Accessibility links

logo-print

როგორ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება?


მას შემდეგ, რაც ადგილობრივი არჩევნების ჩატარება 2 ივნისისთვის გადაწყდა, არჩევნების თემა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა.

კიდევ უფრო აქტუალურია ეს თემა უკრაინაში, სადაც კვირას საპარლამენტო არჩევნები მოეწყობა. მაგრამ მასალაში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ამ ორი მოვლენიდან არც ერთზე არ ვაპირებთ საუბარს. გვინდა, უფრო ზოგადად (თუმცა, ცხადია, კონკრეტული მაგალითების მოშველიებით) განვიხილოთ საკითხი: რა უპირატესობით სარგებლობს კენჭისყრისას ის კანდიდატი, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენს? და რა მექანიზმები არსებობს ამ უპირატესობათა გასაბათილებლად? დღეს გიამბობთ ნორმებზე, რომლებიც ევროპის კავშირის ორ ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მოქმედებს.

როცა შოტლანდიელი პოლიტიკოსი ჰენრი მაკლიში 80-იანი წლების მიწურულს ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გახდა, თავისი ოფისის ქირის გადასახდელად მან, მრავალი კოლეგის მსგავსად, სახელმწიფო სახსრების გამოყოფა მოითხოვა. გავიდა დრო და მაკლიშმა თავისი ოფისის ნაწილი გააქირავა და წლების მანძილზე ამ გზით 50 ათას დოლარზე მეტი მიიღო; პარალელურად, “ოფისის ხარჯების” დასაფარად, ის სახელმწიფო სახსრების მიღებასაც განაგრძობდა.

შარშან ეს ამბავი, რომ იტყვიან, “გასკდა”, და ხმაურიანი სკანდალი მაკლიშს - იმხანად შოტლანდიის რეგიონული მთავრობის მეთაურს - ძვირად დაუჯდა: მინისტრს, რომლის საქმე ენამოსწრებულმა ჟურნალისტებმა “ოფისგეიტად” მონათლეს, პოსტის დატოვება მოუხდა.

გადასახადების გადამხდელთა ფულს მაკლიში არამიზნობრივად ხარჯავდა არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიების მსვლელობისას, არამედ სხვა დროსაც. მაგრამ ბრიტანეთის ორგანიზაცია “დემოკრატიული აუდიტის” თანამშრომლის სტიუარტ უეირის თქმით, მაკლიშის საქმე საუცხოო მაგალითია იმისა, როგორ იყენებენ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ყოფნის პრივილეგიას საარჩევნო კამპანიაში წარმატების მისაღწევად. [სტიუარტ უეირის ხმა] “ყველაზე გახმაურებული და ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ჰენრი მაკლიშის შემთხვევა - შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრისა, რომელმაც ოფისის ქირისთვის დამატებითი სახსრები მოითხოვა, მიღებული ფული კი ადგილობრივ ლეიბორისტულ პარტიაში ჩადო ამომრჩეველთა თხოვნების უკეთ დაკმაყოფილებისა თუ ინფორმაციის უკეთ გავრცელების მიზნით. და ეს ყველაფერი ლეიბორისტული პარტიის წევრთა უმრავლესობამ სრულიად ნორმალურ ამბად მიიჩნია; რაც იმის დასტურია, რომ ამგვარი პრაქტიკა საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული.”

დიდ ბრიტანეთში მოქმედი “მინისტრების ქცევის კოდექსი” მინისტრებს უკრძალავს თანამდებობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრივილეგიის გამოყენებას - ფულადი სახსრებით დაწყებული და საოფისე აღჭურვილობითა თუ სატრანსპორტო საშუალებებით დამთავრებული - პარტიული საქმიანობისთვის ან ამომრჩეველთან საურთიერთოდ.

ამ სფეროზე მეთვალყურეობის მიზნით მთავრობის კაბინეტში შექმნილია მინისტრებისა და სახელმწიფო მოხელეთა ეთიკის ოფისი, რომლის ხელმძღვანელმა სალი პიუმ ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა: [სალი პიუს ხმა] “მინისტრს არ უნდა შეეძლოს თავისი აპარატის, ანუ შტატიანი სახელმწიფო მოხელეების გამოყენება, რომელთა საქმე, ზოგადად, მთავრობის სამსახურია, და არა რომელიმე პარტიისა. პრემიერ-მინისტრის ან მინისტრების მხრიდან დაუშვებელია ამ ხალხის გამოყენება ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად.”

90-იანი წლების მიწურულს, რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსის ირგვლივ მომხდარი სკანდალის შემდეგ, ბრიტანეთში შეიქმნა “საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმების კომიტეტი”. როგორც მისმა პრესმდივანმა ფიონა დიკმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, წესები განსაკუთრებით მკაცრდება საარჩევნო კამპანიების დროს. [ფიონა დიკის ხმა] “მათ უფლება არა აქვთ, სახელმწიფო სახსრები პარტიული პროპაგანდისთვის გამოიყენონ. ისევე, როგორც არ შეიძლება პარტიულ კონფერენციებზე ნათქვამის ჩართვა პრესისთვის განკუთვნილ ცნობებში; ასევე არ შეიძლება, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც პარტიის პოლიტიკის გამომხატველად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ მკაცრად გვაქვს დადგენილი, რისი თქმის ნება აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მონაწილეებს. შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე მინისტრები მინისტრობას წყვეტენ.”

დიკის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე მინისტრები და პარლამენტის წევრები კარგავენ უფლებას, ისარგებლონ თავიანთი ოფისებით, სამსახურის ავტომანქანებით თუ აღჭურვილობით. თუმცა, ეს ზომა, ცხადია, ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის.

როგორც სტიუარტ უეირი ამბობს, არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, რომ ესა თუ ის მინისტრი ამა თუ იმ რეგიონის ამომრჩეველთა გულის მოსაგებად სწორედ ამ რეგიონისთვის მომგებიან გადაწყვეტილებას იღებს.

ზოგ შემთხვევაში ძნელია განსაზღვრო, გვაქვს თუ არა საქმე პრივილეგირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან. ასეთ შემთხვევებში მინისტრის საქციელი პრემიერ-მინისტრმა უნდა განსაჯოს.

ეს თემა დღეს მეტად პოპულარულია გერმანიაში, სადაც სექტემბერში კანცლერის არჩევნები გაიმართება. ამ ცოტა ხნის წინათ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თავდაცვის მინისტრის რუდოლფ შარპინგის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების კერძო მიზნებით გამოყენებას უკავშირდებოდა. მართალია, კანცლერ შრიოდერის თანაპარტიელის საქციელს არაფერი ჰქონდა საერთო უშუალოდ საარჩევნო კამპანიასთან, მაგრამ მისი შემთხვევა ბევრმა გერჰარდ შრიოდერისთვის გაფრთხილებად მიიჩნია იმ თვალსაზრისით, რომ მან ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გამიჯნოს სამსახურებრივი საქმიანობა და საარჩევნო მოღვაწეობა.

ბრიტანელი პარლამენტარებისა არ იყოს, ქცევის კოდექსი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებსაც უზღუდავს მოქმედების თავისუფლებას. თუმცა, როგორც ჩვენს კორესპონდენტს პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა, ეს კოდექსი დეპუტატებს მხოლოდ ქცევის ნორმებს განუსაზღვრავს და კანონის ძალა არა აქვს. ასე რომ, პარლამენტარის მიერ ამა თუ იმ ნორმის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი შედეგები.

საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ჩვენს ერთ-ერთ მომდევნო გადაცემაში შევეცდებით. ასევე მომავალ კვირაში განვიხილავთ შეერთებულ შტატებში მოქმედ მექანიზმებს, რომლებიც მიზნად ისახავს არჩევნების დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა უპირატესობის გაბათილებას.
XS
SM
MD
LG