Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულო. მისი წარსული და სამომავლო საქმიანობა


სულ მალე თბილისს მეორე მოწვევის საკრებულო ეყოლება - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციასაც აღმასრულებელი ხელისუფლების,

ანუ მერიის, საქმიანობის კონტროლი წარმოადგენს. მაგრამ შეძლებს თუ არა თბილისის ახალი საკრებულო ამ ფუნქციის შესრულებას, არავინ იცის. ერთია, რომ საკრებულოს ძალთა სავარაუდო თანაფარდობა სერიოზული იმედების საფუძველს არ იძლევა. ბევრი ფიქრობს, რომ ახალი საკრებულო, დაახლოებით, ისეთივე გზით ივლის, როგორითაც 98 წელს არჩეულმა საკრებულომ იარა. 98 წელს არჩეულების მიერ გაკეთებული საქმეები კი თითებზე ჩამოსათვლელია. ისინი ჩემთან საუბრისას იმ პირმა გაიხსენა, რომელიც თბილისის საკრებულოს ყველაზე აქტიური წევრი იყო. ჯონდი ბაღათურია ახალი საკრებულოს წევრიც უნდა გახდეს, ოღონდ, ახლა უკვე - როგორც “აღორძინების” წარმომადგენელი.

რის გაკეთება შეძლო და რა ვერ შეძლო 4 წლის წინ არჩეულმა თბილისის საკრებულომ, რამდენად გაამართლა და რამდენად ვერ გაამართლა მან ამომრჩეველთა იმედები და, საერთოდ, რა ფუნქცია აკისრია საკრებულოს, მაქსიმუმ, რისი გაკეთება შეეძლოთ და შეუძლიათ მის წევრებს? სამწუხაროა, რომ ამომრჩეველმა, ყოველ შემთხვევაში, მისმა დიდმა ნაწილმა, თავისი ამასწინანდელი არჩევანი ამ საკითხებში გაუთვითცნობიერებლად განსაზღვრა, - უწინდებურად, პოლიტიკური არჩევანი გააკეთა და თან ისე, რომ ადრე გაკეთებული ანალოგიური არჩევანის შედეგები არც კი მოუკითხავს. თუ რა მოუტანა, ვთქვათ, თბილისს 98 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა, ძირითადად, თვითონ არჩეულებმა თუ იციან. ჯონდი ბაღათურიას თქმით, თბილისის საკრებულომ გარკვეული კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა შეძლო: მოახერხა შეეჩერებინა “თბილგაზის” ისეთივე ფორმით პრივატიზება, როგორითაც “თელასის” შემთხვევაში მოხდა; შეძლო შეენარჩუნებინა ტარიფი ბუნებრივ აირზე; შეაჩერა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და შეაჩერა “თბილ-წყალ-კანალის” პრივატიზება.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] “ თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ არა ის ადამიანები, რომლებიც სამარშრუტო ტაქსებს დასდევდნენ, რესტორნების გახსნით იყვნენ დაკავებულნი და ასე შემდეგ. იყო დიდი წინააღმდეგობა ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ცდილობდა გაესვარა საკრებულოს წევრები, მიეცა მათთვის ცდუნების საშუალება და ამით შეენარჩუნებინა მათი სამართავი ბერკეტები.”

“საკრებულოს შიგნით შიდა პარტიული დაპირისპირებები რომ არ ყოფილიყო და ამ დაპირისპირებებს საკრებულოს ცალკეული წევრების ვიწრო პირადი ინტერესები არ დამატებოდა, ალბათ, გაცილებით მეტის გაკეთება მოხერხდებოდაო,”- ამბობს ჯონდი ბაღათურია. მაგრამ ფაქტია, რომ გაცილებით მეტის გაკეთება ვერ მოხერხდა; ფაქტია, რომ საკრებულომ ვერ გაართვა თავი აღმასრულებელი ორგანოს – თბილისის მერიის საქმიანობის გაკონტროლებას. არადა, ამ მხრივ საქმე თავზე საყრელად ჰქონდა. თბილისის მერია ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ უწყებას წარმოადგენს, საკრებულოს კი შტურმი თითქმის არც ერთი კორუმპირებული მოხელის წინააღმდეგ არ განუხორციელებია. ამის გარკვეული მცდელობები იყო, მაგრამ ისინი საწყის ეტაპებზევე დაიბლოკა, ცალკეულ შემთხვევებში კი რაღაც კონკრეტულ საქმეებში გაიცვალა.

ერთი სიტყვით, 1998 წელს არჩეული თბილისის საკრებულო ქმედითუნარიან წარმომადგენლობით ორგანოდ ვერ შედგა. მან თბილისელებს თავი რამდენიმე პიროვნებით თუ დაამახსოვრა. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე - ცნობილი ექიმი - ლადო კახაძე, რომელიც საკრებულოში საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან მხარედ მიიჩნევს იმას, რომ ჩინოვნიკად არ ჩამოყალიბდა, და ჯონდი ბაღათურია, რომელიც საკრებულოს დონიდან მოვლენების ცენტრში ყოფნას ახერხებდა.
ეს უკანასკნელი ამბობს, რომ თბილისის საკრებულოში ღირსეული ადამიანები ნამდვილად იყვნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საკრებულოს წევრობა, მთლიანად, სამარშრუტო ტაქსების ხაზების დასაკუთრებისა და რესტორნების გახსნისთვის გამოიყენა.

რა იქნება შემდგომ? ჯონდი ბაღათურიას აზრით, განსაკუთრებული არაფერი. ვიღაცა სამარშრუტო ტაქსების დევნის პრაქტიკას გააგრძელებს და ასე შემდეგ, ვიღაცა კონკრეტული საქმისთვის იბრძოლებს და იქნება საკრებულოს შიდა პარტიული კინკლაობაც, მთელი თავისი თანმდევი შედეგებით.
და მაინც, რატომ ახლდა დიდი ვნებათაღელვა ასეთი ორგანოების არჩევნებს და რატომ გააიგივეს ამ არჩევნებში ბრძოლა ხელისუფლებისთვის ბრძოლასთან? ამ შეკითხვას ორი ახსნა მოეძებნება. პირევლი ის , რომ ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ პლაცდარმად განიხილება, რაც წინა შემთხვევაში არ გამართლდა, და მეორე – საკრებულოში შესაძლებელია სუფთა საქმის კეთებაც და ვიწრო მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებაც. ყველაფერი ამისთვის წარმოებულ უკანასკნელ გაცხარებულ ბრძოლას ჯონდი ბაღათურია ასე აფასებს:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] “ეს არის პოლიტიკური აფიორა, რომელიც ნიკოლოევმა (იგულისხმება რუსული” PR “ სამსახური) დაუწერა შევარდნაძეს, სააკაშვილს და
ჟვანიას. ახლა სააკაშვილი და ჟვანია გააგრძელებენ ოპოზიციონერობის თამაშს. შევარდნაძე მათ ოპოზიციაში დატოვებს და აქეთა ფლანგზე მოხდება დაჯგუფებები.
“აღორძინება” თბილისის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობაში სტრატეგიულ მოკავშირეს ჯერ ვერ ხედავს.”

ვნახოთ, რას მოიტანს ძალთა ეს ახალი, სავარაუდო, თანაფარდობა, რითი დაგვამახსოვრებს თავს თბილისის ახალი საკრებულო, დარჩება თუ არა ის თვითმმართველობის აფიორად.
XS
SM
MD
LG