Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ მიმოხილვას დავიწყებთ ბრიტანეთის ყოველთვიურ ჟურნალ ”ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტში” გამოქვეყნებული


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელ მიმოხილვას დავიწყებთ ბრიტანეთის ყოველთვიურ ჟურნალ ”ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტში” გამოქვეყნებული სტატიით,

რომელიც კავკასიაში მოსკოვის სტრატეგიულ მიზნებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეხება. სტატიაში ვკითხულობთ:

”შეერთებული შტატების თაოსნობით დაწყებულ ანტი-ტერორისტულ კამპანიას შედეგად ის მოჰყვა, რომ დასავლეთი აღარ აკრიტიკებს მოსკოვს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევების გამო და იმავდროულად უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ კრემლის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული – მის კონტროლქვეშ მოაქციოს ისევ, ამჯერად უკვე დამოუკიდებელი საქართველო, რაც ჩეჩნეთის ომში გამარჯვების გარანტი იქნება. საომარ მოქმედებათა ამასწინანდელი განახლება აფხაზეთში, რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული და მიზნად ისახავდა დაენახებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქარველო – საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს. ამითვე ამართლებს მოსკოვი საქართველოში თავისი სამხედრო ბაზების, ხოლო აფხაზეთში რუსი, ეგრედ წოდებული ”მშვიდობისდამცველების” შემდგომ ყოფნას. რუსებმა ”წარმოუდგენლად გააზვიადეს” აფხაზეთში მომხდარი შეტაკების მასშტაბები, რათა საქართველოს სისუსტე და რეგიონში რუსი სამხედროების დარჩენის აუცილებლობა წარმოეჩინათ. რუსეთის პრეზიდენი ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შეცვლას ისეთი ლიდერით, ვინც რუსეთთან კავშირის მომხრეა. ამას, აფხაზ სეპარატისტებთან ერთად მეზობელი სომხეთიც მიესალმებოდა, იზოლაციაში აღმოჩნდებოდა აზერბაიჯანი, რომელიც თურქეთის მეგობარია და ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, ხოლო კავკასიაში მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა რუსეთის გავლენა.”

”გაუთავებელი ქაოსი კავკასიაში”- ასეა დასათაურებული სტატია ქალაქ მიუნჰენის ყოველდღიურ გაზეთ ”ზიუდდოიჩე ცაიტუნგში”;
მასში ვკითხულობთ:

”მასხადოვი – ნამდვილი ყაჩაღი აღმოჩნდა. მისმა ორწლიანმა, ეგრედ წოდებულმა მშვიდობიანმა მმართველობამ უფრო მეტად გააჩანაგა ჩეჩნეთი, ვიდრე ანტი-ტერორისტული ოპერაციის მომდევნო ორმა წელმა”-განაცხადა ჩეჩნეთის აღდგენის საკითხებში რუსეთის მინისტრმა, ვლადიმირ ელაგინმა, როცა იჩქერიის თავისუფლად არჩეული პრეზიდენტის ოფიციალურ უფლებამოსილებათა ვადის ამოწურვას გაუკეთა კომენტარი. ეს მკვახე განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უსამართლოა. კი, მასხადოვმა ჩააგდო ჩეჩნეთის ეკონომიკა და ვერ შესძლო ახალი ომის თავიდან აცილება. მაგრამ განა შეიძლება ყოველივე ამის შედარება იმ ნგრევას, მასობრივ ძარცვა-გლეჯასა და ბარბაროსობასთან, ფედერალურმა ჯარმა რომ მოუტანა ჩეჩნეთს. ძალოვანი სტრუქტურების აღვირახსნილობამ კიდევ უფრო მეტი ქაოსი გამოიწვია ჩეჩნეთში. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, და თავად მთავრობის წევრებისა და სამხედროების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ ჯარიკაცები ჩეჩნეთში, მეამბოხეებს კი არ ეომებიან, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას ძარცვავენო. 11 სექტემბრის შემდეგ, როცა პუტინი ამერიკელებს ამოუდგა უმალვე მხარში ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, დასავლეთმა შეწყვიტა ჩეჩნეთის თაობაზე რუსეთის კრიტიკა, თუმცა დღეს, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ისევ ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ბევრნი, მათ შორის, გაეროს, შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოთა წარმომადგენლები მასხადოვს ტერორისტად არ მიიჩნევენ. უკვე 2 წელიწადზე მეტია გრძელდება ომი, მაგრამ კბილემდე შეიარაღებულმა ფედერალურმა ჯარმა მაინც ვერ შესძლო თავისუფლებისმოყვარე ჩეჩნების დამონება.”

ბრიუსელში გამომავალი გაზეთის, ”ლე სუარის” მიმომხილველი, ჟან-პოლ კოლეტი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ჩეჩნეთში კვლავაც გრძელდება სისხლიანი ომი, რაც გარკვეულწილად იმითაა განპირობებული, რომ
საერთაშორისო თანამეგობრობას ”მეხსიერება ღალატობს”, ან შესაძლოა განზრახაც ხუჭავს თვალს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ბარბაროსობაზე; ბელგიელი ჟურნალისტი წერს:

”11 სექტემბრის შემდეგ, როცა რუსეთი ანტი-ტერორისტულ კოალიციას შეუერთდა, პრეზიდენტმა პუტინმა მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო ჩეჩნეთში, ვინაიდან დასავლეთს არ აწყობს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში თავისი მოკავშირის კრიტიკა. ჩეჩნეთის მოსახლეობა საშინელი არჩევანის წინაშე დადგა: ტერორი, ან კიდევ სამშობლოდან წასვლა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, კონფლიქტი, კვლავაც ტერორის, ანდა ლტოლვილობის სინონიმია: ათასობით ადამიანი უფგზო-უკვლოდ დაიკარგა, 200,000-ზე მეტმა, ლტოლვილობით უშველა თავს. ამჯერად გამოჩნდა იმედი, რომ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს. ვაშინგტონი და ლონდონი კვლავ დაუკავშირდნენ ჩეჩნეთის ლიდერებს და სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს. ჩეჩნეთის პრობლემის ხელახალი დაყენება დღის წესრიგში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების დამსახურებაა. ”მემორიალმა”, ”ჰიუმენ რაიტს უოჩმა” და პარიზში დაფუძნებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ”ექიმები უსაზღვრებოდ”, მძაფრი კრიტიკა გამოთქვეს იმის გამო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ახლახან გამართულ სესიაზე სტრასბურგში, ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობისთვის რუსეთი არ დასაჯა

გაზეთები ფართოდ აშუქებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ტრადიციულ მიმართვას ამერიკელი ხალხისადმი ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”. როგორც გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, სამშაბათს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა ხელახლა ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა; გაზეთი განაგრძობს:

”პრეზიდენტ ბუშის პოზიცია თანდათანობით იცვლებოდა. 11 სექტემბერს, ღამით, მან უბრალოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ტერორისტული აქტების ორგანიზატორთა სამართალში მიცემა, შემდეგ საუბარი, ნებისმიერ საერთაშორისო ტერორისტულ სტრუქტურებთან და მათს მხარდამჭერ სახელმწიფოებთან ბრძოლას შეეხო, ხოლო მოგვიანებით ითქვა, რომ სრულიად დაუშვებელია - მასობრივი განადგურების იარაღი ტერორისტების ხელში აღმოჩნდესო. და აი, 29 იანვარს, ჯორჯ ბუშმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების ორი ძირითადი ამოცანა: გაანადგუროს ტერორიზმი და არ მისცეს ტერორისტებს ან კიდევ იმ რეჟიმებს, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის შეძენას რომ ესწრაფვიან, იმის შესაძლებლობა, შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს დაემუქრონ. პრეზიდენტმა სამი სახიფათო რეჟიმი მოიხსენია: ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ერაყი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუშის გამოსვლაში ის იყო, რომ შეერთებული შტატები არ მისცემს ყველაზე სახიფათო რეჟიმებს მსოფლიოში არსებული ყველაზე სახიფათო იარაღის შეძენის შესაძლებლობას. რაც, არსებითად იმას ნიშნავს, რომ ანტი-ტერორისტული კამპანია ტერორით არ შემოიფარგლება, და რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზანი – ტირანიებთან ბრძოლა და მსოფლიოში თავისუფლების იდეალების გავრცელება ხდება. 1947 წელს, ჰერი ტრუმენმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპიდან შეერთებული შტატების წასვლის პოლიტიკა გადასინჯა და გადაწყვიტა – საბჭოთა კავშირს დაპირისპირებოდა. 1981 წელს, რონალდ რეიგანმა უარყო განმუხტვის უხეირო პოლიტიკა და კომუნიზმის დამარცხება დაისახა მიზნად. სამშაბათს ღამით, ჯორჯ ბუშმა წერტილი დაუსვა ათწლიან მერყეობას და მოუწოდა ერს - ბოლო მოუღოს ტირანიებს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას ესწრაფვიან. ჯორჯ ბუში, ტრუმენისა და რეიგანის ღირსეული მემკვიდრეა”.

წამყვანი: უკეთებს რა კომენტარს პრეზიდენტ ბუშის გამოსვლას კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”, გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში კვლავაც ძალის გამოყენებაზე კეთდება აქცენტი;
სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”მას შემდეგ, რაც ამერიკის ჯარმა დამამცირებლად დატოვა ვიეტნამი თითქმის სამი ათწლეულის წინათ, ესაა პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატები, საკუთარი ინტერესების დასაცავად, საგარეო პოლიტიკაში, არაბირთვული სამხედრო პოტენციალის გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს. სახეზეა ახალი სამხედრო დოქტრინა და რადიკალური გადახვევა უწინდელი გეზიდან. ტრადიციისამებრ, შეერთებული შტატები მასზე თავდასხმის საპასუხოდ მიმართავდა ყოველთვის სამხედრო ძალის გამოყენებას და არასოდეს მიუყენებია პირველს ვინმესთვის დარტყმა. ავღანეთში მოპოვებულმა წარმატებამ არ უნდა გაათამამოს ჯორჯ ბუში. 11 სექტემბრის თავდასხმას არ მიუცია მისთვის შეუზღუდავი ნადირობის ლიცენზია. როგორც მისმა არაერთმა წინამორბედმა იგემა წარსულში, ძალის უმალვე, ანდა ძალზედ ხშირად გამოყენებით პრეზიდენტმა შესაძლოა მხარდაჭერა მოიპოვოს თავის ქვეყანაში, სამაგიეროდ სერიოზული ზიანი მიაყენოს საზღვარგარეთ შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ინტერესებს.
XS
SM
MD
LG