაც კი, როცა პოპულარულ მელოდიებს აქ ბიძინა კვერნაძის ვალსი სიმფონიური ორკესტრისთვის, ან თუნდაც ორკესტრისთვის დაწერილი ელეგია ცვლიდა. [ხმა: ფრაგმენტი კონცერტიდან]

რა თქმა უნდა, საწყენია, რომ კონცერტზე სცენა უფრო ესტრადის ვარსკვლავებმა დაიპყრეს და სერიოზული მუსიკა მაინც ნაკლებად ჟღერდა. საეჭვოა, ყველა მსმენელს, რომელიც კონცერტის დასრულების შემდეგ ბიძინა კვერნაძის მელოდიებს “ღიღინებდა” სცოდნოდა, რომ თავის დროზე ამ ადამიანმა სავიოლინო კონცერტით, 1962 წელს დაწერილი სიმფონიით, საფორტეპიანო მინიატურებით, ქორეოგრაფიული პოემით “ბერიკაობა” პირადული საწყისი გაამძაფრა ქართულ მუსიკაში, რომელიც მანამდე ძირითადად ეპიკურ და ჟანრულ მოტივებს ეყრდნობოდა და, როგორც წესი, ხალხური მელოდიკის ხარჯზე ვითარდებოდა. ლირიკული, ინტიმური, პირადი კვერნაძემ აქტიურად დაამკვიდრა, რაც საკმაოდ სარისკო იყო საზოგადოებაში, რომელიც, როგორც ვხედავთ, დღესაც ეჭვით უყურებს თავისუფალ ინტერპრეტაციას და შემომქმედის ფანტაზიას ყალიბში აქცევს. და თუ თანამედროვე სერიოზულ მუსიკას საქართველოში მსმენელი ცოტა ჰყავს, ამიტომ ბიძინა კვერნაძის დამსახურებაზე, როგორც წესი, მხოლოდ სპეციალისტები საუბრობენ, ხალხმა თავიდანვე შეიყვარა კვერნაძის მუსიკა კინოფილმებისთვის, მისი სიმღერები, რომელიც სწორედ მელოდიკით, ლირიკულობით გამოირჩევა, მოკლებულია ქალაქური ფოლკლორით სპეკულაციას, თემატურ შაბლონებს, რომელმაც, სხვათა შორის, ყველაზე მეტად სწორედ ვოკალური-სასიმღერო ჟანრი დაიპყრო. ამიტომაცაა, ალბათ, რომ მაყურებელს შეიძლება აღარც ახსოვდეს ფილმები, რომელშიც ბიძინა კვერნაძის სიმღერები ჟღერს, მაგრამ კვერნაძის მელოდიები ყველას ახსოვს - ამ სიმღერებს თავიანთ რეპერტუარში სიამოვნებით რთავენ ის მომღერლებიც კი, რომლებიც უბრალოდ იძულებულნი არიან დროდადრო “პატარა გოგო დამეკარგას” დონის მუსიკა შეასრულონ. [ხმა: ბიძინა კვერნაძის მელოდიები კინოფილმებიდან]

ასე რომ დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის მიერ ორგანიზებულ კონცერტს შეიძლება ითქვას “აღმზრდელობითი” ფუნქციაც ჰქონდა. მუსიკოსებს, რომლებაც ამ საღამოს ბიძინა კვერნაძის სიმღერები შეასრულეს, შეეძლოთ თავად შეედარებინათ ეს სიმღერები იმ მუსიკასთან, რომელიც ხშირად მათ კონცერტებზე ჟღერს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ასეთი “პატარა სამუშაოს” შესრულება მოუწევდა პუბლიკასაც, მათ შორის ქართველ პარლამენტარებს, რომლებიც იმ საღამოს მრავად იყვნენ ოპერის თეატრში – კვერნაძის კონცერტზე მათ არჩევანი უნდა გაეკეთებინათ – რა სჯობს, დახავსებული ტრადიციების მარწუხებში მოქცეული კულტურა თუ ინდივიდუალურობა. რა სჯობს “იდეოლოგია”, თუ შემოქმედება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG