Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


მწერალთა საერთაშორისო გაერთიანებას – “პენ-კლუბს” 80 წელი შეუსრულდა.

ქარტია, რომელიც “პენ-კლუბმა” ინგლისელი მწერალი ქალის, დოსონ-სკოტის ინიციატივით, დაარსების პირველივე დღიდან მიიღო, თავის წევრებს ძირითადად მორალური ხასიათის მოთხოვნებს უყენებს – პენ-კლუბი ავალდებულებს მწერლებს თავისუფალი სიტყვის დაცვას. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” დღევანდელ გამოშვებაში გიორგი გვახარია პენ-კლუბის ისტორიას და ამ ორგანიზაციის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას გაგვახსენებს. გიამბობთ საერთაშორისო პენ-ცენტრის საქართველოს განყოფილებაზეც, რომლის დაარსებიდან ახლახანს ათი წელი გავიდა.

1991 წელს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ეპოქაში, საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” აქვეყნებს წერილს, რომელსაც “მიმომხილველი” აწერს ხელს – სტატიის ავტორი წერს, რომ პუტჩის შემსწავლელ კომისიას აღარ დაჭირდება გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, თუ ვინ არის პუტჩისტი და რომელი მწერალი გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში. “ლიტერატურული საქართველოს” ანონიმი ავტორი გულისხმობდა იმ ქართველ მწერლებს, რომლებიც იმხანად საერთაშორისო “პენ-კლუბში” გაერთიანდნენ და ამ ორგანიზაციას საქართველოში, სიტყვის თავისუფლების დაღვევის შესახებ აცნობეს. ‘პუტჩისტ მწერლებს” შორის მოხსენიებულნი არიან ჭაბუა ამირეჯიბი, ირაკლი აბაშიძე, გურამ დოჩანაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ანზორ სალუქვაძე, თამაზ წივწივაძე და მრავალი სხვა – მწერლები, რომლებიც იმხანად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც სიტყვისა და ადამიანის უფლებებს იცავს, (მაშინდელი ხელისუფლების მტკიცებით “მასონურ ორგანიზაციაში”) ქართველ ხელოვანთა გაერთიანების ფაქტი, მწერალთა კავშირის ორგანომ შეაფასა, ლამის როგორც სამშობლოს ღალატი, დაბეზღება და ამგვარი შეფასებით ნებსით თუ უნებლიედ ჩაენაცვლა კომუნისტურ იდეოლოგიას, გაზეთ “პრავდას”, რომლის ერთ-ერთი “მიმომხილველი” 1981 წელს ამტკიცებდა: “პენ-კლუბის წევრთა საქმიანობაში სულ უფრო აშკარად შეინიშნება ანტისაბჭოთა გამოხდომები – ისინი ამკვიდრებენ იმპერიალისტურ იდეოლოგიას...და, რაც მთავარია, ჰყავთ გულშემატიკვრები ჩვენს ქვეყანაშიც. ამ “ვაიმწერლების” მხილება ყოველი საბჭოთა ადამიანის მოვალეობაა”(ციტატის დასასრული)

არა და ამ ვისთვის “იმპერიალისტური”, ვისთვის კი “მასონური ორგანიზაციის” პრეზიდენტები თავის დროზე იყვნენ ჯონ გოლზუორთი, ჰერბერტ უელსი, ჟიულ რომენი, არტურ მილერი. მეორე მსოფლიო ომის დროს პენ-კლუბმა, რომლის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი ყოველთვის ინგლისელია, მხარი დაუჭირა ფაშიზმისგან დევნილ უამრავ მწერალს. პრინციპული იყო პენ-კლუბი საბჭოთა ტოტალიტარიზმის მიმართაც, ამიტომ, ბუნებრივია, რომ საბჭოთა მწერალთა კავშირი, ხელოვანთა დათრგუნვისა და რეპრესიების ეს სახელგანთქმული ‘მექა”, კაგებეს არაოფიციალური ფილიალი, პენ-კლუბის წევრებს მოსისხლე მტრებად აღიქვამდა.

“პ. ე. ნ.” უბრალო აბრევიატურაა სამი ინგლისური სიტყვისა: “პოეტები”, “ესეისტები”, “რომანისტები’ და თავისთავად გულისხმობს, რომ “კალმის ოსტატები”( კალამი კი პენ-ცენტრის სიმბოლოდ ითვლება) არ უნდა გაემიჯნონ იმ პროცესებს, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება. მწერლებმა მაინც უნდა აღიარონ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტა ხშირად უდანაშაულო ადამიანების, ერების, ნაციების განადგურებას იწვევს, ეგრეთ წოდებულ ჰუმანიზმის ეპოქაში, ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი კერძო საკუთრების კულტით, საზოგადოება მეტისმეტად რაციონალური ხდება. ირაციონალური, პოეტური – თანამედროვე დასავლელ ადამიანს სულ უფრო ნაკლებად მართავს. ეს პროცესი კი, თავის მხრივ, აღრმავებს უფსკრულს დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის.

80-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საბჭოთა კავშირში “პერესტროიკა” დაიწყო და პენ-კლუბში რუსი მწერლებიც გაერთიანდნენ, ამ ორგანიზაციამ თითქოს დაიბრუნა კიდეც “პირველადი მთლიანობა” – დაინგრა კედელი თავად მწერლებს შორის, შესაძლებელი გახდა არაერთი აქამდე აკრძალული ნაწარმოების თარგმნა და გამოქვეყნება. 80-იანი წლების მიწურული სწორედ ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება წიგნზე, ლიტერატურულ ჟურნალებზე. მოსკოვში გამოცემულ ლიტერატურულ ჟურნალებზე “ნადირობა” თბილისშიც დაიწყო. მითუმეტეს, რომ გორბაჩოვის “პერესტროიკის” მიმართ არც თუ ისე ლოიალურად განწყობილი საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანაში “კულტურული რეფორმა” მაინც განხორციელებულიყო. ქართველი მწერლების დიდი ჯგუფი “პენ-კლუბში” მაშინ გაერთიანდა, როცა გამსახურდიას ხელისუფლებამ პირველად გამოიყენა სიტყვა “პუტჩი”, როცა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები “კრემლის აგენტებად” მონათლა.
(პირველი ნაწილის დასასრული)

საერთაშორისო პენ-კლუბში ქართველ მწერალთა გაერთიანების ერთ-ერთი ინიციატორი და საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი დავით მაღრაძე გვიამბობს [დათო მაღრაძის ხმა] “ბარსელონაში ტარდებოდა საერთაშორისო კონგრესი პენ-კლუბის და ამ კონგრესმა გადაწყვიტა ჩვენი ნაციონალური პენ-ცენტრის გაწევრიანება საერთაშორისო პენ-ცენტრში. მას მერე იყო კონფერენციები, იყო გაზეთი, რომელიც პენ-კლუბის წევრებმა დავაფუძნეთ, გაზეთი “ქომაგი”, რომელიც შემდეგ გადავაკეთეთ ჟურნალ “ქომაგად და ეხლაც გამოდის “პენ-კლუბის” ეგიდით, იყო გამოფენები საბჭოეთის დროს რეპრესირებული ადამიანების, სათანადო გახსენება და წარმოჩენა უფრო...ვინაიდან ეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი ეს ორგანიზაცია ნებისმიერი პენ-ცენტრი, თუ მის ქვეყანაში ირღვევა სიტყვის თავისუფლება, ვალდებულია აცნობოს ნებისმიერ ნაციონალურ ცენტრს, რომ ატყდეს მსოფლიო განგაში, ერთმანეთს დაეხმარონ შეზღუდვების მცდელობების დროს.)

1991/92 წლებში განგაში იმის გამო, რაც ხდებოდა საქართველოში “პენ-კლუბმა” მართლაც ატეხა. ზვიად გამსახურდიას მომხრე მწერლებმა ვერ გამოიყენეს შანსი თავადაც მიეწოდებინათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ თუნდაც საერთაშორისო “პენ-კლუბისთვის”, რათა დასავლეთს არ ჰქონოდა ამ მოვლენების მიმართ ცალმხრივი დამოკიდებულება. აქ ისევ იჩინა თავი ქართველ მწერალთა ერთი ნაწილისთვის დამახასიათებელმა უნდობლობამ დასავლეთის მიმართ, საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებულმა პარანოიამ. ეგრეთ წოდებულ “მასონურ ორგანიზაციებს” ამ ადამიანებმა მხოლოდ მაშინ მიმართეს, როცა საქართველოში მართლაც მოხდა გადატრიალება და როცა ადამიანების უფლებების დარღვევა თითქმის ნორმად იქცა. რაც შეეხება “პენ-კლუბის” საქართველოს განყოფილებას, ეს ორგანიზაცია ძირითადად მხოლოდ თავისი წევრების უფლებებს იცავდა. თუმცა ხელისუფლებასთან "შეხმატკბილებული" საქართველოს პენ-ცენტრი მაინც არასდროს ყოფილა. როგორც დავით მაღრაძე იგონებს [დათო მაღრაძის ხმა] “გამოვესარჩლეთ, მაგალითად, როცა ჯაბა იოსელიანი იყო პატიმრობაში, საერთაშორსო კონგრესს მივაღებინეთ გადაწყვეტილება და მოვამართეთ საქართველოს მთავრობას, ვერ გეტყვით ოღონდ ამ მომართვამ საქართველოს მთავრობაზე ღიმილის მეტი რა გამოიწვია, რადგან უმეცარ ხალხს ძალიან ძნელია აუხსნა, თუ რა ორგანიზაციაა ეს და საერთოდ, არსებობს თუ არა გარე სამყარო, ამაშიც დარწმუნებულები არ არიან, ეს ხალხი მარტო აქ არის და აქ ცხოვრობს... შემდეგ ნობელის პრემიაზე მოვიდა წერილი შვეციიდან, ნობელის კომიტეტიდან, რათა წარგვედგინა კანდიდატი – ოთარ ჭილაძე წარვადგინეთ ნობელის პრემიაზე ერთხელ და მეორე წელს კიდევ.... ყოველ შემთხვევაში იმ მოვალეობას, რაც პენ-კლუბს აკისრია, იმას ყოველთვის შევასრულებთ”

იმისათვის, რომ პენ-კლუბმა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას( და არა მარტო ხელისუფლებას) “აუხსნას”, რომ გარე სამყარო მართლაც არსებობს, პენ-კლუბის საქართველოს განყოფილების მესვეურებმა ბოლო დროს პოლიტიკურ მოღვაწეობას, პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს, ფაქტობრივად თავი დაანებეს და პრიორიტეტულ სფეროდ ლიტერატურული ინტეგრაცია აირჩიეს. სიმბოლური იყო, ამ მხრივ, პენ-კლუბის ხელმძღვანელის, დავით მაღრაძის ჟესტი, როცა გასული წლის მიწურულს მან, მოქალაქეთა კავშირის დეპუტატმა საჯაროდ თქვა უარი პარლამენტის წევრობაზე. როგორც დავით მაღრაძე აღნიშნავს [დათო მაღრაძის ხმა] “ლიტერატურული ინტეგრაცია...ასე რომ ვუწოდოთ შედის ჩვენს მოვალეობაში – გაზეთისა და ჟურნალის საშუალებით ვცდილობთ, რომ თანამედროვე ლიტერატურა, რაც დღეს იქმნება გარე სამყაროში მივაწოდოთ ხოლმე ქართველ მკითხველს, იმ ეპიზოდური ფორმით მაინც, რომელითაც ჩვენ შეგვიძლია, რადგანაც სალიტერატურო კალენდარი რომ არ ჩამორჩეს ჩვენი. იმიტომ რომ იყო ხოლმე ჩამორჩენილი. 20 და 30 წლის შემდეგ შემოდიოდა ხოლმე ჩვენთან ის მწერალი, რომელიც იმ ტალღიდან წასული იყო, რასაც საზოგადოების ინტერესი ჰქვია. ჩვენ მხოლოდ მიდევნებულები ვიყავით ხოლმე ამ პროცესს და ეხლა ხაზგასმით ვცდილობთ, რომ თარგმანი იყოს თანამედროვე”.

80 წლის წინ, როცა საერთაშორისო პენ-კლუბი დაარსდა, ამ ორგანიზაციამ მწერლებს მხოლოდ მორალური ხასიათის მოთხოვნები წაუყენა. როგორც ჩანს, საქართველოს პენ-კლუბის მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ “ამორალურია”, როცა მწერალი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებს ჩამორჩება, როცა მწერალმა არ იცის, რომ არსებობს გარე სამყარო
XS
SM
MD
LG