Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატურალიზაციის საკითხი კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დააჩქარა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა,

თბილისმა კი ამ ნაბიჯში საქართველოს შინაგან საქმეებში ჩარევისა და მისი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები დაინახა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმრ პუტიტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შედის. ეს კანონი ამკაცრებს უცხოელებისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური რუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას და, ამავე დროს, აადვილებს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მცხოვრები ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც 1991 წლის შემდეგ ახალი მოქალაქეობა არ მიუღიათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთების რიცხვი საკმაოდ დიდია. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს, როცა ეხება აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთ.

აფხაზეთის ხელისუფლების ცნობით, ამ პროვინციის მოსახლეობის 50 პროცენტი – მათ შორის მთავრობის ოფიციალურ პირთა უმრავლესობა – უკვე ფლობს რუსეთის მოქალაქეობას.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახალი ამბების სააგენტო “პრაიმ ნიუსმა” მგავსი პროცენტი დაასახელა სახრეთი ოსეთისთვის. რუსეთის მოქალაქეებს შორის გასულ დეკემბერს არჩეული პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიცაა.

საქართველოს ხელისულება ამტკიცებს, რომ ნატურალიზაციის პროცესმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია და რომ რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ყველა მცხოვრებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებით ამ ორი რეგიონის ანექსიას აპირებს.

აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჩვენი რადიოსთვის მოსკოვიდან მოცემულ ინტერვიუში უარყო საქართველოს მტკიცება მის სუვერენიტეტში შეჭრის შესახებ. მან თქვა, რომ აფხაზეთის მცხოვრებნი ჩქარობენ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას, ვინაიდან შიშობენ, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მათ ასეთი შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

[შამბას ხმა] “პირველი ივლისიდან ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც გააძნელებს მოქალაქეობის მიღების პროცედურას. ამიტომ ცდილობს ხალხი რუსეთის მოქალაქეობის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. ჩვენი კანონომდებლობა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას. და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, ფაქტობრივად ყველა, ცდილობს მიიღოს კიდევ ერთი მოქალაქეობა, რათა შეეძლოს თავისუფლად მოგზაურობა. აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთაგან ძალიან ბევრს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ეთნიკურ სომეხთა გარკვეულ რიცხვს სომხეთის მოქალაქეობა. მაგრამ დიდი უმრავლესობა მაინც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს.”

შამბას ახსნა, რატომ გადაწყვიტა აფხაზეთის მოსახლეობამ მასობრივად რუსეთის მოქალაქეებად გადაქცევა, არ დასტურდება სხვა რეგიონებიდან მოსული ცნობებით, სახელდობრ დნესტრისპირეთში არ შეიმჩნევა რუსეთის მოქალაქეობის მთხოვნელთა რიცხვის ზრდა.

სხვა, და საქართველოსთვის უფრო გამაღიზიანებელი განმარტება გააკეთა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ. რუსეთის ინტერფაქსს მოჰყავს მისი სიტყვები, რომ, “როცა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი 50 ათასს გადააჭარბებს, საგანგებო სიტუაციაში მოსკოვი ვალდებული იქნება ჩაერიოსო.”

ჯერგენიამ აშკარად იგულისხმა, რომ საქართველომ შეიძლება ისარგებლოს შეერთებული შტატების დახმარებით აფხაზეთის დასაბრუნებლად, ვარაუდი, რომელსაც უარყოფს როგორც თბილისი, ისე ვაშინგტონი.

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის მცხოვრებთათვის მოქალაქეობის მინიჭება არ ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას. მისი თქმით, რუსეთი ვერ უგულებელყოფს ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების თხოვნას ნატურალიზაციის შესახებ, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას “ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დარღვევაში დაადანაშაულებენო”.

მაგრამ რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის პასტუხოვმა იმავე სამშაბათს, თბილისში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში, უფრო პროზაული მიზეზი, სახელდობრ რუსეთის ჩინოვნიკების კორუმპირებულობა, მოიყვანა და პირობა დადო, რომ მიღებული იქნება ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თუ რუსეთი სასწარაფოდ არ მოაგვარებს მოქალაქეობის მინიჭების პრობლემას, ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.

მას არ დაუზუსტებია, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამშიდობო ძალების თაობაზე. მათი მანდატის ვადა 30 ივნისს იწურება და განახლება ორივე მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

ნატურალიზაციის პროცესმა შეიძლება აფხაზეთის კრიზისის მოგვარების პროცესიც გაართულოს. მოსალონელია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო 31 ივლისს განიხილავს რეგიონში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის დიტერ ბოდენის გეგმას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
XS
SM
MD
LG