Accessibility links

logo-print

მირიამ მაკება - 70


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” ერთ იუბილეს გამოვეხმაურებით:

ეს არის სამხრეთაფრიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, მსახიობისა და მწერლის, მირიამ მაკებას დაბადების 70-ე წლისთავი. თავიდან მირიამ მაკებას ერთ ჩანაწერს მოგასმენინებთ.

[მუსიკა. Mas Que Nada]

ორშაბათს სტოკჰოლმში მუსიკოსთათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, პოლარის პრემიის ლაურეატები დაასახელეს. ესენი არიან კლასიკური მუსიკის დარგში – გერმანიაში მცხოვრები, წარმოშობით თათარი კომპოზიტორი სოფია გუბაიდულინა, ხოლო პოპულარული მუსიკის დარგში მირიამ მაკება, რომლის შესახებ მუსიკალური აკადემიის წევრები წერენ: მირიამ მაკება გაცილებით უფრო ადრე განასახიერებდა ცნებას ”მსოფლიო მუსიკა”, ვიდრე ეს ცნება პირველად გაჩნდებოდა ”მუსიკის რუკაზე”. თავისი ხელოვნება მან სამხრეთაფრიკული აპარტეიდის უსამართლო რეჟიმთან ბრძოლის სამსახურში ჩააყენაო.

მირიამ მაკებას ”Mama Africa”-ს უწოდებენ – მსოფლიო ასე, ”აფრიკის დედად” იცნობს მომღერალს და მას აღიარებით თუ ჯილდოებით ანებივრებს. მირიამ მაკება პირველი აფრიკელი მუსიკოსია, რომლის ჩანაწერს ”გრემი” მიენიჭა, და ასევე პირველი აფრიკელი მუსიკოსი, რომლის სიმღერა ”Pata Pata” 1967 წელს მსოფლიო ჰიტების პირველ ათეულში მოხვდა. მაკება ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ”შავი კონტინენტის” მუსიკა დასავლეთის ქვეყნებს გააცნო და შეაყვარა, ვინც მსმენელები ჯაზის, ფოლკლორისა და პოლიტიკური პროტესტის შერწყმით მოხიბლა.

მირიამ მაკება 1932 წელს იოჰანესბურგში დაიბადა და უმალ აპარტეიდის მსხვერპლთა რიგებში აღმოჩნდა: პირველივე წლის 6 თვე მან დედასთან ერთად ციხეში დაჰყო. მაგრამ მსხვერპლის როლი მომღერლის თვალში არასოდეს ყოფილა სათაკილო: ”არჩევანი რომ მქონდეს, აუცილებლად ვამჯობინებდი იმას, რაც ვარ: მირჩევნია, ვიყო ჩაგრული, ვიდრე მჩაგვრელიო”, ვკითხულობთ მუსიკოსის ავტობიოგრაფიაში, რომელიც 1988 წელს გამოქვეყნდა.

მისი კარიერა 50-იან წლებში, სამხრეთ აფრიკაში, ჯაზის სიმღერით დაიწყო და 1959 წლიდან უკვე საერთაშორისო სცენაზე გაგრძელდა. იმ წელს დოკუმენტურ ფილმს ”დაბრუნდი, აფრიკა”, რომელშიც მირიამ მაკებას ხმაც ჟღერდა, საერთაშორისო პრემიები ერგო და, რახან ფილმი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, იტალიაში მაკებაც მიიწვიეს. ასე აღმოჩნდა მომღერალი პირველად სამყაროში, სადაც აპარტეიდი არ არსებობდა. ”თვალებს არ ვუჯერებ: ვხედავ ქალებს, თეთრკანიან ქალებს, რომლებიც გათიბულ თივას ზიდავენ, და თეთრკანიან მამაკაცებს, რომლებსაც თავზე ცხვირსახოცი აქვთ წაკრული, რათა ოფლი თვალებში არ ჩაეწვეთოთ. ჩვენთან, სახლში, თეთრკანიანები ასე არასოდეს მუშაობენ. ეს შავკანიანების საქმეა. ეს კაცმა მართლა საკუთარი თვალით უნდა ნახოსო” – განცვიფრებული წერდა მირიამ მაკება.

ვენეციიდან ის ლონდონში ჩავიდა, სადაც გაიცნო ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ჰარი ბელაფონტე, რომელიც უმალ მოიხიბლა მაკებას ხმით. მომდევნო წლებში, როცა სამხრეთაფრიკელ მუსიკოსს სამშობლოში ჩასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ბელაფონტე მისთვის ”უფროსი ძმა” იყო: ბელაფონტემ გაუკაფა გზა შეერთებულ შტატებში უცნობ მომღერალს, რომელთან ერთადაც კონცერტებს მართავდა, რომელთან ერთადაც, ფაქტობრივად, ყოველი კონცერტის წინ პრესკონფერენციაზე საუბრობდა სამხრეთ აფრიკაში ადამიანის უფლებათა ხელყოფის პრობლემაზე.

სულ მალე მირიამ მაკება არა მარტო სუპერვარსკვლავი იყო, არამედ ცნობილი საზოგადო მოღვაწეც, რომლის ხმას პოლიტიკურ წრეებშიც ანგარიშს უწევდნენ: ის ორჯერ გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რამდენიმეჯერ შეხვდა რომის პაპს, პირადად იცნობდა პრეზიდენტებს ჯონ კენედისა და ფრანსუა მიტერანს. მისმა ემიგრაციამ კიდევ დიდხანს, 1990 წლამდე გასტანა: ვიდრე აპარტეიდს საყრდენი გამოეცლებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლებული ნელსონ მანდელა მიაღწევდა თავისი მეგობრის, მირიამ მაკებას სამშობლოში დაბრუნებას.

4 მარტს ”აფრიკის დედას” 70 წელი შეუსრულდა.

დაბოლოს, კიდევ ერთი ცნობა, რახან ქალთა შესახებ პროგრამის ტრადიცია მოითხოვს, რომ ორიოდე სიტყვით მაინც შევეხოთ მოახლოებულ ქალთა საერთაშორისო დღეს: როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა 8 მარტი უქმე დღედ გამოაცხადა და ხელი მოაწერა განკარგულებას შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ასევე ორშაბათს გაერომ გამოაცხადა ავღანეთში ქალებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ: ოთხი სატვირთო თვითმფრინავი წამლებსა და სამედიცინო აღჭურვილობას ჩაუტანს ქაბულის სამ სამშობიაროს და ორ სკოლას. საერთოდ, ავღანეთში გოგონებისა და ქალების მდგომარეობა წლევანდელი 8 მარტის მთავარი თემაა. ამ საკითხს მიეძღვნება გაეროს საგანგებო სხდომა, რომელიც პარასკევს ნიუ იორკში შეერთებული შტატების პირველი ლედის, ლორა ბუშის გამოსვლით გაიხსნება. ამ სხდომაზე დაწვრილებით გიამბობთ შემდეგ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო”.
XS
SM
MD
LG