Accessibility links

logo-print

პროტექციონიზმის "მოკრძალებული ხიბლი" ქართულ რეალობაში კვლავ აქტუალურია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სხვადასხვა ეკონომიკური შეღავათის თემა ქართულ რეალობაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან მოყოლებული იმთავითვე პოპულარული იყო.

ამ შეღავათების მოთხოვნა, ტრადიციულად, კეთილშობილური და გამოკვეთილად პატრიოტული მოტივებით არის ხოლმე შენიღბული. რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამგვარმა დათმობებმა ადგილობრივი მწარმოებლისათვის.

პროტექციონისტული პოლიტიკა, რომლის ხიბლიც გაუნელებლად ტრიალებს ჩვენს ეკონომიკურ წრეებში, წმინდა ქართული მოვლენა ნამდვილად არ გახლავთ. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში ამ მეთოდს თვით ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანა - აშშ-ც მიმართავდა, უფრო მეტიც, იგი ამ პოლიტიკის ერთ-ერთი პიონერიც გახლდათ.

პროტექციონიზმის არსი ადგილობრივ ბაზარზე სამამულო მწარმოებლისათვის იმპორტიორთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას გულისხმობს. რაც თეორიულად ადგილობრივი წარმოების წახალისების და აღმავლობის მასტიმულირებელი უნდა იყოს. პროტექციონიზმს პერიოდული დეპრესიებისას მართლაც მიუცია ეფექტი ამა თუ იმ ქვეყნისათვის. თუმცა, ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის შემდგომ, ამ პოლიტიკით გატაცებას უფრო ხშირად უკუეფექტი მოაქვს და "სასათბურე" პირობებში გამოზრდილი მეურნეობა და სამამულო პროდუქცია, როგორც წესი, მყისიერად კარგავს კონკურენტუნარიანობას. მაგრამ, ადგილობრივ წარმოებას, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, ხანდახან მართლაც ობიექტურად ესაჭიროება დახმარება. ოღონდ, ეს დახმარება "სასათბურე" პირობების შექმნასთან არ უნდა გავაიგივოთ, უბრალოდ, მეწარმეს სახელმწიფომ თავისი ბიზნესის წარმოებისათვის ნორმალური გარემო უნდა შეუქმნას.

რაც შეეხება პროტექციონიზმს "ქართული აქცენტით", აქ, ძირითადად, სწორედ ურაპატრიოტული მოტივები პრევალირებს და ხშირად ელემენტარული პრივილეგიებისათვის ბრძოლასთან გვაქვს საქმე.

სატარიფო პოლიტიკით იმპორტის შეზღუდვამ შესაძლოა დროებით მართლაც გამოაცოცხლოს ადგილობრივი მწარმოებელი, მაგრამ არაკონკურენტულ გარემოში მის მიერ წარმოებული პროდუქცია ყოველთვის უფრო მდარე და არამიმზიდველი იქნება იმპორტირებულ ანალოგთან შედარებით. ამასთან, ჩვენი ბაზრის სიმწირის პირობებში, ადგილობრივი პროდუქტი საექსპორტოდ გამოუსადეგარი იქნება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ჩვენი მწარმოებლები (ადგილობრივი რესურსების დეფიციტის გამო) სწორედ იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ, რაც მათი პროდუქის თვითღირებულებას ზრდის. საბოლოოდ, მივიღებთ სიტუაციას, როცა მომხმარებელი დაიჩაგრება, რადგან ერთი და იმავე ღირებულების საქონელზე მას არჩევანის გაკეთება უფრო უარეს და უხარისხო პროდუქტზე მოუწევს. სამაგიეროდ, მომხმარებელი ამ მდარე პროდუქციას დიდი პატრიოტიზმის გრძნობით "შეირგებს".
ბუნებრივია, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ყველაფერი ადგილობრივი მდარეა და უვარგისი, რომ ჩვენს ბიზნესმენს დაცვა არ სჭირდება და სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს მასზე. უბრალოდ, საბაზრო ეკონომიკას ჯანსაღ კონკურენციაზე უკეთესი რეცეპტი ჯერ არ შეუქმნია. კონკურენცია კი ხელოვნურ შეზღუდვებს და სხვადასხვა ჯგუფის ინტერესს მორგებულ კანონმდებლობას ნაკლებად ეგუება.
XS
SM
MD
LG