Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასექის დღეს ტერორს ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიაზე ფართო სამხედრო ოპერაციით უპასუხებს


მას მერე, რაც ისრაელმა ექსტრემისტმა მოკლა პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი

– ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის, როგორც დღეს ჩანს, ერთადერთი გავლენიანი მაძიებელი – კონფლიქტის სამართლიანად და თან მშვიდობიანად მოგვარება შეუძლებელი გახდა. რაბინის მკვლელობას მოჰყვა პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის გავლენის შემცირება და ისრაელში ხელისუფლების სათავეში არიელ შარონის მოსვლა. ებრაელთა პასექზე განხორციელებულმა ტერაქტმა შარონს საშუალება მისცა, ძველი მოწინააღმდეგე არაფატი მტრად გამოეცხადებინა.

ხუთშაბათს, აფეთქება მოხდა ქალაქ ნეტანიას ერთ-ერთ სასტუმროში, დაიღუპა ოცზე მეტი ადამიანი. ამან ისრაელს საფუძველი მისცა მის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაზე ალაპარაკებულიყო. პალესტინელთა არაოფიციალურ დედაქალაქ რამალაში, სადაც პალესტინელთა ავტონომიის თავმჯდომარის იასირ არაფატის შტაბ-ბინაა, პარასკევს ათეულობით ტანკი და საბრძოლო მანქანა შევიდა.არმიამ ცეცხლი დაუშინა არაფატის ადგილმსამყოფელს. ისრაელის პრემიერმა შარონმა კაბინეტის სხდომის შემდეგ პარასკევს თქვა:. [შარონის ხმა] “არაფატი, რომელმაც ისრაელის წინააღმდეგ ტერორის კოალიცია შექმნა, ჩვენი მტერია, და იზოლირებულ უნდა იქნეს”. რამალაში და პალესტინელთა ტერიტორიებზე შეჭრასთან ერთად, ისრაელის არმიამ მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა სატელევიზიო არხებს, ასევე დადუმდა რადიო “პალესტინის ხმა”. ისრაელის მთავრობამ 20 ათასი თადარიგის სამხედრო მოსამსახურის მობილიზება გამოაცხადა.

როცა ახლახან შეერთებული შტატების შუამავალი ენტონი ზინი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა, იმედის მცირე ნაპერწკალი ყველას გაუჩნდა, რომ სიტუაცია შეიძლებოდა გამოსწორებულიყო. მიუხედავად სისხლისღვრისა, ზინი განაგრძობდა მოლაპარაკებას. მაგრამ არაფატმა არ მიიღო მისი გეგმა, რომელიც, როგორც პალესტინელთა მხარემ გამოაცხადა, შეიცავდა პასაჟებს, რომელიც თვითონ ზინის არ ეკუთვნოდა და ისრაელის მიერ იყო შეცვლილი. არაფატმა თქვა ამასთან, რომ ის მზად არის ახლავე დაიწყოს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯორჯ ტენეტის სამშვიდობო გეგმის თაობაზე მოლაპარაკება.

მაგრამ არაფატს ისრაელის თვალში სახელი ერთობ გატეხილი აქვს. ის ახლანდელ ხელისუფლებას გულზე არასოდეს ეხატებოდა ძველი ანგარიშების გამოც. შეგახსენებთ, რომ თავისი შეგნებული ცხოვრება ამ პიროვნებამ პალსეტინელთა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიუძღვნა და ეს ბრძოლა ყოველთვის მშვიდობანი არ ყოფილა. ბრძოლა კი არაფატმა სტუდენტების წინამძღოლად დაიწყო ღაზის სექტორში, შემდეგ ისრაელის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, როგორც ეგვიპტის არმიის ოფიცერი, 1969 წლიდან კი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის მეთაური იყო, ტერორს თესავდა ისრაელში იორდანიიდან. მოგვინებით არაფატმა ისრაელს მშვიდობა შესთავაზა, მაგრამ წამოწყების ბოლომდე მიყვანა არ მოხერხდა. როგორც არიელ შარონის წარმომადგენელი რაანან გისინი ამბობს, არაფატმა ათჯერ შემოგვათავაზა ზავი, მაგრამ არასოდეს დაუცავს ისო.

ბეირუთში ოთხშაბათს და ხუთშაბათს არაბული ლიგიის სამიტი, რომელზეც ისრაელმა არ მისცა არაფატს დასწრების ნება, მაგრამ არაფატმა თვითონაც არ ისურვა ლიბანის დედექალაქში წასვლა. ბეირუთში საუდის არაბეთის პრინცისეული სამშვიდობო გეგმა უნდა განეხილათ, გეგმა, რომელიც, არიელ შარონის აზრით, ისრაელისთვის დამღუპველი და მიუღებელია და თანაც ისრაელს მის ავკარგიანობაზე არავინ არაფერს ეკითხება.

სტატუს კვო ასეთია: არაფატი თავს წამებულად აცხადებს, ისრაელი მას მტრად მიიჩნევს, მაგრამ მოკვლას არ უპირებს. ამასთან, ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიებს იკავებს, ცდილობს რა შეებრძოლოს თავისი ხალხის წინააღმდეგ ტერორს, რომელსაც არაფატი ვერც მართავს, რადგან ტერორი ინდივიდების საქმეცაა.

ამ ყველაფრის ფონზე, რამალაში ჩავიდა პალესტინელთა მომხრე 600-მდე უცხოელი, მათ შორის საფრანგეთის ფერმერთა კავშირის ლიდერი, გლობალიზაციის ცნობილი მოწინააღმდეგე ჟოზე ბოვე. მათ განზრახული აქვთ, ცოცხალ ფარად დაუდგნენ პალესტინელ მოქალაქეებს და მათ ამგვარად დაუჭირონ მხარი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG