Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული საბჭო უმოქმედო სამინისტროებისა და ბიუროკრატიული აპარატის წინააღმდეგ


საქართველოში 7-8 თებერვალს მიმდინარე წლის მთავრობის ყველაზე სკანდალურ სხდომას ელიან. წინასწარი ინფორმაციის თანახმად,

სხდომაზე განსახილველად გავა ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც ახალ ინსტიტუციონალურ მოწყობას, კადრების ოპტიმიზაციასა და ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს. ანტიკორუფციული საბჭოს ინფორმაციით, ნაცვლად ამჟამად არსებული თვრამეტისა, სამინისტროთა რიცხვის შემცირება თორმეტამდეა ნავარაუდევი. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას საქართველოს პრეზიდენტმა შარშან სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ანტიკორუფციონელები ვარაუდობენ, რომ მთავრობის სხდომაზე მათი პროექტი მძაფრი დაპირისპირების საგანი გახდება.

2001 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში ჩამოყალიბებული კორუფციული მმართველობითი სისტემის დემონტაჟის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის 4 სექტემბერს დააყენა. ანტიკორუფციული ბიუროს მდივნის, მირიან გოგიაშვილის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში, რომელმაც ედუარდ შევარდნაძეს ძილიც კი დააკარგვინა, კონკრეტული საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებენ "პატრონაჟულ სისტემებს" და არაკანონიერ გარიგებებში მონაწილეობენ ცალკეულ სამინისტროთა წარმომადგენელი მაღალჩინოსნები.

მაგრამ თუ წინა მოხსენებას უფრო მიმოხილვითი და ზოგადი ხასიათი ჰქონდა, ამჟამად, როგორც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ანტიკორუფციული ბიუროს მდივნის მოადგილემ, კახა უგულავამ განაცხადა, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად სახელმწიფო მართვის სისტემის გაჯანსაღების კონკრეტულ რეკომენდაციებს შესთავაზებს.

[კახა უგულავას ხმა] "სამინისტროებს უნდა ჩამოცილდეს სამეურნეო ფუნქციები, ანუ ეს დარგობრივი სამინისტროები, რაც არის გადმონაშთი კომუნისტური წყობისა, არ გვინდა და ჩვენ უნდა ვთქვათ მათზე უარი. რაც შეეხება მაკონტროლებლებს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ ელემენტარულად ისეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო ხელს არ შეუშლის ბიზნესს. ანუ მივცეთ მას თავისუფალი განვითარების საშუალება. შევზღუდოთ მაქსიმალურად მაკონტროლებლები. ფისკალური ფუნქციები შევუზღუდოთ ყველა სამინისტროს".

თანახმად ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარმოდგენილი პროექტისა, რომლის განხორციელების ძირითადი ტვირთი სახელმწიფო მინისტრს უნდა დაეკისროს, 1 ივლისამდე უნდა შემუშავდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. ხოლო რეორგანიზაციის შედეგად 18-ის ნაცვლად უნდა ჩამოყალიბდეს 10-12 სამინისტრო, სადაც გაერთიანდებიან დღევანდელ სამინისტროებსა და დამოუკიდებელ სახელმწიფო დეპარტამენტებში თავმოყრილი სტრუქტურული ერთეულები.

გარდა ამისა, ანტიკორუფციული "თორმეტკაცა" რეკომენდაციას აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა სულ ცოტა ერთი მეოთხედით შემცირდეს სახელმწიფო მოხელეთა ოდენობა და განხორციელებული შემცირებით გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრები ამავე დაწესებულების სხვა მუშაკთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას მოხმარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ეს რეკომენდაციები უშუალოდ პრეზიდენტის მითითებით დაიწერა, ფისკალურ საკითხებში ედუარდ შევარდნაძის თანაშემწე არ გამორიცხავს, რომ სისტემური რეორგანიზაციის იდეას მოწინააღმდეგეები არათუ აღმასრულებელი ხელსიუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში, არამედ საკუთრივ სახელმწიფო კანცელარიაშიც გამოუჩნდნენ.
[გიორგი ისაკაძის ხმა] "ეს იქნება მტკივნეული და მძიმე ინსტიტუციონალური რეფორმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მეტსაც გეტყვით, მე არა მხოლოდ სამინისტროებიდან, იმავე სახელმწიფო კანცელარიაში ვხედავ პერსპექტივაში საკმაოდ დიდ სირთულეს. თუნდაც იმ უამრავი მიმართულების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელემენტარულად ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უამრავი წინააღმდეგობა არ გამოვრიცხავ, რომ ამან შესაბამისი არგუმენტაციით უმაღლეს ეშელონებშიც აინაცვლოს. მაგრამ, მე მგონი, რაღაც ოპტიმუმზე როგორც კი ჩამოყალიბდება საბჭო სახელმწიფო მინისტრთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბარიერები დაიძლევა".

თუმცა, ამ ბარიერების დაძლევა არც ისე მარტივი საქმე ჩანს. მით უფრო, იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ გასულ წელს სამინისტროთა უმრავლესობამ პირდაპირ ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტის პირველი რიგის მეტად მარტივ ანტიკორუფციულ დავალებებს. ყველას კი მაინც საქართველოს ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაჭარბა, როდესაც ორი თვის წინ საკუთარ უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დანიშნა თბილისის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომლის სახელიც ერთ-ერთ მსხვილ კორუფციულ გარიგებაში ფიგურირებდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG