Accessibility links

logo-print

არასრულწლოვანი იმედა ნატროშვილი მეოთხე თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება


სოზარ სუბელიანი, თბილისი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში მეოთხე თვეა წინაწარ პატიმრობაში იმყოფება არასრულწლოვანი იმედა ნატროშვილი.

მას პროკურატურა თანატოლის მკვლელობაში სდებს ბრალს, თუმცა ეჭვმიტანილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც ოდნავ მაინც ადასტურებდეს ნატროშვილის ბრალს. მეტიც, ექსპერტიზის დასკვნები სწორედ ეჭვმიტანილის უდანაშაულობაზე მიუთითებს, პროკურატურა კი იძულებულია, ყალბ მკტიცებულებათა შექმნაზე იზრუნოს, რათა თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო სასჯელი თავიდან აიცილოს.

“სხეულის დაზიანება, სასიკვდილო შედეგით” – ასეთია სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ფორმულირება, რომლითაც პროკურატურამ იმედა ნატროშვილს წაუყენა ბრალი. გარდაცვლილი – 115-ე სკოლის მოსწავლე ბესიკ აზმაიფარაშვილი – 115-ე და 71-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაიჭრა ბარძაყში, რაც სასიკვდილო შედეგით დამთავრდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში აღიძრა, რის შემდეგაც მთელი ძიება საპროცესო კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით წარიმართა. იმავე დღეს პოლიციამ დააკავა 71-ე სკოლის სამი მოსწავლე – ნატროშვილი, მელქუაშვილი და ღვინიაშვილი, მაგრამ პოლიციის სამორიგეო ჟურნალში მხოლოდ ერთი მათგანის – ნატროშვილის გვარი დაფიქსირდა. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში საკმაოდ უხალისოდ დაგვთანხმდნენ ეჩვენებინათ სამორიგეო ჟურნალი, სადაც მელქუაშვილისა და ღვინიაშვილის გვარები არ არის გატარებული, ხოლო რაც შეეხება ნატროშვილს, იგი საღამოს 5 საათზე დააკავეს, ჟურნალში კი 5 საათის დაგვიანებით გააფორმეს: ეს დრო პოლიციამ აღიარების გამოძალვისთვის გამოიყენა.

ნატროშვილის თქმით, პოლიციაში მას აღიარება სასტიკად ცემითა და ელექტროდენით წამებით გამოსძალეს. რაც მთავარია, წამების კვალი იმდენად აშკარა იყო, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მისი დამალვა ვერ შეძლო და ექსპერტიზის დასკვნაში თითქმის ნახევარ გვერდზეა ჩამოთვლილი იმ დაზიანებათა კვალი, რომლებიც ნატროშვილმა წამების შედეგად მიიღო. ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნატროშვილი, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე იყო დარჩენილი, ყველა საგამოძიებო მოქმედება პროცესუალური ნორმების დარღვევითაა შესრულებული, ამ გზით მოპოვებული ნებისმიერი მტკიცებულება კი უკანონოა და სამხილად არ გამოდგება: [მალხაზ ჯანგირაშვილის ხმა] “იმედა ნატროშვილის ეჭვმიტანილად დაკითხვისას დარღვეულია საპროცესო კოდექსის 9 თუ 10 სხვადასხვა მუხლი. მოწმე დავით ღვინიაშვილთან იმედა ნატროშვილის დაპირისპირების დროს 14 სხვადასხვა მუხლია დარღვეული და ასე შემდეგ. ყველა საგამოძიებო მოქმედება ასეთი დარღვევებითაა ჩატარებული. ამავე დროს, მისი შემთხვევის ადგილზე გაყვანა ჩატარებულია მაშინ, როდესაც მას ჰყავდა თავისი ადვოკატი, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედება სახაზინო ადვოკატის მონაწილეობითაა ჩატარებული. ეს დანაც, რომელზეც ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა, ისეა ამოღებული, რომ, თავისი არსით, დაუშვებელი მტკიცებულებაა. ექსპერტის ამ დასკვნას კიდეც რომ ეთქვა, რომ დანაზე ბესიკ აზმაიფარაშვილის სისხლია აღმოჩენილი, საბოლოოდ, ობიექტური სასამართლო აუცილებლად მივიდოდა იმ დასკვნამდე და მივა კიდეც, რომ ეს დანა დაუშვებელი მტკიცებულებაა.”[სტილი დაცულია]

ლაპარაკია დანაზე, რომლითაც, ბრალდების თანახმად, ნატროშვილმა აზმაიფარაშვილს ჭრილობა მიაყენა. დაცვამ, ამ დანასთან დაკავშირებით, გაცილებით მეტ დარღვევები აღმოაჩინა, ვიდრე პროცესუალური ნორმების დარღვევით მისი ამოღებაა. კერძოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაზე აღმოჩენილი სისხლი აზმაიფარაშვილს არ ეკუთვნის, რის გამოც გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ ჩადო და პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნის დროს სასამართლოს ეს ფაქტი დაუმალა. ადვოკატები, მალხაზ ჯანგირაშვილი და ნიკა გორდეზიანი, აცხადებენ, რომ გლდანი-ნაძალადევის პროკურატურა ყველანაირ დაუშვებელ ხერხს იყენებს, რათა საქმე მას არ ააცილონ და როგორმე ყალბი მტკიცებულებების შექმნა მოახერხონ, რაც კერძო საუბარში არაპირდაპირ აღიარა კიდეც პროკურორმა ზურაბ საძაგლიშვილმა: [მალხაზ ჯანგირაშვილის და ნიკა გორდეზიანის ხმა]
-
“მან გვითხრა: ღმერთმა დაიფაროს და, ეს ბავშვი კიდეც რომ გამართლდეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, იგი სამი თვე იჯდება თუ ოთხი, მე მაინც უნდა დავისაჯოო. ესე იგი, ეს 1 თვე მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ როგორმე, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, რაიმე შეთხზან იმედა ნატროშვილის წინააღმდეგ. მართალია, ეს პირად საუბარში გვითხრა, მაგრამ ამას ვისმენდით ორი დავოკატი და ბრალდებული…”
-
“ბრალდებულიც ისმენდა ამას…”
-
“ბრალდებული არის 16 წლის, ბავშვი, რომელიც ისმენს, რომ მის საქმეს იძიებს პროკურორი, რომელიც ამბობს – ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს გამართლდესო…”[სტილი დაცულია]

რაც მთავარია, საოლქო სასამართლოს მოსამართლემ კარლო ბზიშვილმა კანონის ყველა მოთხოვნის იგნორირება მოახდინა და იმედა ნატროშვილს კიდევ ერთი თვით გაუგრძელა უკანონო პატიმრობა.
XS
SM
MD
LG