Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის გააქტიურება და მისი პერსპექტივები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა გარემოში მიმდინარეობს დასავლეთის ურთიერთობების გააქტიურება საქართველოსთან, რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა ამისათვის,

რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. ამ საკითხების გარშემო ესაუბრა გიორგი კაკაბაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს და მოძრაობა”დაბრუნების” ერთ-ერთ ლიდერს, რაულ კუპრავას.

დასავლეთის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურება მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგობისა და შეშფოთების ფონზე. გარდა ამისა, რუსეთის ორასწლიანი დიქტატის შედეგად, ჩვენი საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილში დამკვიდრდა სრულიად მცდარი თვალსაზრისი, რომ საქართველომ, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს არა დასავლეთის, არამედ დიდი მეზობლის, ერთმორწმუნე რუსეთის ინტერესები. მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით, - აღნიშნავს რაულ კუპრავა, - ამერიკა საქართველოს სთავაზობს ძალიან სერიოზულ დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში, რაც, როგორც ცნობილია, არაერთ მიმართულებას მოიცავს. რესპონდენტის თქმით, ”განვლილ წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ გამოირჩეოდა მკაფიოდ გამოკვეთილი დასავლური ორიენტაციით. ვითარება შეცვალა ამერიკის ხელისუფლებაში ბუშის ადმინისტრაციის მოსვლამ, რის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, ერთგვარად, იძულებული შეიქნა, დათანხმებულიყო დასავლეთთან ურთიერთობების გააქტიურებას.”

ამასთან ერთად, რაულ კუპრავა მიიჩნევს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის პროცესში შეერთებულ შტატებს საკმაოდ ბევრი სიძნელე ექნება დასაძლევი, ვინაიდან, [კუპრავას ხმა] “ამჟამინდელი ხელისუფლება მას ახვედრებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც რეალურად ეწინააღმდეგება დასავლეთის შემოსვლას, და ოლიგარქების პლეადას, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში ხელი მოითბო დასავლურ კრედიტებზე და, ამდენად, მათთან დასავლეთის მუშაობა მარტივი არ იქნება”.

მაგრამ შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური მდგომარეობით, ამიტომ მზად არის ითანამშრომლოს ისეთ ძალებთან, რომლებიც ახალ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შექმნიან ქვეყანაში. ამის საფუძველზე კი, - ამბობს რაულ კუპრავა,- სამი წლის შემდეგ საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უნდა ველოდეთ.
რესპონდენტის თქმით, “ეჭვგარეშეა, რომ ამ ხნის განმავლობაში რუსეთი, ცნობილ მიზეზთა გამო, წინააღმდეგობას გაუწევს საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესს. ამ დროს კი საქართველო ცდილობს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას, როდესაც საუბრობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შემაერთებელი მილსადენის აგებაზე აფხაზეთის ტერიტორიის გავლით. ეს კი ეკონომიკურ მოგებას ჰპირდება ჩრდილოელ მეზობელს”.

რაულ კუპრავას აზრით, დასავლეთის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები იმდენად სერიოზულია, რომ საქართველო, უბრალოდ, იძულებული გახდება, მტკიცედ დაიცვას საკუთარი ინტერესები რუსეთთან ურთიერთობაში.

რას უნდა ველოდეთ დასავლეთთან და, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გააქტიურებისაგან? [კუპრავას ხმა] “უპირველს ყოვლისა, უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანა გადავა გაცილებით უფრო სტაბილურ მდგომარეობაში და, მეორე, რაც ყველაზე მთავარია, უნდა ველოდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აი, ამ ორი პრობლემის მოგვარების რეალურ პერსპექტივას ვხედავ დასავლეთის შემოსვლასთან ერთად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთში ტანკებით უნდა შევგუგუნდეთ”.

რაულ კუპრავას თქმით, “ზოგიერთი მცდარად მიიჩნევს, რომ ამერიკის შემოსვლა საქართველოში აფხაზეთთან ომის დაწყების მომასწავებელია. რაელურად კი აფხაზეთის პრობლემა მოგვარდება პოლიტიკური გზით, რასაც ძალა უნდა უმაგრებდეს ზურგს”. ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში სწორედ იმას მოწმობს,რომ ჩვენს ქვეყანას ქმედითუნარიანი შეიარაღებული ძალები ეყოლება, - ამბობს რესპონდენტი.
XS
SM
MD
LG