Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აქვთ საერთო ფრენსის ფორდ კოპოლასა და სერგეი ეიზენშტეინს?


ზუსტად 30 წლის წინათ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა საერთაშორისო პრემიერა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმისა “ნათლია”,

რომელიც ექვსი ამერიკული “ოსკარით” დაჯილდოვდა და სურათის რეჟისორს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. 1976 წელს “ნათლია” ტრიუმფით უჩვენეს თბილისის კინოს სახლში, 80-იან წლებში კოპოლას ფილმი ქართული “შავი ვიდეობაზრის” ლიდერად ითვლებოდა. ორი წლის წინათ კი, რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ ამ ფილმის ლიტერატურული პირველწყაროს – მარიო პიუზოს რომანისა და თავად კოპოლას სურათის მიხედვით, სპექტაკლი დადგა რუსთავის თეატრის სცენაზე. ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი საქართველოში ისევ აქტუალურად ითვლება. ვფიქრობთ, იქ, სადაც ქვეყანას მაფიოზური კლანები მართავენ, ფრენსის ფორდ კოპოლას სურათი აუცილებლად ააღელვებს საზოგადოებას.

ცნობილია, რომ ფრენსის ფორდ კოპოლა თავის მასწავლებლად სერგეი ეიზენშტეინს თვლის. მას მრავალჯერ განუცხადებია, რომ ეიზენშტეინის “ოქტომბერი” იმდენჯერ აქვს ნანახი, რომ შეუძლია გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. 1979 წელს, როცა კოპოლა მოსკოვში ჩავიდა თავისი “აპოკალიფსის” პრემიერაზე, იგი აეროპორტიდან პირდაპირ ეიზენშტეინის მუზეუმში გაემართა. რა შეიძლება ჰქონდეთ მათ საერთო?

ეიზენშტეინის აკრძალულ სურათში “ბეჟას მდელო” პიონერი ბიჭუნა აბეზღებს კულაკ მამას და ფილმი შვილის მკვლელობის სცენით მთავრდება. ჩვენში გავრცელებული აზრი, თითქოს “ბეჟას მდელო” რეჟისორმა პავლიკ მოროზოვს მიუძღვნა, ნამდვილად საეჭვოა. ასე რომ ყოფილიყო, სტალინი არ მოითხოვდა სურათის განადგურებას. სინამდვილეში, ეიზენშტეინმა პირველად დააყენა კინოში სისხლით ნათესაობის “მაფიოზურობის” პრობლემა. როგორც კი ადამიანი გაბედავს და დაარღვევს “ოჯახის ტაბუს”, იგი აუცილებლად დაიღუპება, რადგან პიროვნებას არ შესწევს უნარი, დაჯაბნოს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტოტალიტარული სისტემა. ეიზენშტეინმა ეს პრობლემა არა მარტო ფსიქოანალიტიკურ, არამედ სოციალურ პლანშიც განიხილა. ბიჭუნა, რომელიც სისტემას დაუპირისპირდა, გარკვეული თვალსაზრისით, თავად ეიზენშტეინი იყო, რომელმაც, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ “დიდი ბელადის ოჯახიდან” ოდნავი განდგომაც კი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ამ ოჯახის “სიწმინდის” დამცველ “კაგებეს” აგენტებს. რეჟისორმა სტალინის იდეოლოგების მოტყუება სცადა – გადაიღო ფილმი ვითომც პავლიკ მაროზოვზე. მაგრამ მას მიუხვდნენ.

ჰოლივუდის მტკიცე სისტემის მოტყუებას ფრენსის ფორდ კოპოლაც ახერხებს. “ნათლიას” ყურების პროცესში მაყურებელი უფრო მეტად დაძაბული სიუჟეტის განვითარებას, მსახიობთა ოსტატობას აქცევს ყურადღებას, აღფრთოვანებულია ფილმის რიტმით, ნინო როტას მუსიკით. სურათი ჰოლივუდის ფილმებში დამკვიდრებული სტერეოტიპებითაც მდიდარია. უპირველეს ყოვლისა, ესაა, ამერიკული კინოსთვის ტრადიციული, ადამიანის ღირსების თემა. კორლეონეს ხომ ოჯახში საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება აქვთ ღირსებისა და მორალის მიმართ, რასაც თავად კლანის “ღმერთი” – კორლეონე აკონტროლებს. იგი სჯის ოჯახის წევრებს სიცრუისა და ორპირობისთვის და ასაჩუქრებს, როცა ისინი გმირობის, ვაჟკაცობის უნარს ავლენენ. დროთა განმავლობაში მაყურებელი სიმპათიითაც განეწყობა ამ “ნამდვილი ვაჟკაცების” მიმართ, რომელთათვისაც უცნობია ხიფათი და რომლებიც “რაინდულად” ასრულებენ თავიანთ ვალს. კოპოლამ გაითვალისწინა იმხანად 30-იანი წლების ამერიკული განგსტერული კინოს პოპულარობა, “ნამდვილი კაცებისა” და “ნამდვილი ქალების” ნოსტალგია მას შემდეგ, რაც ჰიპების მოძრაობამ აზრი დაკარგა. მაგრამ კოპოლა იმდენად ღრმად გვახედებს კორლეონეს მაფიის სამზარეულოში, რომ დაკვირვებული მაყურებელი ხვდება: განგსტერების ოჯახით შექმნილი ხიფათი იგივეა, რაც ნეოკონსერვატორული ტალღა, რომელიც 70-იან წლებში შეერთებულ შტატებსაც მოედო. კონსერატორები იმხანად ისევ ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ოჯახს შეუძლია განამტკიცოს ადამიანში მარადიული ზნეობრივი ფასეულობანი, რადგანაც სახელმწიფოს “უჯრედი” სწორედ ოჯახია.

[მუსიკა კინოფილმიდან “ნათლია”]

ფრენსის ფორდ კოპოლა – იყენებს რა ნეოკონსერვატორების სქემას, ქმნის რა პორტრეტს ძლიერი, უშიშარი, ნებისყოფით და რწმენით აღსავსე “მამისა” – აქცევს მარლონ ბრანდოს გმირს განგსტერად, ე.ი. დამნაშავედ. ოჯახის გაკერპება, მასში რაღაც ზნეობრივი პანაცეის აღმოჩენა, კოპოლას აზრით, იმავე საშიშროებას მოიცავს, რასაც ანარქიზმი და ნგრევა. უფრო მეტიც, “ოჯახი” აქ იქცევა, ერთი შეხედვით, კეთილთვისებიან სიმსივნედ, რომლისგანაც “მაფიის კიბო” ჩნდება. ეს უკანასკნელი მეტასტაზივით ედება მთელ საზოგადოებას. მაფიის საშიშროება ისაა, რომ მასთან დაპირისპირებული ადამიანი, იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს, იძულებული ხდება მიაგნოს თანამოაზრეებს, ე.ი. თავად შექმნას მაფია, ანუ უარი თქვას ინდივიდუალობაზე და საკუთარი ნებით გახდეს “ჯოგის” წევრი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იტალიელი ემიგრანტის შვილმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ, თავისი ფილმების გმირებად სწორედ იტალიელები გახადა და ამით კიდევ ერთ ძლიერ მაფიოზურ სტრუქტურაზე გაამახვილა მაყურებლის ყურადღება – “ნაციონალურ ძმობაზე”, რომელსაც მრავალი ამერიკელი ემიგრანტი დღესაც მკაცრად იცავს.

“სანამ კანის ფერის მიხედვით გაერთიანებას თავს არ დაანებებთ, მე თქვენი დამცველი ვერ ვიქნები,” – უთქვამს თავის დროზე მარტინ ლუთერ კინგს, ადამიანს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე “ერთნაირთა” გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიოდა და განუწყვეტლივ აფრთხილებდა შავკანიან მოსახლეობას, რომ ნაციონალურ თუ რასობრივ საფუძველზე შექმნილი პარტიები ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “მაფიები” მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ამ ადამიანების ჩაგვრას.

კოპოლას ფილმში გათამაშებული ორი ბანდიტური კლანის ბრძოლა, რომელსაც რეალურად ჰქონდა ადგილი ნიუ-იორკში 1945 წელს, იმავე კანონით – “გადარჩენის კანონით” – ვითარდება: გადარჩება ის, ვინც მარტო არ არის, ვინც უფრო ძლიერია. ამიტომაც ხიფათის წინაშე მყოფი ადამიანი იძულებული ხდება თავი შეაფაროს ამ “ძლიერთ”, დამორჩილდეს მათ... და ასე, მორჩილებაში გაატაროს მთელი სიცოცხლე. ქორწილი, რომლითაც კოპოლა თავის ფილმს იწყებს, ხდება დასაწყისი დიდი, მონუმენტური, სამსაათიანი ოჯახური საგისა, რომლის გადაღების დასრულებისთანავე კორლეონეს როლის შემსრულებელ მარლონ ბრანდოს ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში - “უკანასკნელი ტანგო პარიზში” – მოუხდა თამაში. აქ ბრანდოს გმირი, რომელიც თავის დროზე სწორედ ოჯახის, როგორც “მარადიული ზნეობრივი ფასეულობის,” სულიერი მსხვერპლი გახდა, ახლა, სამყაროზე აღრენილი, საჯდომს უჩვენებს პარიზის ფეშენებელურ რესტორანში შეკრებილ საზოგადოებას. მას სძულს ეს მარიონეტებად ქცეული ადამიანები, რომლებიც იმდენად ჰგვანან ერთმანეთს და ისე ერთნაირად ცხოვრობენ, რომ დაშინებულ ჯარისკაცებს ემსგავსებიან. ყოველი “უდისციპლინო ჯარისკაცი” კი დაუყოვნებლივ იდევნება მათი რიგებიდან.

თავის დროზე ფრენსის ფორდ კოპოლას “ნათლია” საქართველოში “კარგად გაკეთებულ განგსტერულ ფილმად” აღიქვეს. იდენტიფიკაციის მექანიზმს ფილმის აღქმის პროცესში ძლერად უნდა ემუშავა, რადგანაც სურათის გმირებს, ამ “ნამდვილ კაცებსა” და “ნამდვილ ქალებს”, ბევრი რამ აერთიანებდათ ტემპერამენტიან ქართულ პუბლიკასთან. მაგრამ საეჭვოა, მაყურებლის უმრავლესობისთვის, რომელიც “პატრიარქალური სოციალიზმის” ეპოქაში გაიზარდა, ფრენსის ფორდ კოპოლას, როგორც ჰუმანისტის, პოზიცია ბოლომდე ყოფილიყო მისაღები. დღესაც კი, როცა ამ ფილმის თეატრალურ “რიმეიკს” – გოგი ქავთარაძის მიერ რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლს – ესწრება, მაყურებელი მაშინ გამოცოცხლდება ხოლმე, როცა ძალადობის, შურისძიების ამსახველ სცენებს ხედავს.

“ნათლიას” სიამოვნებით უყურებენ, მაგრამ “ნათლია” ისევ ვერ ახდენს კათარზისს, ისევ ვერ ახსენებს მაყურებელს ქრისტეს მცნებას: “ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.”

[მუსიკა კინოფილმიდან “ნათლია”]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG