Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმწერთა პროტესტი და საყოველთაო აღწერის პირველი შედეგები საქართველოში


საქართველოში საპროტესტო გამოსვლები სახელმწიფოსგან კუთვნილი გასამრჯელოს მიღების ლამის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

18 მარტს მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქციის ფორმით შრომის ანაზღაურების პრობლემის მოგვარება იმ ადამიანებმაც სცადეს, რომლებმაც, ცამეტწლიანი ინტერვალის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა ჩაატარეს. თუმცა სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ ეს აღმწერები კარდაკარ დადიოდნენ და მოქალაქეებს სოციოლოგიური გამოკვლევის სიკეთეზე ესაუბრებოდნენ.

საყოველთაო აღწერას მრავალგვარი გამოყენებითი ღირებულება აქვს. კერძოდ, აღწერის შედეგებით განისაზღვრება ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, მათი სქესის, ასაკის, ეროვნული ნიშნისა და მოქალაქეობის მიხედვით. ამ ნიშნების მიხედვით დგინდება მოსახლეობის განფენილობა რეგიონებში, მისი სამეწარმეო პოტენციალი, დასაქმების დონე და დემოგრაფიული მაჩვენებელი, რაც, როგორც სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იოსებ არჩვაძე აცხადებს, წინასწარი მონაცემებით, ბოლო აღწერის შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.
[იოსებ არჩვაძის ხმა] "ჯერ ერთი, რომ შემცირდა საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება, შობადობის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. წლების განმავლობაში საქართველო ხასიათდებოდა უარყოფითი მიგრაციული სალდოთი, ე.ი. გამსვლელთა რაოდენობა აღემატებოდა ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას. ესა და რიგი სხვა პარამეტრები იძლევიან ისეთი დასკვნის შესაძლებლობას, რომ დღევანდელი დემოგრაფიული სტრუქტურა მოსახლეობისა შორსაა ოპტიმალურისაგან".

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები საბოლოოდ მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაჯამდება. თუმცა დღეისთვის ცნობილია, რომ აღწერა 4, 4 მილიონმა ადამიანმა გაიარა, ხოლო ამ შრომატევადი საქმის აღსრულება სახელმწიფოს მიერ დაქირავებული, სხვადასხვა პროფესიის, 20 ათასამდე აღმწერის კისერზე გადავიდა.

თუმცა, როგორც იოსებ არჩვაძე აცხადებს, აღმწერების მატერიალური სტიმულირებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ზღვაში წვეთია, აღმწერების მიერ დახარჯულ შრომასთან შედარებით.
როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის აგვისტოს ბრძანებულებით, ერთჯერადი გასამრჯელო, სატრანსპორტო ხარჯების ჩათვლით, თითოეულ აღმწერზე 65 ლარს შეადგენს და ამ თანხის დაფარვა ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ კვარტალი თითქმის მთავრდება, ხელისუფლებას აღმწერთა ჰონორარების გასტუმრება ჯერაც არ დაუწყია, რის გამოც საყოველთაო აღწერის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა 18 მარტს საპროტესტო აქცია მოაწყო.
[აქციის მონაწილის ხმა] "რა გამოვიდა ახლა, რომ თვის ბოლოს, ეს იყო იანვარში, ჩვენ უნდა აგვეღო აქედან ჩვენი კუთვნილი ხელფასი. და აგერ უკვე მარტი მთავრდება და საერთოდ არ გვეხმაურებიან, არც გვთვლიან არაფრად."

აქციის მონაწილეთა ამ კანონიერ მოთხოვნაზე სტატისტიკის დეპარტამენტი თითს ფინანსთა სამინისტროს ხაზინისკენ იშვერს, რომელიც ხელფასის გაუცემლობის მიზეზად, როგორც ყოველთვის, თანხების უქონლობას ასახელებს. მაგრამ მაშინ, როცა ფისკალური სტრუქტურები ქვეყანას ყოველთვიურად საგადასახადო შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით შესრულებას უპატაკებენ, ეს პასუხი ისტორიული საყოველთაო აღწერის მონაწილეებში პროტესტის გრძნობას კიდევ უფრო აძლიერებს, რაც, თვის ბოლომდე მათი სამართლიანი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციაში გადაიზარდოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG