Accessibility links

logo-print

რას ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა?


საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით,

სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ ჯავახეთის რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას იწყებს. სამცხე-ჯავახეთის პრობლემატიკაზე მსჯელობდნენ 27 მარტს საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, სადაც მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ წარმოადგინა რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი, რომელიც ეუთო-ს ფინანსური მონაწილეობით შეიქმნა.

ეუთოს სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წელს რუსეთმა და საქართველომ კიდევ ერთი, ახალქალაქში განლაგებული, რუსული სამხედრო ბაზის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის ვადებზე უნდა მოილაპარაკონ. თუმცა, როგორც სამთავრობო კომისიების წინასწარ შეხვედრებზე გაირკვა, რუსეთი ცდილობს გაიხანგრძლივოს სამხედრო ყოფნა ამიერკავკასიის სტრატეგიულ მონაკვეთზე, რისთვისაც მოხერხებულად იყენებს ჯავახეთში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას.

სუსტად განვითარებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზამ დიდი ხანია სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. სამხედრო ბაზის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს დაახლოებით 5 000 ადამიანს, რომლებმაც რამდენჯერმე გამოხატეს პროტესტი სამხედრო ბაზის ლიკვიდაციის გამო. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს კი ჯავახეთში მოქმედი ზოგიერთი სომხური პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი შეეცადა სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურში გადაეზარდა.

მაშინ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრმა ვან ბაიბურთმა ჯავახეთში შექმნილი პრობლემის სპეციფიკურობა ასე განმარტა:
[ვან ბაიბურთის ხმა] "ეს არის მცდელობა იმისა, რომ ბევრი მოითხოვონ და ცოტა მიიღონ. ან თანამდებობები მიიღონ."[სტილი დაცულია]

იმხანად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ პირველად განცხადდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, შესაბამისი ეკონომიკური გარანტიების უქონლობის პირობებში, ალბათ, არ უნდა იჩქაროს სამხედრო ბაზების საკითხის ფორსირება.
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "სანამ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, პრაქტიკულად, საჭიროა გარკვეული სამუშაოს ჩატარება თუნდაც იმისათვის, რომ მოსახლეობას იქ დისკომფორტი არ შეექმნას ამის გამო."

აღსანიშნავია, რომ "გარკვეულ თეორიულ სამუშაოებს," ამ თვალსაზრისით, უკვე მეორე წელია ატარებენ არასამთავრობო ორგანიზაციის "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის" ექსპერტები, რომლებმაც უკვე მოამზადეს სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა. როგორც ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დოკუმენტი განკუთვნილია საერთაშორისო დონორებისთვის და იგი რამდენიმე პრიორიტეტული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.
[გია ნოდიას ხმა] "ეს პრიორიტეტებია: განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნა, მისი სწავლება. ეს არის საინფორმაციო სივრცის განვითარება, რამდენადაც, მოსახლეობა ჩივის, რომ რეგულარულად იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში. ეს არის ინფრასტრუქტურა, უპირველეს ყოვლისა, გზები და სარწყავი სისტემები; ადგილობრივი მმართველობის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ეს არის ბიზნესის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, იმიტომ რომ უმუშევრობის დონე იქ განსაკუთრებით მაღალია; ეს არის სოციალური პრობლემები".

როგორც ირკვევა, ამ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა უკანასკნელ სტადიაშია და, იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც პირველ ვარიანტთან დაკავშირებით გამოითქვა, პროექტი საბოლოო სახეს ერთ კვირაში მიიღებს. დაახლოებით ივნისში კი დაიწყება სამუშაო შეხვედრები იმ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს ამ რთული რეგიონის პრობლემატიკით დაინტერესდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, გია ნოდიას განმარტებით, სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულად ხდება. ასევე, საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ სწორად შეაფასოს რეგიონის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და დონორებს შესაბამისი პროექტები შესთავაზოს.
XS
SM
MD
LG