Accessibility links

logo-print

აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა პარლამენტმა ისევ გადადო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სამი თვის ვადაში საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს.

საკუთარი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისს საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსასაზღვრად აუცილებლად მიიჩნია დამატებითი კონსულტაციების გამართვა.

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილნი ორი მოთხოვნის შესრულებას მოითხოვდნენ - აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას საქართველოს კონსტიტუციაში და აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას. 20 ივნისს პარლამენტს ამ საკითხებზე არ უმსჯელია.
კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნის ინიციატორი გახლავთ აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტარი თამაზ ნადარეიშვილი, რომლის განმარტებითაც:
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] " საქართველოს კონსტიტუციაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს კონკრეტულად ასახული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. აქ არ არის ლაპარაკი არც სტატუსზე, არ არის საუბარი არც უფლებამოსილების გამიჯვნაზე, - ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა რამ. აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, ანალოგიურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, ჩაიწეროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა."
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ "დელიკატურად" შეფასებულ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არცთუ დელიკატური მდგომარეობაა შექმნილი. ერთი მხრივ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პარლამენტართა ხმების 2/3 -ია საჭირო; მეორე მხრივ, ფრაქცია "აღორძინება" აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის პროექტს.
ამ პოზიციაში გასარკვევად აუცილებელი იქნება აფხაზეთის პრობლემისადმი აჭარის ლიდერის განსაკუთრებული ინტერესის შეხსენება. ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ აჭარის ლიდერი არ მალავდა, რომ, აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების შემთხვევაში, აჭარაც ზუსტად იმ უფლებებს მოითხოვდა, რასაც თბილისის ხელისუფლება ამბოხებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადასცემდა. უფრო მოგვიანებით, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის რეგიონალური მოწყობის პრინციპებზე დაიწყო საუბარი, კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრა ის პირობა გახდა, რომლის შესრულების შემთხვევაში აჭარა ბოიკოტს არ გამოუცხადებდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებს. კიდევ ერთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბათუმში ჩასულმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
20 ივნისს სწორედ ამ რანგში შეხვდა ასლან აბაშიძე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვალერი ლოშჩინინს. ასლან აბაშიძის განცხადებით, რუსეთის გარეშე აფხაზეთის კოფნლიქტის მოგვარება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG