Accessibility links

logo-print

2002 წელს დასავლეთის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა კვლავ პრიორიტეტული იქნება


29 იანვარს სასტუმრო "თორში" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სფეროში გასულ წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც პრეზენტაციის შემდგომ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა დავით თევზაძემ განაცხადა, წინა წლების მსგავსად, 2002 წელსაც თავდაცვის სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს დასავლეთის ქვეყნებთან და ნატოს სტრუქტურებთან სამხედრო თანამშრომლობა წარმოადგენს. ამასთანავე, თევზაძე იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის პარალელურად, რუსეთის მხარესთან დიალოგი სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც განახლდება.

პარლამენტში მიმდინარე საბიუჯეტო განხილვის პროცესმა ცხადყო, რომ ისევე, როგორც შარშან, მიმდინარე წელსაც საქართველოს თავდაცვის უწყება 36 მილიონი ლარით დაფინანსდება. ყველაზე ოპტიმისტური გაანგარიშებითაც კი, ქვეყნის თავდაცვითი ხარჯებისთვის გაღებული ეს მწირი თანხა, მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და ჯარისკაცთა კვებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას ჰყოფნის. ფაქტობრივად, ქვეყნის შიდა რესურსი საჯარისო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას მინიმალურ დონეზეც ვერ უზრუნველყოფს.

ასეთი ფინანსური კრიზისის პირობებში, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობისათვის ერთადერთ იმედად კვლავ უცხოეთიდან მიღებული სამხედრო დახმარება რჩება.

29 იანვარს სასტუმრო "თორში" გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ შარშან ნატოს წევრმა ქვეყნებმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "მაგალითად, თქვენ იცით, რომ პირველი ეტაპი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებისა დამთავრდა და ჩვენ ვამუშავებთ მეორე ფაზას თურქეთის რესპუბლიკასთან. კოსოვოში ქართული სამშვიდობო ოცეულის მეოთხე და მეხუთე როტაცია. ვერტმფრენების პროგრამა განხორციელდა, ეს არის სამმხრივი პროექტი - აშშ, თურქეთი და საქართველო. აშშ-თან 2001 წელს დაიწყო ძალიან დიდი და ამბიციური პროგრამა სახელწოდებით "წვრთნები და ეკიპირება".

აღსანიშნავია, რომ ამ "დიდი და ამბიციური" პროგრამის განსახორციელებლად ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იკისროს. კერძოდ, მიზანმიმართულად მოახდინოს არსებული რესურსების გამოყენება, რასაც მოჰყვება აშშს მხრიდან ადეკვატური მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა. ამასთნავე, მოხდება გაწეული დახმარების დეტალური ანალიზი.

თუმცა, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე შიშობს, რომ არსებული პარამეტრებით საქართველოს თავდაცვითი ბიუჯეტის დაგეგვმა, არასასურველ კორექტივებს შეიტანს ამ გეგემაში.
[დავით თევზაძის ხმა] "რაც შეეხება ფინანსებთან დაკავშირებულ პროგრამებს, რა თქმა უნდა, რაღაც პროგრამების ნაწილი შეიკვეცება და არ განხორციელდება. ჩვენ საბოლოო ვერდიქტს ველოდებით და ამის შემდეგ მოხდება გადათამაშება უწყების შიგნით".

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მომავალ წელს კიდევ უფრო გააქტიურდება საქართველოს მონაწილეობა ნატოს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" - ფარგლებში. კერძოდ, უკვე გადაწყდა ზაფხულში ვაზიანის ტერიტორიაზე მორიგი მრავალეროვნული სწავლების გამართვა.

გარდა ამისა, დასავლური ვექტორის პარალელურად, საქართველოს სამხედრო უწყებისთვის კვლავ აქტუალური რჩება სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება რუსეთის ფედერაციასთან. დავით თევზაძე ვარაუდობს, რომ ახალ "ჩარჩო ხელშეკრულებაზე" მუშაობის პარალელურად, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს თავდაცვის სამინისტროთა წარმომადგენლებს შორის 2002 წელს თანამშრომლობის სამხედრო ასპექტებზეც დაიწყოს მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG