Accessibility links

logo-print

სასიყვარულო კორიდიდან - სისხლიან რიტუალამდე


31 მარტს თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ლიდერს, იაპონელ რეჟისორ ნაგისა ოსიმას,

70 წელი უსრულდება. ოსიმას სურათს “გრძნობათა იმპერია” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კინოკრიტიკოსთა უმრავლესობა დღესაც ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. საქართველოში “გრძნობათა იმპერია” მაყურებელმა პირველად 1990 წლის მარტში იხილა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” დღევანდელ გადაცემაში გიამბობთ ნაგისა ოსიმას შემოქმედების ზოგიერთ თავისებურებაზე და გავიხსენებთ, თუ როგორ აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ “გრძნობათა იმპერია” თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ფრანგი პროდიუსერის, ანატოლ დომანის, ფილმების რეტროსპექტივაზე.

ნაგისა ოსიმას “გრძნობათა იმპერია”, რომლის გადაღება რეჟისორმა 1976 წელს დაასრულა, პირველად კანის კინოფესტივალის დირექციამ ნახა და მაშინვე საგონებელში ჩავარდა: კონკურსში ამ სურათის ჩართვა სკანდალს გამოიწვევდა, ფილმის დაწუნება კი სამუდამოდ შეულახავდა სახელს მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმს. - ოსიმას სურათი კონკურსგარეშე პროგრამებში ჩართეს, რამაც დააზარალა კონკურსი: პუბლიკა მიაწყდა იმ კინოდარბაზებს, სადაც “გრძნობათა იმპერიას” უჩვენებდნენ. ფესტივალის დასრულების შემდეგ დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ სად, რომელი კინოთეატრებისთვის გადაეცათ სახელგანთქმული ფრანგი პროდიუსერის ანატოლ დომანის მიერ დაფინანსებული ეს ფილმი. თავდაპირველად, ეროვნულმა კინოცენტრმა უხეში შეცდომა დაუშვა და “გრძნობათა იმპერია”, რომელსაც მაშინვე მეორე სათაურიც მოუგონეს -“სიყვარულის კორიდა”, პორნოკინოდარბაზებს გადასცეს. საქმეში ჩაერია საფრანგეთის კულტურის მინისტრი ჟაკ ლანგი. მან ნაგისა ოსიმას ფილმს “ხელოვნების შედევრი” უწოდა და გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომელიც უფლებას აძლევდა კინოთეატრების მესვეურებს თავისუფლად, კუპიურების გარეშე ეჩვენებინათ ოსიმას ფილმი. 7 წლის შემდეგ “გრძნობათა იმპერია” კრიტიკოსებმა “ყველა დროის საუკეთესო ფილმად” აღიარეს, 10 წლის შემდეგ კი, ფრანგული ჟურნალის “პოზიტივის” გამოკითხვის შედეგებით, “გრძნობათა იმპერია” ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად გამოცხადდა.

საბჭოთა კავშირში ნაგისა ოსიმას ფილმს არავინ გამოხმაურებია. თუმცა სახელმწიფო ფილმსაცავის დახურულ ფონდში არალეგალურად დაიბეჭდა ამ ფილმის ასლები, რომლებიც წაიღეს კრემლის მაღალჩინოსანთა აგარაკებზე, სადაც, როგორც წესი, ცეკას “ბობოლები” ეროტიკულ ფილმებს უყურებდნენ ხოლმე. ამბობენ, რომ “გრძნობათა იმპერიამ’ მათ კარგა მაგრად გაუტეხა გული. ნაგისა ოსიმას შედევრი ხომ იმდენად პირობითი კინემატოგრაფიული ენით გამოირჩევა, ყოველი ჟესტი, სიტყვა, მოძრაობა, კიმონოს ფერიც კი იმდენად გააზრებულია და სიმბოლური, რომ ფილმის მსვლელობის დროს თანდათან იზრდება დისტანცია ეკრანსა და მაყურებელს შორის. იდენტიფიკაციაზე აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი. საბჭოთა კულტურაზე აღზრდილ მაღალჩინოსნებს კი, საერთოდ მოსახლეობას, ყოველთვის უჭირდა ამგვარი ხელოვნების აღქმა. შესაძლებელია, ამიტომაც არ სარგებლობდა პოპულარობით “გრძნობათა იმპერია” საბჭოთა ვიდეობაზარზე. ეროტიკის მოყვარულები უპირატესობას უფრო “ემანუელას” ანიჭებდნენ, ინტელექტუალები კი ნამდვილად ვერ აღფრთოვანდებოდნენ უხარისხო ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი ოსიმას სურათით, რომელიც შთაბეჭდილებას მხოლოდ და მხოლოდ დიდ ეკრანზე ახდენს.

1990 წელს, მიხეილ გორბაჩოვის ეპოქაში, მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით, მოეწყო რობერ ბრესონის, ჯან-ლუკ გოდარის, ფოლკერ შლენდორფის ფილმების პროდიუსერის, ანატოლ დომანის, ფილმების რეტროსპექტივა, რომელშიც, თავად დომანის მოთხოვნით, ნაგისა ოსიმას “გრძნობათა იმპერიაც” ჩართეს. კინოს სახლში, პირველ სეანსზე, ყველაფერმა თითქოს მშვიდად ჩაიარა - თუმცა პროფესიონალ კინემატოგრაფისტებს შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც სურათის მსვლელობის დროს მთქნარება აუტყდა, ზოგიერთმა კი ფილმის დამთავრებამდე დატოვა დარბაზი. მაგრამ, როცა “გრძნობათა იმპერია,” ასე ვთქვათ, “ფართო მაყურებელს” უჩვენეს მოსკოვის კინოს მუზეუმში, სეანსის ორგანიზატორებს ცოტა არ იყოს შეეშინდათ კიდეც. “ეს ყველაფერი ებრაელების მოწყობილია”,- იყვირა შუა სეანსზე შუა ხნის ქალბატონმა, რომელსაც ცოტა ხანში სხვებიც შეუერთდნენ. მეორე სეანსზე, ფილმის დაწყების წინ, კინოს მუზეუმთან პროფაშისტური ორგანიზაციის, “პამიატის,” ბიჭები მივიდნენ. ნაგისა ოსიმას რატომღაც “მასონური ორგანიზაციის აგენტი” უწოდეს და სასწრაფოდ მოითხოვეს სეანსის შეწყვეტა. ორ კვირაში ანატოლ დომანის ფილმების რეტროსპექტივა, თავისი “გრძნობათა იმპერიით,” თბილისში ჩამოიტანეს. ფილარმონიის დიდ დარბაზში ყველა ბილეთი მაშინვე გაიყიდა.

“გრძნობათა იმპერიის” თბილისურ პრემიერამდე ქართველ კინოს მოყვარულებს ნაგისა ოსიმას გვიანდელი ფილმის ნახვის საშუალება ჰქონდათ. თუმცა იაპონელი რეჟისორის ეს პაციფისტური სურათი “შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს” საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური. უფრო სწორად, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა კარგად გააზრებული ოსიმას, როგორც მოქალაქის, პოზიცია. ამ ფილმში იაპონელ კაპიტანს, ენოის, უცნაური ლტოლვა აქვს თავისი მტრისადმი, ბრიტანელ მაიორ ჯეკ სელერსისადმი, რომელიც 1942 წელს, კუნძულ იავაზე, იაპონელთა ტყვე ხდება. სელერსის როლს აქ დევიდ ბოვი ასრულებს, ენოისას - იმხანად სრულიად ახალგაზრდა რუიჯი საკამოტო, რომელიც, ამავე დროს, ოსიმას ფილმის კომპოზიტორია. აღმოსავლური მელოდია დასავლური ინტონაციით მთელი ამ ფილმის სულისკვეთებას გამოხატავს - დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთი მთლიანობის გახლეჩილი ნაწილებია და, ისევე როგორც “მსხვერლსა” და “ჯალათს”, ამ ანტინომიებს ერთმანეთის მიმართ მარადიული ლტოლვა ტანჯავთ. ძლიერი სუსტს თრგუნავს, სუსტი განთავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ვერა და ვერ ელევა “დათრგუნულის როლში” ყოფნას, რადგან იგი უკვე მიეჩვია ამ როლს, დამოუკიდებლად არსებობა მას არ შეუძლია [მუსიკა,“შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს”]

ნაგისა ოსიმას ფილმი “შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს” ფაქტობრივად სახეშეცვლილად ამკვიდრებს იმ თემას, რომელმაც “გრძნობათა იმპერიაში” გაიჟღერა. მარკიზ დე სადის, მაზოხას, ბატაისა და არტოს იდეებით და, რა თქმა უნდა, თავად იაპონური კულტურული არქეტიპებით შთაგონებული ოსიმა, ანტინომიების სახით, აქ მდედრისა და მამრის სახეებს, მათ ორთაბრძოლას, სიყარულის სისხლიან კორიდას წარმოგვიდგენს. მდედრი ცდილობს მიაღწიოს სამყაროს პირველად ერთიანობას - მამრთან შერწყმას, დათრგუნული მდედრი ნელ-ნელა იწყებს მამრის დათრგუნვას. მსხვერპლისა და ჯალათის როლები აქაც იცვლება. სიყვარული თავად ხდება ძალადობის სინონიმი. “სხვაში შერწყმისა” თუ თვითუარყოფის ეს სისხლიანი და, თანაც, ვნებით აღსავსე რიტუალი ერთდროულადაა როგორც სიყვარულის, ასევე სიკვდილის მიმართ ლტოლვის გამოხატულება.

მოსკოველი მაყურებლისგან განსხვავებით, 1990 წლის ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც ერთი წლით ადრე ჯალათებმა სწორედ მდედრი - გოგონები და ქალები დაუხოცეს, საზოგადოებამ, რომელსაც სისხლიანი რიტუალები ჯერ კიდევ ჩასატარებელი ჰქონდა, “გრძნობათა იმპერია” მშვიდად აღიქვა. ფილმის ჩვენებას ინციდენტი არ მოჰყოლია.. საპროტესტო მიტინგები ფილარმონიასთან არ გამართულა. თუმცა ერთი საგულისხმო ტენდენცია მაინც წარმოჩნდა - ფილმის მსვლელობის პროცესში დარბაზიდან გასვლა დაიწყეს ქალბატონებმა - მათ შორი, იმათაც, ვინც აქ მამაკაცებთან ერთად იყო მოსული. მამაკაცები ხმაურით და რეპლიკებით, ხანდახან სიცილით უკეთებდნენ კომენტარს ეკრანულ მოქმედებას. ფინალური სცენის წინ, როცა გეიშა, სახელად სადა, თავის ბატონს კლავს, შემდეგ კი მისი კასტრაციისთვის ემზადება, პუბლიკამ თითქმის ისტერიული ყვირილი დაიწყო: “არ მოაჭრა! არ მოაჭრა!” - ისმოდა ხმები დარბაზში. ქალის უზარმაზარი ქანდაკებით - “მუზით” - დამშვენებული ფილარმონიის ორიათასკაციან საკონცერტო დარბაზში გაიღვიძა ემოციამ, რომლის მსგავსი ნაგისა ოსიმას, შესაძლებელია, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ენახა - ფილმის უაღრესად პირობითი ენის მიუხედავად, იდენტიფიკაციის მექანიზმი მაინც გათამაშდა - “გრძნობათა იმპერიის” ფინალში მაყურებელმა ფიზიკური ტკივილის მსგავსი რაღაც იგრძნო. ზოგიერთი ქართველი ფსიქოლოგის აზრით, ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის ერთიანობასთან გარდატეხის მიჯნაზე მყოფი საზოგადოების უაღრესად საინტერესო შეხვედრა, რომელმაც ისიც გვიჩვენა, რომ მთლიანად ქართული საზოგადოება თუ არა, ამ დარბაზში თავმოყრილი პუბლიკა მაინც, ჯერ არ იყო მზად რადიკალური ცვლილებებისთვის. მას ტკივილის ეშინოდა და გაურბოდა თავის თავში დაბადების, თავის თავში მშობიარობის პროცესს. მას ჯერ კიდევ ეშინოდა თავისუფლების.
XS
SM
MD
LG