Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნები დაინიშნა, მაგრამ შეიძლება ვერ ჩატარდეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 2 ივნისს უნდა გაიმართოს - ყოველ შემთხვევაში, ასე წერია პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებაში, რომელსაც მან პარასკევს, 29 მარტს, მოაწერა ხელი.

პარასკევსვე გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა უნდა განეხილათ. განხილვისას აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება სერიოზულ ეჭვს იწვევს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს კოლეგა დენის დავითაშვილმა შეახსენა, რომ შარშან, შემოდგომაზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მათ თხოვნით მიმართეს პრეზიდენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2002 წლის 20 ოქტომრისთვის გადაეტანა. საარჩევნო კომისიას მაშინ საამისოდ საკმაოდ ჰქონდა მოტივები. დენის დავითაშვილის თქმით, შევარდნაძემ ისინი შეისმინა, მაგრამ კომისიის არგუმენტები საკანონმდებლო დონეზე აღარ გაუთვალისწინებიათ. მართლაც, პარლამენტს შარშანდელი შემოდგომის შემდეგ ერთხელაც აღარ უმსჯელია ადგილობრივი არჩევნების კანონსა თუ საარჩევნო კოდექსზე. დენის დავითაშვილმა შესთავაზა კომისიის წევრებს, ძალაში დაეტოვებინათ პრეზიდენტისადმი თავიანთი შარშანდელი მიმართვა და თხოვნა არჩევნების 20 ოქტომბერს გამართვის თაობაზე [დავითაშვილის ხმა]: “მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გარანტირებულად დაავალოს ფინანსთა მინისტრს, გამოყოს სახსრები და მოხდეს ცვლილება 2002 წლის საქართველოს ბიუჯეტში: გამოკვეთილად გამოჩნდეს სტრიქონი, რომ 2002 წლის 27 თუ 20 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის გამოყოფილია მათი ჩატარებისათვის საჭირო 5 მილიონი ლარი”.

დავითაშვილის მიდგომა არ გაიზიარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გია ზესაშვილმა. მისი აზრით, საარჩევნო კომისიამ, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერი უნდა იღონოს არჩევნების ჩასატარებლად. [ზესაშვილის ხმა]: “ბატონი დენისის პროექტი შეგვიძლია მივიღოთ დადგენილებად, თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჩაერიცხება თანხა კანონით დადგენილ ვადაში; 18 აპრილამდე თანხა თუ არ გვექნა, იქმნება საშიშროება, რომ არჩევნები არ შედგეს”. მაგრამ, თუ პარლამენტი და პრეზიდენტი გაიზიარებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადებებს, კომისიას არავითარი უფლება არა აქვს, არ ჩაატაროს არჩევნები. კომისიის წევრებმა ზესაშვილის წინადადება მისაღებად მიიჩნიეს.

ხათუნა გოგორიშვილმა, რომელიც, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია, თანხის არქონის გარდა, კიდევ ერთი, მისი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი, პრობლემა მონიშნა: ვისაც არჩევნების ჩატარება ევალება, იმათგან ხეირიანად არავინ იცნობს შარშან მიღებულ საარჩევნო კოდექსსა და ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესახებ კანონში. მით უმეტეს, თუ კანონი მოითხოვს საარჩევნო კომისიების შემადგენლობის შეცვლას, სრულ დომხალთან გვექნება საქმე. [გოგორიშვილის ხმა]: “ახლა კანონი მიღებული რომც იყოს, მაინც პრობლემა იქნებოდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის შესაბამისი მომზადება... მით უმეტეს, თუ ჯერაც არ შეთანხმებულან, რა სახის თვითმმართველობა იქნება. სულ ცოტა, განცხადება უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს მიმართვას რეაგირების გარეშე დატოვებენ, რომ იქნება სერიოზული პრობლემები. რა თქმა უნდა, პრობლემების გამო ჯოხს საარჩევნო კომისიებზე გადატეხენ”.

სხდომის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე პრეზიდენტთან აპირებდა შეხვედრას მისთვის პრობლემათა გაცნობის მიზნით.
XS
SM
MD
LG