Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის ვასალი – ერთგული ძაღლი ტონი ბლერი


“უხილავი ფარდა” დღეს ორი ნაწილისგან შედგება.

პირველი ბრიტანეთის პრემიერის ტონი ბლერის პრობლემებს შეეხება მისსავე პარტიაში და იმას, რომ ის თავის ქვეყანაში ამერიკის ერთგულ ვასალად, ბუშის ერთგულ ძაღლად არის მიჩნეული. მეორე ნაწილში უნგრეთის ხელისუფლებზე გვექნება საუბარი. ევროპის კავშირის მომავალ წევრ ამ ქვეყანაში, რომელიც სანიმუშო სახელმწიფოდ ითვლება ეკონომიკური თვალსაზრისით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მემარჯვენე პოპულისტურ ძალებს ეარშიყება და ამით იმედოვნებს ხალხის მიზიდვას. არცერთი ამბავი, არც ბრიტანეთისა და არც უნგრეთისა, არ არის შორეული და გაუგებარი. თამაშების მონაწილეები და მოქმედების ადგილი სხვა არის, მაგრამ ეს წარმოდგენები ყველა ერთმანეთს ჩამოჰგავს.

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა - თემთა - პალატაში სააღდგომო არდადეგების წინ, პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ჩვეულებისამებრ წარდგა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. მაყურებელთა აივნიდან ვიღაცამ დაიყვირა, ეგ სამხედრო დამნაშავეა, სასამართლოში უნდა მივცეთო. ფერმკრთალი და გაღიზიანებული ცდილობდა ტონი ბლერი აეხსნა დამსწრეთათვის, თუ რატომ აუსრულა ამერიკელებს სურვილი და რატომ დათანხმდა გაეგზავნათ ავღანეთის მთებში საომრად 1700 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე. მალევე, როცა დეპუტატები ავღანეთში მყოფი მათი ჯარის უსაფრთხოებაზე ბაასობდნენ და ერაყზე შესაძლებელ თავდასხმას აანალიზებდნენ, გადაღლილი პრემიერი უკვე წასული იყო. ის გადაურჩა საკუთარი პარტიის წარმომადგენლების მკაცრი შეფასების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორი ერთგული ვასალი გახდა ის ჯორჯ ბუშისა. ბლერის საქმე, პოპულარულობის მხრივ, ასე ცუდად არ ყოფილა ტერორიზმისთვის ომის გამოცხადების მერე. სულ უფრო და უფრო ეჭვი შეეპარათ მის შორსმჭვრეტელობაში. შარშან ნოემბერში გამოაცხადა ბლერმა, მტერი დამარცხებულიაო და ახლა, ისე, რომ კაბინეტს არ ჰკითხა, დათანხმდა ამერიკელი მეგობრების თხოვნას, გაეგზავნა ავღანეთში საგანგებო დანიშნულების ჯარი, რადგან ამერიკელები მარტო ვერ უმკლავდებოდნენ “ალ ყაიდას”. პარლამენტის 131 ლეიბორისტი დეპუტატი ამხედრდა ერაყზე თავდასხმის წინააღმდეგ. დახმარების სფეროს მინისტრი კლეა შორტი იმუქრებოდა, გადავდგები, თუკი ბუში და ბლერი სადამ ჰუსეინზე გაილაშქრებენო. არამარტო საკუთარ სახლში, ბლერი იზოლირებულია ევროპის კავშირშიც, განსაკუთრებით მას მერე, რაც შეეცადა ერაყთან ომის საჭიროებაში თავისი კოლეგები დაერწმუნებინა. თვითონ ბრიტანეთში ბლერმა გადაიკიდა პროფკავშირებიც, როცა იტალიის პრემიერს სილვიო ბერლუსკონის შეეკრა და გერმანია-საფრანგეთის წინააღმდეგ ალიანსი შექმნა, რათა ევროპის კავშირში მომუშავეთა უფლებები შეესუსტებინა დამსაქმებელთა სასარგებლოდ. ბრიტანეთი ტრადიციულად შეერთებული შტატების ერთგულია. ევროპის საქმეებში ის ხშირად უარყოფით როლსაც თამაშობდა. ტონი ბლერს ახლა უხსნიან, რომ ჩერჩილის დროინდელი ე.წ. “განსაკუთრებული ურთიერთობა” ვაშინგტონთან, ახლა ცალმხრივი გახდა, ცალმხრივად განსაკუთრებული, რადგან ბუში ულაპარაკოდ უსრულებს სურვილებს ვაშინგტონს; ჯორჯ ბუშმა კი სრული იგნორირება გაუკეთა ბლერის მოწოდებას, არ დაეწესებინა ევროპულ ფოლადზე ბაჟი.

ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნდა კარიკატურა, რომელზეც ბლერი გამოყვანილია პუდელის ჯიშის ძაღლად. მისი ბეწვი ამერიკის დროშის მსგავსია. იქვეა მომთვინიერებელი, რომელიც ბუშს ჩამოგავს და პუდელს ასწავლის უკანა ფეხებზე დგომას. იქვე მცირე ზომის ნახატზე მოჩანს ჩექმიანი ფეხი, რომელიც პუდელს ამოკრეს, საცოდავი ძაღლი შეშინებული გარბის, ფეხს კი ჩექმა აცვია, ფოლადით გამაგრებული. კარიკატურას შემდეგი ტექსტი ახლავს: “1998 წლიდან 2002-მდე ჯიშის ჩემპიონი. ძალიან ერთგული - გამოყვანილი იდიოტი.” ჯიშს, რომელშიც ამერიკის დროშიანმა პუდელმა ჩემპიონობა მოიპოვა, შემძრომთა ჯიშს უწოდებს გაზეთი “ტაიმსი”, სადაც ეს კარიკატურა გამოქვეყნდა.

ტონი ბლერს ხელისუფლებაში დიდი დრო არ უწერია, რადგან მას შინ აღარ ენდობიან. ბრიტანეთში საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ არ არის კარგი პრემირ მინისტრისთვის მეტ ხანს დარჩეს, ვიდრე ის ხალხს სურს, ამ მხრივ მოქნილ და წარმატებულ პოლიტიკას მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც შესანიშნავ მოყვარულ მსახიობად და პოზების მიღების დიდოსტადად ითვლება. მისი კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ურბანი იოლად შეეკვრება ანტისემიტურად განწყობილი ნაციონალ-პოპულისტის შურკას პარტიას, რათა უმცირესობის მთავრობის სათავეში დარჩეს. ორბანის ბიოგრაფი პეტერ კენდე ამბობს, რომ მოქმედებისას პრემიერი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხელმძღვანელობს.

ნაციონალისტების პარტიას, რომელსაც, როგორც გითხარით, მემარჯვენე ექსტრემისტი იშტვან შურკა უდგას სათავეში და რომელსაც “სამართლანობის და ცხოვრების პარტია” ჰქვია, არ გაუჭირდა ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნაზე ასი ათასი მომხრე შეეკრიბა. ამ პარტიის სარჩევნო კამპანიას უდგას სათავეში რადიომოდერატორი ტიბორ ფრანკა, რომელმაც ებრაელები რადიოში ასე დაახასიათა: “მათ ცხვირიდან ცინგლი ჩამოსდით, ყურები უფრო დაბლა აქვთ, ვიდრე ცხვირის ნესტოები და ჭამისას პირს აწკლაპუნებენო”. ამის საჯაროდ მთქმელი კაცი – გაითვალისწინეთ უნგრეთში 80 ათასი ებრაელი ცხოვრობს – უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 10-15 პროცეტის მოპოვებას ჰპირდება პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიას თვითონვე წარმართავს. და უნგრეთის პრემიერი, რომელიც სათავეში უდგას ქვეყანას დიდი მომავლით, ევროპის კავშირში გაწევრიანების პერსპექტივით, ამ პარტასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. იმის პირველი ნიშნები, რომ ორბანი ნაციონალისტებს ეკეკლუცება, გამოჩნდა შემდეგ გადაწყვეტილებაშიც: მან ჯერ შტეფანის ათასწლოვანი გვირგვინის პარლამენტში გადატანა გამოაცხადა, შემდეგ უცხოეთში მცხოვრებ 3 მილიონ უნგრელს კანონის ძალით დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა. და კიდევ ერთი: ჩეხებს შეუთვალა, მას ვინც ბენეშის დეკრეტებს აღიარებს, ევროპის კავშირში არ შეესვლებაო. შეგახნენებთ, ჩეხებმა 1940-იანი წლების შუაში მათი პრეზიდენტის ბენეშის დეკრეტების ძალით ჩეხეთიდან განდევნეს მილიონობით გერმანულენოვანი მოსახლე და მათ საკმაო რაოდენობის უნგრელიც მიაყოლეს. ამ დეკრეტების გაუქმებას ჩეხეთის მთავრობა არ აპირებს.

უნგრეთში შიშობენ, რომ მთავრობის ასეთი ზრახვები შეიძლება უნგრეთს ძვირად დაუჯდეს და ევროპის კავშირში შესვლის საქმეში ხელი შეუშალოს სახელმწიფოს, რომელიც, როგორც ზემოთ გითხარით, ეკონომიკურად აღმავლობის გზაზეა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG