Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს რელიგიის თავისუფლების მარეგულირებელი კანონები?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენს მეოთხე და ბოლო გადაცემაში რელიგიის თავისუფლებაზე მოგითხრობთ იმის შესახებ,

თუ როგორ რეგულირდება ამა თუ იმ ქვეყანაში ეს უფლება.

1948 წელს გაეროს გენერალურმა ასაბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის მე-18 მუხლი რელიგიის თავისუფლებას ეხება. იგულისხმებოდა, რომ ეს ყველა ხალხს ერთანაირად ესმის. მაგრამ, როგორც ამბობენ, “ღმერთი დეტალებში იმალება”, ანუ რწმენას ყველა თავისებურად იგებს.

მე-18 მუხლი ამბობს: ”ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება”. იგულისხმება, რომ ყველას აქვს უფლება შეიცვალოს რელიგია, ინდივიდუალურად თუ მთელ სათვისტომოსთან ერთად, კერძოთ თუ საჯაროდ, ყველას აქვს უფლება განაცხადოს თავისი რწმენის შესახებ, ასწავლოს სხვას, დაიცვას მისი რიტუალები.

პრაქტიკაში კი, თუმცა ბევრ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ მათ მოქალაქეებს აქვთ რელიგიის თავისუფლება, მე- 18 მუხლის ყველა მოთხოვნას ცოტანი თუ ასრულებენ. ზოგიერთი სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს ე.წ. კულტებისგან; სხვები საგანგებო სტატუსს ანიჭებენ ერთ ან რამდენიმე დამკვიდრებულ რელიგიას; და არიან ისეთები, რომლებიც კრძალავენ ისეთ რელიგიას, რომელიც ქვეყნებში დამკვიდრებული არ არის, მაგრამ ცდილობს იქ ფეხის მოკიდებას.

დასავლეთის დემოკრატიებს შორისაც მოიძებნება ისეთები, სადაც რელიგიის თავისუფლების დამკვიდრებული ტრადიციების მიუხედავად, უჭირთ მკაფიო განსხვავების დადგენა რელიგიასა და კულტს შორის და, შედეგად, არც იქ წყდება კამათი რელიგიის თავისუფლების არსის გარშემო.

როგორც აღნიშნავს კათოლიკე მღვდელი, რიჩარდ ჯონ ნოიჰაუზი, რედაქტორი პუბლიკაციისა, რომელიც აშუქებს შეერთებული შტატების რელიგიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, ბევრისთვის ნებისმიერი რელიგია, რომელსაც ის არ იცნობს და არ უთანაგრძნობს – კულტია. ასე იქმნება დამამცირებელი და ავი კონოტაციების მქონე ტერმინი.

“კულტს” და “სექტას” დროთა განმავლობაში თავდაპირველისგან განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭა. თეოლოგიურად სექტა დამკვიდრებული რელიგიის განშტოებას ნიშნავს. ასე მაგალითად ადრეული ქრისტიანობა იუდაიზმის სექტა იყო.

კულტი, თეოლოგიური გაგებით, არის მლოცველთა ნებისმიერი ჯგუფი, მაგრამ დღეისთვის, მსმენელთა უმრავლესობისთვის კულტი უკეთეს შემთხვევაში ნიშნავს პატარა რელიგიურ ჯგუფს, რომელიც დაძაბულ ურთიერთობებშია გამეფებულ რელიგიასთან; უარეს შემთხვევაში კი, ეს არის ჯგუფი, რომელიც მეტისმეტად აქტიურად ცდილობს თავის წრეში ახალი წევრების მიზიდვას, ან რომელიც საშიშ და გამანადგურებულ ან არაკანოეიერ საქმიანობას ეწევა.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ უკანასკნელი ვარიანტით ყველაზე თანმიმდევრულად თურქმენეთი მოქმედებს. იქ აკრძალულია ყველა რელიგია, მართლმადიდებელი ქრისტიანობისა და ისლამის გარდა. შეერთებული შტატების კონგრესთან არსებული მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებაზე მეთვალყურე კომისია, თვლი,ს რომ თურქმენეთი რელიგიის თავისუფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დამრღვევია.

თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი ასე არ ფიქრობს. მისი თქმით, მისი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აღასრულონ ნებისმიერი რელიგია, რომელსაც კი მოისურვებენ. მარტში მან განაცხადა, რომ თურქმენეთის რელიგიის მარეგულირებელი კანონები გამიზნულია იმ უცხოელთა წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, მისი ტერმინოლგიით, “უცხო” რწმენის დანერგვას. “ეს რელიგიის თავისუფლება კი არა, ჩვენი ეროვნული რელიგიისთვის ზიანის მიყენებააო,” თქვა ნიაზოვმა.

შეერთებულ შტატებშიც კი, მთავრობა იმ რელიგიური ჯგუფებისგან, რომლებიც რელიგიური ისტებლიშმენტის ჩარჩოებს გარეთ არიან დროდადრო მათი ლეგიტიმურობის გამართლებას მოითხოვს. მაგალითად, იეჰოვას მოწმეებს 45ჯერ მოუხდათა თავის დაცვა შეერთებული შტატების უზენასეს სასამართლოში, გაცილებით უფრო მეტჯერ, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიურ ჯგუფს. მართალია, ამ საქმეების უდიდესი უმრავლესობა იეჰოვას მოწმეებმა მოიგეს.

დასავლეთ ევროპაში ეჭვის თვალით უყურებენ საიენტოლოჯის ეკლესიას. გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ბრიტანეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და ესპანეთში კანონი მას ეკლესიად საერთოდ არ თვლის.

საფრანგეთის მთავრობა და მართლმსაჯულება უკვე თითქმის 15 წელია გამოდის საფრანგეთის საიენტოლოჯის ეკლესიის წინააღმდეგ. საიენტოლოჯისტებს იქ სექტად და ე.ი. არალეგალურ დაჯგუფებად თვლიან და ხშირად თაღლითობასა და სხვა კრიმინალურ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

სამთავრობო კომისიამ, რომელიც 1988 წელს შეიქმნა, თავის წლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრისგან საფრანგეთში საიენტოლოჯისტების ეკლესიის დაშლა მოითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია – “ოჯახებისა და ცალკეული პირების დაცვის ასოციაციათა კავშირი” – უკვე 25 წელია იბრძვის საიენტოლოჯის ეკლესიის გაუქმებისთვის. ამ ორგანიზაციის წარმომდგენელი ლუჩია სტოლაზარი (stolazare) ამბობს:
[სტოლაზარის ხმა] “ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საიენტოლოჯისტებიდან ზოგიერთნი იყენებენ რელიგიურ ან ფსევდო-რელიგიურ დოქტრინას წმინდა ფინანსური და კომერციული მიზნებით, სხვების შეცდომაში შესაყვანად. ამ ეკლესიას ადვილად შეუძლია თავისი ფინანსური საქმიანობის დამალვა და საკუთარი წევრების მოსატყუებლად ცრუ და გაიძვერული მეთოდების გამოყენება, რაც ფრიად სერიოზული საქმეა."

გერმანიის კანონები არ კრძალავს საიენტოლოჯიის ეკლესიას, მაგრამ გერმანიის ზოგიერთი მიწა ცდილობს დაიცვას საკუთარი მოქალექეები ე.წ. “ტვინის გარეცხვისგან”. მაგალითად, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში პოლიციამ დაარიგა ბროშურები, რომლებშიც ახსნიალია, რა საშიშროებას წარმოადგენს კომუნიზმი, ექსტრემისტული ისლამი და საიენტოლოჯის ეკლესია.

შეერთებული შტატების კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფოს ჩარევას რელიგიაში, დახმარების აღმოჩენის მიზნითაც კი. და ხშირად ამერიკელებს, რომელთაც სრულიად ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს ჰყოფს კედელი, თვლიან, რომ რელიგიის მარეგულირებელი კანონები საერთოდ ზედმეტია.

როგორც აღნიშნავს მაიკლ იანგი, შეერთებული შტატების კონგრესთან არსებული მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებაზე მეთვალყურე კომისიის თავმჯდომარე, თუ ვინმე თაღლითურად აგროვებს ფულს ან აწარმოებს ტვინის გარეცხვას რელიგიური ქვეტექსტით ან უმისოდ, ამისთვის არსებობს სისხლის სამართლის უამრავი კანონი.

და თავიდან ისმება შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ადვილი არ არის. როდის კლასიფიცირდება რელიგია ლეგიტიმურ სარწმუნოებად, როდის სექტად, კულტად თუ თაღლითების ჯგუფად?

რელიგიის თავისუფლების მომხრეები რელიგიური უმცირესობების მიმართ უნდობლობისა და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოსავალს საგანმანათლებლო კამპანიაში ხედავენ. მათი თქმით, ეს მიაწოდებს ხალხს მიუკერძოებელ ინფორმაციას დაფუძნებული რელიგიების და მათი მთავარი ვარიაციების შესახებ, და აგრეთვე, ეთიკისა და პერსონალური თუ სოციალური უფლებების თაობაზე.
XS
SM
MD
LG