Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლება გალის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიის რადიკალურ შეცვლას გეგმავს


გაეროს 31 იანვრის რეზოლუციის თანახმად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუს მშვიდობისდამცველთა მანდატის გაფართოების საკითხი მარტში,

დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე უნდა გადაწყდეს. თუმცა, როგორც 12 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილემ, გენერალმა ვალერი ევნევიჩმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არსებული მანდატის ფარგლებში უსაფრთხოების ზონაში მყოფ ცისფერჩაფხუტიანთა მისიის რადიკალურ შეცვლას გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო საქმიანობის შეცვლის თაობაზე ხმაურიანი დაპირებები რუსეთის მხრიდან არახალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ გენერალ ვალერი ევნევიჩის მისია ამ შემთხვევაში უკვალოდ არ ჩაივლის.
რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ყველა სამშვიდობო ოპერაციების კოორდინატორად დანიშნულმა გენერალმა ევნევიჩმა, საქართველოში მართლაც სერიოზული გეგმები ჩამოიტანა.
სააგენტო "კავკაზ-პრესის" ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილეს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განუცხადებია, რომ პირველ ყოვლისა, ხარისხობრივად შეიცვლება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების კონტინგენტი, რომლის ძირითად ბირთვს სრულიად არასამშვიდობო სახეობის, ყოფილი გუდაუთის სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ. ხოლო თავად სამშვიდობოებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა თავდაპირველად თბილისში, შემდეგში კი სოხუმში გადაწყდება.

თუმცა, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი მიიჩნევს, გაცილებით მნიშვნელოვანია რუსეთის მხარის ის მზადყოფნა, რომელიც არსებული მანდატის ფარგლებში მშვიდობის დამცველთა მისიის რადიკალურ შეცვლას ითვალისწინებს. ეს კი, ბეჟუაშვილის თქმით, ნიშნავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მშვიდობის დაცვას, უსაფრთხოების ზონაში თავმოყრილი იარაღისა და საბრძოლო მასალების ამოღებას და სხვადასხავა კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ზუსტად ამაზე იყო საუბარი, ხშირ შემთხვევაში ჩვენ პრეტენზია გვქონდა, რომ თვითონ რუსეთის ტექნიკა მონაწილეობდა ამგვარ ოპერაციებში. ამ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ დაუშვან. და ეს ნიშნავს კრიმინალთან ბრძოლას, სხვათა შორის. ეხლა, ამას ორი მხარე აქვს რასაკვირველია, ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც, ვთქვათ, აფხაზურმა მხარემ, ისევე იმ არაფორმალურმა შენაერთებმა, რომლებიც მონაწილეობენ ამ ზონაში და რომლებიც ჩვენს დაქვემდებარებაში არ არიან"

ამასთან, რუსი სამხედროებისთვის პოლიციური ფუნქციების განხორციელება სამშვიდობო კონტინგენტის პირადი შემადგენლობისა რიცხოვნებისა ზრდას არ საჭიროებს.
თავდაცვის სამინისტროში სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ გადაწყდა კოდორის ხეობის პატრულირების საკითხი. და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე მასში მხოლოდ გაეროს სამხედრო დამკვირვებლები მიიღებენ მონაწილეობას, გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, არა არის გამორიცხული, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ საქმიანობაში რუსი დამკვირვებლებიც ჩაებან.
და მაინც, როცა მშვიდობის დამცველთა მისიის ცვლილებაზე მიდის საუბარი, ქართული მხარის მთავარ მოთხოვნად კვლავ ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაწყება რჩება.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ სერიოზული საუბარი დაიწყო 1994 წლის ხელშეკრულების მთლიანობაში შესრულებაზე. ეს მოიცავს იმ დებულებას, რომლითაც ისინი არსებული მანდატის ფარგლებში ვალდებული არიან ხელი შეუწყონ ლტოლვილთა დაბრუნებას".

თუმცა, ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მხოლოდ საუბრის დონეზე რჩება. 13 თებერვალს გენერალი ევნევიჩი ჩავიდა სოხუმში, სადაც მის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებებს სერიოზული გამოცდა ელის.
XS
SM
MD
LG