Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემას მთლიანად დავუთმობთ ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემას მთლიანად დავუთმობთ ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს,

რომელიც დიდმა აუდიტორიამ, დაახლოებით, ერთი წელია, რაც გაიცნო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნინო ქათამაძე პირველი გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული და გახდა ყოველგვარი პრომოუშენის, სარეკლამო კამპანიებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინტერვიუების გარეშე. მეტსაც ვიტყვი: მსმენელსა თუ მაყურებელს, ერთგვარად, დააგვიანდა კიდეც ნინო ქათამაძის გაცნობა. თავად განსაჯეთ: ის ოთხი წლისა იყო, პირველად რომ გავიდა სცენაზე. 7 წლისა შედის მუსიკალურ სკოლაში, რომელსაც შვიდ წელიწადში ასრულებს ფორტეპიანოს კლასით. 17 წლისა კი შედის ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ტექნიკუმში, ვოკალურ განყოფილებაზე. აქ მისი პედაგოგი იყო მურმან მახარაძე. თვითონ პირველ მასწავლებლად მიიჩნევს ბიძას, რომელმაც ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას აზიარა. როგორც სკოლაში, ისე ტექნიკუმში სწავლისას მუდამ მონაწილეობდა კონცერტებში, დადიოდა გასტროლებზე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში. ბავშვობაში სცენის ფერიას ეძახდნენ. ამბობს, რომ ცხოვრების რეჟიმმა არ მისცა საშუალება, კლასიკურ მუსიკას გაჰყოლოდა, თორემ სიამოვნებით იმღერებდა, მაგალითად, კარმენს. მოკლედ, ნინო ქათამაძე არ არის მხოლოდ ნიჭი – ეს არის მაღალი კლასის პროფესიონალი, რომელიც ბავშვობიდან შრომობს ამ პროფესიონალიზმის მისაღწევად და დასახვეწად. ამასთან, პროფესიონალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ, ვთქვათ, ვოკალში გაწაფვას – ნინო ქათამაძის შემთხვევაში ეს ცნება ითავსებს პროფესიული ეთიკის სტანდარტებსაც: მას არასოდეს უმღერია ფონოგრამით - არც პლუსით და არც მინუსით; ის არასოდეს თამაშობს და, მითუმეტეს, არ იპრანჭება სცენაზე; ყველა სიმღერას მღერის ისე, თითქოს უკანასკნელად მღეროდეს; გასაკვირია, მაგრამ ჯერ არ ჩაუწერია არც ერთი კომპაქტ-დისკი და კასეტა.

მას შემდეგ, რაც ნინო ქათამაძე საქართველოში გაიცნეს და გაიგეს, მას მიანდეს ქართული კულტურის წარდგენა დიდ ბრიტანეთში, სადაც შარშან რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. თქვენი ხმითა და სიმღერით ინგლისელებში გააღვიძეთ ის, რაც მათ საუკუნეების წინათ დაივიწყეს, – ალბიონზე ნინოს ასეთი ქათინაურიც კი უთხრეს. ნინო ქათამაძე არ უცხოობს არანაირ აუდიტორიას: ის იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ ქართველ მომღერალთა შორის, რომლებიც გასულ ზამთარს ციხეს ეწვივნენ და პატიმრებს კონცერტი გაუმართეს. საერთოდ, იმ ადამიანებზე ფიქრი და ზრუნვა, ვინც რაიმენაირად შევიწროებული თუ შეზღუდულია, ნინოსთვის უცხო არ არის: თბილისში გადასვლამდე ის ბათუმში ცხოვრობდა და მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ ფიზიკურად უნარშეზღუდულ და ამა თუ იმ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ეხმარებოდა. თუმცა ამ თემაზე ვრცლად ლაპარაკი ნინომ არ ისურვა.

ვფიქრობ, ჩემი ხმის მოსმენას ახლა ნამდვილად სჯობს ნინო ქათამაძეს მოვუსმინოთ: ჯერ “სულიკო”, მისი შესრულებით, შემდეგ კი ჩემი კოლეგა, ეკა წამალაშვილი, შემოგთავაზებთ მოკლე ინტერვიუს ნინო ქათამაძესთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG