Accessibility links

რუსეთის პრესა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რა გამოხმაურება პოვა რუსეთის პრესის ფურცლებზე საქართველოში - კერძოდ კი, თბილისში - ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა.



4 ივნისის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “თბილისელებმა ხელისუფლებას ზურგი შეაქციეს: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების წინასწარი შედეგები სახელისუფლო პარტიის გამანადგურებელ მარცხს მოწმობს. პრეზიდენტის მხარდამჭერმა მოქალაქეთა კავშირმა თბილისში ხმების მხოლოდ ერთი პროცენტი მიიღო, უკანასკნელი 21-ე ადგილი დაიკავა და დედაქალაქის საკრებულოში არც ერთი დეპუტატი არ ეყოლება.

თუმცა არჩევნების შედეგები მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება აღიქმებოდეს სენსაციურად: “შევარდნაძის პარტიას”, რომელიც თითქმის შვიდი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, შეიძლება ითქვას, აღარავინ განიხილავდა გამარჯვების რამდენადმე სერიოზულ პრეტენდენტად. მოქალაქეთა კავშირისადმი დამოკიდებულება - და არამხოლოდ დედაქალაქში – პრეზიდენტისათვის სრულიად უიმედო ფორმულაში თავსდება: ამ პარტიაზე საბოლოოდ დასვეს ჯვარი.

ასეთმა შედეგმა აშკარად დააბნია საქართველოს სახელმწიფო კანცელარია. მოქალაქეთა კავშირისათვის ნდობაზე უარის თქმით ხალხმა ხომ ცხადად გამოხატა თავისი აზრი: მისთვის მიუღებელია პოლიტიკური კურსი, რომელსაც პარტია და, შესაბამისად, პრეზიდენტი ატარებს.”

შემდეგ “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს:

“ერთმა ადგილობრივმა პოლიტოლოგმა ძალიან მოკლედ დაახასიათა პრეზიდენტის პარტიის ჩავარდნა: შევარდნაძეს ყველამ შეაქცია ზურგიო. ძალიან მკაცრად, მაგრამ ობიექტურად არის ნათქვამი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგენი სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვინც ამ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის დასაყრდენს წარმოადგენდა: ყოფილი სპიკერი ზურაბ ჟვანია (იგი არცთუ დიდი ხნის წინათ სახელმწიფო მეთაურის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ მიაჩნდათ) და იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი. ბევრ დანარჩენ პარტიაშიც არიან ყოფილი მოკავშირეები. საბოლოოდ კი, სწორედ სააკაშვილმა წამოაყენა წინასაარჩვნო ლოზუნგი: “თბილისი, საქართველო – შევარდნაძის გარეშე!” ამ ლოზუნგს ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.”

“ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “უკვე ამ კვირაში სააკაშვილი აპირებს მიტინგების გამართვას და ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა სამი წლის შემდეგ იწურება. ამის გათვალისწინებით, არცთუ ძნელია ივარაუდო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მშვიდი ცხოვრება საქართველოში მოსალოდნელი არ არის.”

3 ივნისის ინტერნეტგაზეთი “ვესტი” აღნიშნავს, რომ “პოლიტიკური ელიტა გარკვეულ დისკომფორტს თავიდანვე გრძნობდა: ამომრჩეველთა ნებისმიერი დასწრების პირობებში, არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს იმას, რომ საქართველო დღეს გათიშულია.”

გაზეთის აზრით, “ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ საკვანძო ოპოზიციურ მოძრაობებს არჩევნებში მეტოქეები არ ჰყავდა. ოდესღაც ძალმოსილი სახელისუფლო პარტიისგან, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები მოიგო 1995 და 1999 წლებში, მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის სახელწოდებაღა დარჩა. ამ პარტიისგან არავითარ ღირსეულ შედეგს არ ელოდნენ და არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ეს აჩვენა კიდეც.”

თუმცა “ვესტი” მიიჩნევს, რომ “დღევანდელ გამარჯვებულებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტი ძალიხმევის გამოვლენა დასჭირდებათ და სრულიად გაურკვეველია, აღმოაჩნდებათ თუ არა მათ საამისოდ საკმარისი დრო და ფული.”
ჯერჯერობით კი შეიძლება იმის კონსტატაცია, – წერს გაზეთი, - რომ “დღესდღეობით საქართველოში არც ძლიერი სახელისუფლებო პარტია არსებობს და არც შეკავშირებული გავლენიანი ოპოზიცია. ეს ძალიან მოულოდნელი შედეგია ქვეყნისათვის, რომელიც მანამდე პოსტსაბჭოთა სივრცეზე გამოირჩეოდა, შესაძლოა, არაეფექტური და ზოგჯერ კარიკატურული, მაგრამ მაინც მეტნაკლებად მომუშავე დემოკრატიული ინსტიტუტებით. გაჩენილი სიცარიელე კი აუცილებლად გამოიწვევს არა იმდენად ძალაუფლების, რამდენადაც ედუარდ შევარდნაძის პერსონალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ზრდას – ამჟამად ამ პასუხისმგებლობას ვერც ძლიერ სახელისუფლო პარტიასთან გაიზიარებს და ვერც ოპოზიციას გადააბრალებს.”

“ვესტის” აზრით, თუ არსებული სურათი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება შენარჩუნებული, მაშინ შევარდნაძის პრეზიდენტობის უკანასკნელი პერიოდი, რომელიც 2005 წელს მთავრდება, “უნებლიე ავტორიტარიზმის” პერიოდად იქცევა.
XS
SM
MD
LG