Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ზოგიერთი პრობლემა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი პირველი მარტის დილის გადაცემაში თქვენ გაეცანით სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემას.

შეგახსენებთ, რომ ეს თემა გაშუქებულია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 64-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია “სისტემური კორუფციის ანატომია”.
განვაგრძობთ საუბარს აღნიშნულ თემაზე.

სტატიის ავტორი, რამაზ ოთინაშვილი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ბაზას წარმოადგენს საშუალო კლასი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას უნდა შეადგენდეს. მაგრამ, ავტორის თქმით, საქართველოში არ შეინიშნება ქმედითუნარიანი საშუალო ფენის ჩამოყალიბების ტენდენცია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლები ე.წ. ჩრდილოვან სფეროს განეკუთვნება.

საინტერესოა, რომ ავტორი არ იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოში არ არსებობს საშუალო ფენა. იგი წერს, რომ ეს ფენა ჩვენთან არსებობს, რასაც რეალური ცხოვრება ადასტურებს – იგულისხმება საქონელბრუნვის მოცულობა ვაჭრობის სხვადასხვა დარგში, სამომხმარებლო ფასები, ავტოტრანსპორტით გადატვირთული გზები და ა.შ.

სტატიის მიხედვით, “მოსახლეობის სოციალური სტრუქტურის ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: მდიდრები მოსახლეობის 4-5 პროცენტს შეადგენენ. ამ ფენას ეკუთვნის უმაღლესი რანგის პოლიტიკური ელიტა, ბიზნესელიტა და მსხვილი მესაკუთრეები.
საშუალო ფენა მოსახლეობის 30-35 პროცენტია. დღევანდელი საშუალო კლასი, პირობითად, ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

პირველი. ეს არის ე.წ “ჩრდილოვანი საშუალო კლასი”, რომელიც მოსახლეობის 20-25 პროცენტს შეადგენს. მას საშუალება აქვს სისტემური კორუფციის პირობებში ჩრდილოვანი შემოსავალი მიიღოს.
მეორე. ახალი საშუალო კლასი, რომელიც მოსახლეობის10 პროცენტს უტოლდება. ამ ჯგუფის წარმომადგენლები, ძირითადად, მუშაობენ კერძო სტრუქტურებში. მათი შემოსავლები დამოკიდებულია საკუთარ შრომასა და პროფესიონალიზმზე. ეს ჯგუფი რაოდენობრივად მცირეა და ვერ ქმნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში”.

შემდეგ სტატიაში ნათქვამია, რომ ღარიბები, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს – 60 პროცენტს შეადგენენ. ამ ფენას, ძირითადად, განეკუთვნება სამეცნიერო ინტელიგენცია, კვალიფიცირებული მუშები და სოციალურად დაუცველი ადამიანები – პენსიონერები, ლტოლვილები, ინვალიდები და ა.შ.

ავტორი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში საშუალო ფენა უნდა შეადგენდეს მოსახლეობის დიდ ნაწილს, 70-80 პროცენტს, რომელსაც გამჭვირვალე ოფიციალური შემოსავლები ექნება. ამ ფენას განეკუთვნებიან ლეგალურ ბიზნესში დასაქმებული მეწარმეები და ინტელიგენცია.

აანალიზებს რა ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას, ავტორი წერს, რომ, ჯერ ერთი, საშუალო ფენა რაოდენობრივად მცირეა და, მეორე – ამ ფენის წარმომადგენელთა შემოსავლები არალეგალურია. მისი ვარაუდით, მოსახლეობის ეს ნაწილი მხარს არ დაუჭერს რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას.

სტატიის მიხედვით, “დღეს საქართველოში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი კულტურა, დაბალია კოლექტიური ცნობიერება, ეჭვი და უნდობლობა იგრძნობა არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი დამოკიდებულებაში. ხელისუფლებაც ნაკლებად უწევს ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციებს”.

ავტორის თქმით, “სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია ვითარდება საბაზრო ინსტიტუტების, პირველ ყოვლისა კი, ჯანსაღი კონკურენციის დანერგვით. სამოქალაქო საზოგადოებაში მოქალაქეებს აერთიანებს საერთო ინტერესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან კონკურენციის პირობებში”.

“ამგვარი პირობები კი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს,” – აღნიშნულია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენში.
XS
SM
MD
LG