Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

434-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 434-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 434-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რა საერთო აქვთ სახელმწიფო მინისტრს და პარლამენტის აპარატის უფროსს; გაგაცნობთ საქართველოში დემოკრატიული კოალიციის შექმნის პროექტს; მოგითხრობთ საქართველოში მიწისძვრის პროგნოზირების პრობლემატიკაზე; მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმარია ინგლისში მცხოვრები ქართველი ექიმი არჩილ ებრალიძე; გადაცემის ბოლოს კი შემოგთავაზებთ სიუჟეტს ჯაზის გამოჩენილ მუსიკოსსა და კომპოზიტორზე, გილ ევანსზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

რა საერთო აქვთ სახელმწიფო მინისტრს და პარლამენტის აპარატის უფროსს

ბიძინა რამიშვილი:
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ვადის მოახლოებამ პოლიტიკოსები უაღრესად “გულწრფელი” გახადა. სხვა საკითხია, ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებები რამდენად აამაღლებს კონკრეტული პოლიტიკოსის რეპუტაციას ამომრჩევლის თვალში, რაც, ალბათ, 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის ხარისხზე აისახება. თამარ ჩიქოვანი იმ ორ პოლიტიკოსზე გესაუბრებათ, ვისი სახელებიც ყველაზე ხშირად გაისმოდა გასულ კვირაში.

თამარ ჩიქოვანი:
გასულ კვირას თამამად შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძისა და პარლამენტის აპარატის უფროსის ხათუნა გოგორიშვილის ბენეფისის კვირა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკოსებმა, ზემოთ დასახელებულ პირთა “მხილების” თვალსაზრისით, თავისებური რეკორდი დაამყარეს. და თუ სახელმწიფო მინისტრის ფიგურა საზოგადოებისთვის, მეტნაკლებად, ცნობილია, პოლიტიკის კულუარებში ჩაუხედავებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის მიმართ ძალაუნებურად გაუჩნდებათ კითხვა: [გიორგი ბარამიძის ხმა] “ვინ არის ხათუნა გოგორიშვილი?”

ხათუნა გოგორიშვილი 1995 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. მანამდე იყო სოფელ კიკეთის საშუალო სკოლის პედაგოგი, თბილისის 26-ე გიმნაზიის მასწავლებელი, საქართველოს მწვანეთა პარტიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის წამყვანი სპეციალისტი. პარლამენტის აპარატის უფროსობის გარდა, ხათუნა გოგორიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიც გახლავთ.

ხათუნა გოგორიშვილის სახელი პირველად ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების დროს მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით გაისმა. სოციალისტების ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი ლაგოდეხის არჩევნებისას დაშვებული დარღვევების “ინსპირატორად” სწორედ ხათუნა გოგორიშვილს ასახელებდა. სხვათა შორის, პარლამენტის აპარატის უფროსის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე, გავლენა იქონიოს არჩევნების მიმდინარეობაზე, აქამდეც ლეგენდები დადიოდა. ამ შესაძლებლობებს დღეს არც მოქალაქეთა კავშირის ყოფილი წევრი, პარლამენტარი გიორგი ბარამიძე უარყოფს:

[ გიორგი ბარამიძის ხმა] “ თუ ადრე ხათუნა გოგორიშვილს ჰქონდა და შეიძლება ჰქონოდა გარკვეული ბერკეტები, დღეს რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს ხათუნა გოგორიშვილს? ადრე მას უმაგრებდა ზურგს – დიახაც – ხელისუფლება, უმაგრებდა ზურგს ის სახელისუფლებო ბერკეტები, რაც მოქმედებდა.”

ხათუნა გოგორიშვილის სახელი კიდევ ერთხელ გაისმა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დროს, როდესაც საარჩევნო ბიულეტენები დანომრილი აღმოჩნდა. მაშინ პარლამენტართა დიდი ნაწილი დარწმუნებით აცხადებდა, რომ ბიულეტენები სწორედ ხათუნა გოგორიშვილმა დანომრა.თავად ხათუნა გოგორიშვილი კი მომხდარს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ პროვოკაციად მიიჩნევდა:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] “ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მიმართული პირადად ჩემს მიმართ. იმიტომ, რომ ყველა ეჭვი და ყველა თითი გამოშვერილი იქნებოდა პირადად ხათუნა გოგორიშვილის მიმართ. ამის საფუძველს მე მაძლევს ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთ შეხვედრაზე პირდაპირ იყო კანდიდატებისათვის დასმული შეკითხვა, რომ მათი არჩევის შემთხვევაში გაათავისუფლებს თუ არა ხათუნა გოგორიშვილს დაკავებული თანამდებობიდან. ასე რომ, რაღაც რომ უნდა მომხდარიყო, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ თუ ასეთი თეთრი ძაფით შეკერილი რამ მოხდებოდა – ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი.” [სტილი დაცულია]

შემთხვევითი არ არის, რომ ამ კვირაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარი მორიგი სკანდალის შემდეგ, რომლის სულისჩამდგმელად ახალი მემარჯვენეები ისევ ხათუნა გოგორიშვილს ასახელებენ, პარლამენტში გაიხსენეს, რომ ბიულეტენების გაყალბების თაობაზე აღძრული საქმის გამოძიების შესახებ არაფერი იციან.

სხვათა შორის, არჩევნების გაყალბების მოსურნეთა ჩამონათვალში გასულ კვირას ხათუნა გოგორიშვილის გვერდით საპატიო ადგილი დაიკავა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ: ზურაბ ჟვანია და მისი თანამოაზრეები სწორედ მას ადანაშაულებენ მათ წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის სცენარის შექმნაში. უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე, ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილს - ხათუნა გოგორიშვილსაც და ავთანდილ ჯორბენაძესაც - პარლამენტში დამცველები გამოუჩნდნენ. ვასილ მაღლაფერიძე აღშფოთებას ვერ მალავდა:

[ ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “მე ასეთი დაკომპლექსება და შიში – ხათუნა გოგორიშვილმა შეჭამა ცსკ... იქნებ ტელევიზიაში მივიწვიოთ, ნახოს ხალხმა ხათუნა გოგორიშვილი...შეჭამა ცსკ, 20 კაცი დაატერორა, დაატერორა პარლამენტი, მიწისძვრა მოახდინა... ხომ არ გცემთ ხოლმე კაბინეტში?”[სტილი დაცულია]

არანაკლებ აღშფოთებული იყო ვახტანგ ბოჭორიშვილიც:
[ ვახტანგ ბოჭორიშვილის ხმა] “როცა ლაპარაკობენ ბატონ ავთო ჯორბენაძეზე, როგორც კახეთში იტყვიან, ჯერ ვარდის წყლით პირი გამოირეცხონ.”

ვახტანგ ბოჭორიშვილის რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში, პარლამენტში ვარდის სურნელის ფრქვევა უეჭველად შესამჩნევი გახდება...

თამა ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.

დემოკრატიული კოალიციის პროექტი საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
ორი წლის წინათ, 2000 წლის ივნისში, ვარშავაში ჩატარებულ კონფერენციაზე 107 სახელმწიფოს (მათ შორის საქართველოს) საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვალდებულება აიღეს, რომ მათ ქვეყნებში ხელისუფლება განამტკიცებს დემოკრატიულ მმართველობას. მთავრობებმა საზეიმოდ დადეს პირობა, რომ ითანამშრომლებენ დემოკრატიული ინსტიტუტების, პროცესებისა და ღირებულებების განსამტკიცებლად იქ, სადაც მათ უკვე მოიკიდეს ფეხი. ვარშავის შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა "დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის" შექმნას.

ამ ინიციატივას გამოეხმაურნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, ბიზნესმენები, მეცნიერები თუ პოლიტიკური მოღვაწენი და თავის მხრივ, შეიმუშავეს "დემოკრატიის კოალიციის პროექტი", რომლის ფინანსური ხელშეწყობა "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" და ჯორჯ სოროსმა ითავა. 8 მაისს "დემოკრატიის კოალიციის პროექტის" მრჩეველთა საერთაშორისო საბჭომ გაავრცელა "მოწოდება მოქმედებისაკენ". აქვე აღვნიშნავთ, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, პერუს ექს-პრეზიდენტი ვალენტინ პანიაგუა, საფრანგეთის ყოფილი პრემიერი მიშელ როკარი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრონისლავ გერემეკი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი ხოსე რამოს-ჰორტა, ცნობილი უფლებადამცავი სერეგეი კოვალიოვი და სხვები.

საბჭოს წევრები მოუწოდებენ ყველა თანამოაზრეს ღია, დემოკრატიული საზოგადოების შენებაში მონაწილეობისაკენ. აღნიშნავენ, რომ ვარშავის დეკლარაცია იძლევა უნიკალურ საშუალებას, ხორცი შეესხას ყველა იმ ადამიანის სწრაფვას, ვისაც ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება სურს. "თუმცა, ამ ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა დემოკრატიის მომხრეთა ძალისხმევის მობილიზება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე ზეწოლისათვის, რათა ისინი გახდნენ უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულნი და იქცნენ დემოკრატიისა და განვითარების ბურჯებად. "დემოკრატიის კოალიციის პროექტი" მოქმედებას იწყებს საქართველოშიც. დავით პაიჭაძე ესაუბრა პროექტის რეგიონულ დირექტორს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კახა ლომაიას.

დავით პაიჭაძე:
ვარშავის დეკლარაციაში, ერთი შეხედვით, განსხვავებული არაფერი წერია იმ მრავალი საერთაშორისო შეთანხმების, დეკლარაციისა თუ კონვენციისაგან, რომელთაც ასევე ათეულობით სახელმწიფო აწერს ხელს. დეკლარაციაში გაცხადებულ პრინციპებს განხორციელების რეალურ შესაძლებლობას უქმნის არა მინისტრთა ხელმოწერები, არამედ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეთა უნარი, მოსთხოვონ და აიძულონ თავიანთ ხელისუფლებას დემოკრატიის დაცვა და გაღრმავება. როგორც კახა ლომაია აღნიშნავს [ლომაიას ხმა]: “სიახლე, ალბათ, არის მცდელობა, გავიაზროთ დემოკრატია მთელი თავისი სისრულით. შეუძლებელია, საზოგადოება დემოკრატიული იყოს ფრაგმენტულად; დემოკრატია მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა მისი პრინციპები და ფასეულობები თანაბრად არის განხორციელებული ადამიანისა და საზოგადოების საქმიანოიბის ყველა სფეროში: ეს შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ პროცესს, განათლებას, სოციალური უსაფრთხოების საკითხებს, მასმედიას და უამრავ სხვა საკითხს.”

დემოკრატიის უკეთ ასამუშავებლად და ხელისუფლების მრავალმხრივ გასაკონტროლებლად საქართველოშიც წაახალისებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციად გაერთიანებასა და ერთობლივ საქმიანობას. კახა ლომაიას თქმით [ლომაიას ხმა], “მოხდება ამ ორგანიზაციების პირველადი შერჩევა. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. შერჩევის კრიტერიუმები მარტივია: ორგანიზაციის კვალიფიკაცია და რეპუტაცია. შედეგად ორაგნიზაციათა ბირთვი გამოაცხადებს, რომ დაფუძნდა დემოკრატიის ქართული კოალიცია. ეს ორგანიზაციები თვითონ განსაზღვრავენ ახალი წევრების შემოერთების პრინციპებს. ცხადია, ამ გაერთიანებას არ ექნება არავითარი პრეტენზია წარმომადგენლობითობაზე. რაც შეეხება მხარდაჭერას, ჩვენი ორგანიზაცია (ღია საზოგადოების ინსტიტუტი – დ.პ.) დაეხმარება ეროვნულ კოალიციას მხოლოდ ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების გადაჭრაში. ჩვენ არ გავცემთ გრანტებს. კოალიციად გაერთიანებული ორგანიზაციები საკმარისად ძლიერები იქნებიან საიმისოდ, რომ ამ მხრივ რაიმე დახმარება დასჭირდეთ. მიმდინარე პროგრამები მათ მისცემს საშუალებას, ჩვენს პროექტში მიიღონ მონაწილეობა მხოლოდ როგორც ენთუზიასტებმა”.

კახა ლომაიას უპრეცედენტო ამბად მიაჩნია ის, რომ კოალიციები მოთხოვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, გახდნენ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული ანუ მიიღონ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე. მათი მხრიდან დახმარების გაწევა უნდა დაუკავშირდეს დემოკრატიის დონეს ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში. საქართველოში, სპეციალისტთა ვიწრო წრის გარდა, არავის არა აქვს წარმოდგენა, რას ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ან მსოფლიო ბანკის კონფიდენციალური რეკომენდაციები; ისინი უფრო გასაგები უნდა გახდეს საზოგადოებისათვის, აღნიშნა კახა ლომაიამ ჩემთან საუბრისას.

და ბოლოს: მოსალოდნელია, რომ დემოკრატიის ქართული კოალიცია ამა წლის ივნისში დაფუძნდება.
დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.


მიწისძვრის პროგნოზირების პრობლემატიკა საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორია გასული საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა. აქ, ძირითადად, მუშაობენ სტაბილური იზოტოპების ფიზიკისა და ბუნებრივი რადიოაქტიურობის საკითხებზე. სამი წლის წინათ კი, ლაბორატორიის გამგის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებეთათა დოქტორის, პროფესორ მიხეილ კავილაძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა მიწისძვრის პროგნოზირებასთან დაკავშირებულ კვლევებს. ზედმეტია იმის თქმა, თუ რამდენად აქტუალურია დღეს ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის. მოუსმინეთ გიორგი კაკაბაძეს.

გიოგი კაკაბაძე:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში მიწისძვრის პროგნოზირებისთვის ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევენ კომპლექსურ მეთოდს, რომელიც გულისხმობს სიღრმული გაზების – რადონის, წყალბადის, ჰელიუმის, და სხვა კომპონენტების ელემენტური შემადგენლობის განსაზღვრას და მათი იზოტოპური ფარდობების დადგენას. ლაბორატორის გამგე, მიხეილ კავილაძე აღნიშნავს, რომ იზოტოპური ფარდობები საკმაოდ ინფორმატიულია, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა სიღრმიდან ამოდის გაზი, ხოლო გაზის კონცენტრაციის ცვალებადობა, ჩვეულებისამებრ, მიწისძვრის წინამორბედად მიიჩნევა. ლაბორატორიაში არსებული აპარატურის საშუალებით პრინციპულად შესაძლებელია ამგვარი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ რადონის აქტიურობის გაზომვა ხედრხდება უწყვეტ რეჟიმში, რადგან, როგორც პროფესორი კავილაძე ამბობს: [კავილაძის ხმა] “კომპლექსური მეთოდი სრულყოფილად რომ ავამუშავოთ, საჭიროა გარკვეული დაფინანსება. რადონის მეთოდთან დაკავშირებული სამუშაოები, ნაწილობრივ, ქალაქის მერიამ დააფინანსა. მაგრამ დანარჩენისთვის, ჯერჯერობით, სახსრები არ გვაქვს. კომპლექსის ამუშავება საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ალბათობით გავაკეთოთ კვალიფიციური პროგნოზი”.

ჩემი თანამოსაუბრე ამასთან ერთად აღნიშნავს: [კავილაძის ხმა]“ჩვენმა მეთოდმა აშკარად იგრძნო როგორც 11, ისე 25 აპრილის მიწისძვრის მოახლოება, მაგრამ რადგან კომპლექსი არ მუშაობს, ჩვენთვის ძალიან ძნელია ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავაკეთოთ პროგნოზი”.

ცნობილია, რომ მეცნიერების განვითარების დღევანდელ ეტაპზე მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ სპეციალისტები ალბათური მეთოდების სრულყოფაზე მუშაობენ. ამასთან დაკავშირებით, მიხეილ კავილაძეს საინტერესო მაგალითი მოჰყავს: 1975 წელს ჩინელმა მეცნიერებმა დიდი წარმატებით იწინასწარმეტყველეს ქალაქ ჰაიჩინგში მომხდარი მიწისძვრა, [კავილაძის ხმა] “როდესაც ქალაქი დაცალეს ერთი დღით ადრე. მაშინ მოხდა 7,3 ბალიანი მიწისძვრა, რომელმაც, ცხადია, ქალაქი დაანგრია, მაგრამ არავითარი მსხვერპლი არ გამოუწვევია. მაგრამ 1975 წლის ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას ერთი წლის შემდეგ მოჰყვა თანგაშანის 7,6 ბალიანი მიწისძვრა,რომლის შედეგად 250 ათასი ადამიანი დაიღუპა”. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ჩინელი მეცნიერები ერთსა და იმავე მეთოდს იყენებდნენ, მაგრამ დედამიწის სირღმეში მიმდინარე პროცესების არაერთვაროვნების გამო პროგნოზი სანახევროდ გამართლდა.

მიხეილ კავილაძე მიიჩნევს, რომ, არსებული სიძნელეების მიუხედავად, მიწისძვრის პროგნოზირების პრობლემას მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს , ვიდრე ეს დღეს ხდება მსოფლიოში და, კერძოდ, საქართველოში. იგი შენიშნავს, რომ ამ ათი-თხუთმეტიოდე წლის წინათ, არც ამინდის პროგნოზი გამოირჩეოდა იმ სიზუსტით, რომლითაც დღეს ხასიათდება.

აქვე რესპონდენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებობს გეოფიზიკოსთა ძლიერი სკოლა, რომელიც თავის დროზე მიწისძვრის პროგნოზის პრობლემატიკაზეც მუშაობდა, მაგრამ დღევანდელი მწირი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში იძულებული შექნა, უარი ეთქვა ამგვარ გამოკვლევებზე.

დაბოლოს: საინტერესოა ითქვას, რომ 1999 წელს რუსეთის ქალაქ დუბნაში, ნატოს ეგიდით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეები გაეცნენ და ინტერესიც გამოავლინეს მიხეილ კავილაძის თაოსნობით შემუშავებული “მიწისძვრის წინამორბედების შესწავლის კოპლექსურ მეთოდის” მიმართ. აღნიშნული მეთოდი შარშან გამოქვეყნდა ნატოს მიერ გამოცემული შრომების კრებულში.
გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ინტერვიუ არჩილ ებრალიძესთან

ბიძინა რამიშვილი:
ახლა კი დროა, მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმარი წარმოგიდგინოთ: ეს გახლავთ ქართველი ფსიქიატრი არჩილ ებრალიძე, რომელიც უკვე სამი წელია ინგლისის ქალაქ სანდერლენდში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას ტელეფონით დაუკავშირდა მარიამ ჭიაურელი.

იხ. აუდიოვერსია.

გილ ევანსი – 90

ბიძინა რამიშვილი:
მოგეხსენებათ, ჯაზში კომპოზიტორს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხშირ შემთხვევაში თავად მუსიკოსია იმავდროულად კომპოზიტორიც, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის სხვის მიერ დაწერილ ნაწარმოებს უკრავს. ვინაიდან იმპროვიზაციაზე დამყარებული საშემსრულებლო ხელოვნება, ფაქტობრივად, ახალ მუსიკას ქმნის. უფრო მეტიც, ჯაზში რაც უფრო შორს არის შემსრულებელი ორიგინალიდან, მით უფრო ორიგინალური და თვითმყოფადია იგი.

ორიგინალური კომპოზიციის საკუთარი სტილისთვის მორგება, საკუთარი შემოქმედებითი პრინციპების მიხედვით გარდაქმნა, თავად მუსიკოსის საქმეა, როგორც წესი. მაგრამ ჯაზის ისტორიაში ცნობილია, ასე ვქვათ, სხვისი მუსიკის არანჟირებაზე ”დასპეციალებული” მუსიკოსებიც.

არანჟირება საკმაოდ უცხო ხილია თანამედროვე ჯაზში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ამ პერიოდში კომპოზიციისა და არანჟირების ფუნქცია თითქმის მთლიანად იტვირთა თავად მუსიკოსმა. თვალშისაცემი გამონაკლისი იყო ჯაზის ისტორიაში არანჟირების ყველაზე მნიშვნელოვან ოსტატად ცნობილი გილ ევანსი, რომელსაც ამ დღეებში 90 წელი შეუსრულდებოდა.

1912 წლის 13 მაისს ტორონტოში დაბადებულ პიანისტსა და კომპოზიტორს, გილ ევანსს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია იან ერნესტ გილმორ გრინი, თავიდან კალიფორნიაში ჰყავდა საკუთარი ბენდი, შემდეგ, 40-იანი წლების დამდეგს, მან სახელი მოიხვეჭა კლოდ თორნჰილის ორკესტრში. 1946 წლიდან ჯაზის ახალი მიმართულებით, ბიბოპით მისი გატაცება იწყება. სწორედ ამ პერიოდში ისახება ეგრეთწოდებული ”ქულ ჯაზი”, რაც რეაქცია იყო ჩარლი პარკერისა და მისი მიმდევრების თავბრუდამხვევ ბიბოპზე. პარკერის ჯგუფის წევრი, მაშინ მთლად ახალგაზრდა მესაყვირე მაილს დევისი, ”ქულ ჯაზის” ერთ-ერთ მედროშედ იქცა. ის და გილ ევანსი ინტუიტურად გრძობდნენ ახალი მუსიკის აუცილებლობას. როგორც არაერთხელ მომხდარა დევისის ბიოგრაფიაში, მან შეკრიბა მუსიკოსები, გააცნო თავისი გეგმები და შემდეგ ის, რაც მათი ერთობლივი მუზიცირებიდან გამოვიდა, ახალ მუსიკალურ მიმართულებად იქცა. 40-იანი წლების ბოლოს გილ ევანსის ხელმძვანელობით გაკეთებული ჩანაწერები დევისმა მოგვიანებით ალბომად გამოსცა და მას ასეც ეწოდება: Birth Of The Cool – ”ქულის დაბადება.”
აქვე მინდა ვთქვა, რომ მაილს დევისი, ეს პირქუში გენიოსი, რომელიც ძნელად იმეტებდა კეთილ სიტყვას თავისი კოლეგების მისამართით, გილ ევანსს მთელი ცხოვრების მანძილზე მიიჩნევდა ყველაზე ახლობელ მეგობრად და დიდ მუსიკოსად. დევისის ავტობიოგრაფია მოწმობს, რომ სახელი და დიდება, რაც მას მოუტანა ისეთმა ალბომებმა, როგორებიცაა, მაგალითად, Miles Ahead, Porgy And Bess, Quiet Nights, Sketches Of Spain, გილ ევანსის ფაქიზი ნიჭის დამსახურებაცაა.

ევანსმა ბიბოპით დაწყებულ ახალ მუსიკას სიმსუბუქე და სიღრმე შესძინა. თავის ორკესტრებში მან ფერთა გამა გააფართოვა. ჯაზი კლასიკურ მუსიკას დაუახლოვა.

მაილს დევისის არ იყოს, ევანსიც ძალიან ზუსტად შეიგრძნობდა ეპოქის მაჯისცემას. 60-იან წლებში მან სწრაფად აუღო ალღო ელექტრონული მუსიკის მოთხოვნებს და ჯაზისა და როკის შერწყმულ ვარიანტში, ფიუჟენშიც, შეიტანა საკუთარი წვლილი.

მაგრამ დღევანდელ პროგრამას მაინც უფრო ძველი პერიოდის ერთი კომპოზიციით დავასრულებთ. Bess, You Is My Woman Now – ქართულად ალბათ ”ბეს, შენ ახლა ჩემი ქალი არის” – ჯორჯ გერშვინის Porgy And Bess-ის მიხედვით გილ ევანსისა და მაილს დევისის მიერ შექმნილი ალბომიდან. ორკესტრს დირიჟორობს გილ ევანსი. ჩანაწერი გაკეთებულია 1958 წლის ივლისში.

[მუსიკა. Bess, You Is My Woman Now ]

ბიძინა რამიშვილი:
მეათე სტუდიის დღევანდელი გამოშვება, როგორც ყოველთვის, პრაღის ბიუროში მომზადდა. მისი ავტორები არიან მარიამ ჭიაურელი და ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი.
მომავალ შეხვედრამდე ეთერში.
XS
SM
MD
LG