Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის ახალი დეტალები


უახლოეს მომავალში საქართველოში 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩამოვა. ისინი საქართველოს არმიის 3 ბატალიონს ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისთვის მოამზადებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა არაფორმალურ სამიტზე ჩასულ ედუარდ შევარდნაძეს რუსეთის პრეზიდენტისგან მკაცრი შენიშვნა არ მიუღია. ეს არის, რომ ვლადიმირ პუტინმა საქართველო რუსეთისგან ფარული მოქმედების გამო გააკრიტიკა. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში მან ტრაგედია არ დაინახა. თუმცა ეს ჯერ, ალბათ, იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი სამხრეთში გავლენის დაკარგვას შეეგუება.

კარგავს თუ არა რუსეთი კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში გავლენას? ამ შეკითხვას ცალსახა პასუხი ჯერ არ მოეძებნება, თუმცა რუსეთში ისევ გრძელდება ისტერია, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ფრონტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

“თუ საქართველოში შეერთებული შტატების სამხედროები შევლენ, იქიდან აღარასოდეს წავლენ. პუტინი ამ ყველაფერს გარეგნულად ღირსეულად ხვდება, თუმცა შედეგებს მალე მოიმკის, - რუსეთი საქართველოს კარგავს,” - რუსულ ელექტრონულ მედიაში გაშლილ ასეთ თემებს, არგუმენტის სახით, ერთვის “უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებული მასალა, რომელიც თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებას ეყრდნობა და იუწყება, რომ საქართველო იქნება მაგალითი, თუ როგორ დაეხმარება შეერთებული შტატები ქვეყნებს, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლა გადაუწყვეტიათ.

საქართველოსთან დაკავშირებულ ასეთ აჟიოტაჟში, პარასკევს, ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო ალმა-ათისკენ, სადაც შევარდნაძემ აღიარა, რომ საქართველოსთვის ჯეროვანი სამხედრო დახმარების გაწევა მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია. ამ და სხვა უკანასკნელი გამოსვლებით საქართველოს პრეზიდენტმა მისდამი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილ თანამემამულეთა გულების მოლბობაც მოახერხა. სხვა საკითხია, მომავალშიც იქნება თუ არა ის ისეთივე პრინციპული, როგორიც 1 მარტს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იყო.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ საიდუმლო არ ყოფილა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასაზღვრო ჯარის შექმნაში დაგვეხმარა. ამჟამად ამერიკელები მზად არიან, დაგვეხმარონ ანტიტერორისტული ჯგუფების ორგანიზებაში, ამის გაკეთება არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია.”

ასეთი იყო პასუხი პუტინის გამოსვლაზე, რომელშიც საქართველოს მხარის მსუბუქი კრიტიკა შეინიშნებოდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ექსპერტების საქართველოში მივლინების შესახებ მან ამერიკელებისგან შეიტყო.
სხვა მხრივ, პუტინი თავშეკავებული იყო. შეერთებული შტატების სამხედრო ექსპერტების საქართველოში ყოფნა მან დიდ ტრაგედიად არ მიიჩნია. აღნიშნა, რომ, თუ ეს დასაშვებია შუა აზიის ქვეყნებისთვის, საქართველო არ შეიძლება გამონაკლისი იყოს. მაგრამ, ის რაც პუტინმა არ თქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაამჟღავნა. იგორ ივანოვის განცხადებით, საქართველოს აქვს უფლება დახმარებისთვის, ვისაც უნდა, იმას მიმართოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კავკასიაში რუსეთის ეროვნული ინტერესები იკვეთება და იქ მიმდინარე მოვლენებისადმი რუსეთი გულგრილი ვერ იქნება. ამ ყველაფრის მიუხედავად, თბილისში ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს ელიან. ათასზე მეტი ქართველი სამხედრო მათ ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისთვის უნდა მოამზადონ, შესაძლოა, პანკისშიც და ამ ფონზე ძალზე საინტერესოდ გამოიყურება უშიშროების მინისტრის მინიშნება, რომლის მიხედვით, რადიკალური ორგანიზაციების წევრები აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG