Accessibility links

logo-print

ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიათა ზოგიერთი ასპექტი


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში ცხადყოფენ, რომ ისინი გაიზარდნენ: შეიძინეს პოლიტიკისათვის საჭირო მეტი ცოდნა და გამოცდილება,

რასაც ჯერჯერობით მხოლოდ საარჩევნო ტექნოლოგიებს ახმარენ.

ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიათა კონკურენცია იმდენად ძლიერდება, იმდენად იკავებს მასმედიას და მოქალაქეთა თავებს, რომ ფუჭი საქმეა, გაიხსენო რომელიმე ადრინდელი არჩევნების წინა პერიოდი და შეადარო მიმდინარე საარჩევნო პროცესს, დაძაბულობის თვალსაზრისით. სამაგიეროდ, არსებობს შედარებითი ანალიზისათვის გამოსადეგი სხვა კრიტერიუმები, რომელთა მომარჯვების შემდეგ დავინახავთ: ამჟამინდელი წინaსაარჩევნო კამპანია, მადისკრედიტირებელი ინფორმაციისა და ეპითეტების ომის მიუხედავად, უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ვიდრე ყველა, აქამდე ჩატარებული, კამპანია.

პოლიტიკური რეკლამის ხარისხი აამაღლა გარემოს შექმნამ პარტიებს შორის მეტ-ნაკლებად თავისუფალი კონკურენციისათვის. ასეთი ფონი წარმოშვა ხელისუფლების ფაქტობრივმა ამორთვამ საარჩევნო პროცესიდან. ვინც წლების მანძილზე პარტიის ფორმით განასახიერებდა ხელისუფლებას და ორი საპარლამენტო არჩევნების ლიდერი იყო, ახლა სულს ღაფავს. “მოქალაქეთა კავშირის” აღსასრულმა ალტერნატივის ამპლუა დაუკარგა “აღორძინებას”, რომლის მიჩნევა ხელისუფლების მთავარ კონკურენტად დღეს შეუძლებელია ერთი, კონსოლიდირებული, სახელისუფლო ძალის არარსებობის გამო. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების ფინალისტები დღეს ფავორიტთა პირველ ხუთეულშიც კი არ შედიან. მათი ადგილი, უმეტესად, სახელისუფლო ძალების დაქსაქვის შედეგად ჩამოყალიბებულმა პარტიებმა დაიკავეს, რომელთაც, ჯერჯერობით მაინც, ერთგვაროვანი ინტერესები აქვთ და არ წარმოადგენენ ახლო მომავალში დაშლად კონგლომერატებს. საქართველოში პირველად შეიქმნა ვითარება, როცა ხელისუფლებისთვის რეალურად მებრძოლი პარტიების საგრძნობი ნაწილი არ არის “ჩამოკიდებული” ხელისუფლებაზე და არ არის შექმნილი სახელისუფლო ცენტრის ირგვლივ. თუმცა ეს ტენდენცია თბილისის გარეთ თუ არ გავრცელდა, ნორმალური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში ისევ ბუნდოვანი პერსპექტივა ექნება.

პოლიტიკური სივრცის გამოთავისუფლებამ ასპარეზი მისცა იმ პარტიათა წინასაარჩევნო უნარ-ჩვევებს, რომლებიც საარჩევნო ტექნოლოგიებით აქამდე არ გამოირჩეოდნენ. არაფრით არ გამოვა, ერთ სიუჟეტში აღწერო ყველა ცნობილი პოლიტიკური ერთეულის საარჩევნო ესთეტიკა, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაციების ზრდის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიხმოთ რამდენიმე კოდი, რომელიც პარტიათა ვიზუალურ ხატებში ამომრჩევლის ქვეცნობიერზე სამოქმედოდ არის გამიზნული: ასე მაგალითად, ზურაბ ჟვანიას გუნდმა პლაკატებსა და სარეკლამო ფარებზე შეინარჩუნა, მათი აზრით, “ძველი”, “კარგი” მოქალაქეთა კავშირის ფერები – ყვითელი და ლურჯი. ნაციონალური მოძრაობის კლიპი სრულდება მისი წევრების ნახევარწრედ გადაღებული სურათით – ოდესღაც ასე იდგა ზვიად გამსახურდია თანამოაზრეებთან ერთად “მრგვალი მაგიდის” საარჩევნო პლაკატებზე. “ახალი მემარჯვენეები” აბრებზე თავიანთი სახელის გამოტანისას ასო “ლ”-ს წერენ ზუსტად იმავე მოხაზულობით, როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა თავის სახელში. “აღორძინება”, რომლის თბილისურ კამპანიაში პრაქტიკულად არ ჩანს ასლან აბაშიძე, ექსპლუატაციას უწევს ვახტანგ გორგასლის სკულპტურულ გამოსახულებას. ყველა წიგნიერ ქართველს კი ერთხელ მაინც სმენია გრიგოლ ორბელიანის სტრიქონი: “ესე არს გმირი, ის გორგ-ასლანი”...

მოქალაქეებს ისღა დაგვრჩენია, შევადაროთ, 2 ივნისის შემდეგ რამდენად შეესატყვისება საარჩევნო ტექნოლოგიებში პარტიათა დახელოვნების ხარისხი პოლიტიკაში საკეთებელ სხვა, ამჯერად უკვე ქალაქისა და მოსახლეობისთვის გამიზნულ სასარგებლო საქმეებში მათსავე გაწაფულობას.
XS
SM
MD
LG