Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შარშან, წლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის დამტკიცებისას, სახელმწიფო მინისრტმა ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტს ორი დაპირება მისცა,

რომ აუცილებლად შეასრულებდა ბიუჯეტს და რომ პირველი კვარტალის ბოლოს პარლამენტს ანგარიშს ჩააბარებდა ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. 2 ივლისს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სახელმწიფო მინისტრმა პირობა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

2 ივლისს პარლამენტარების “ცნობისმოყვარეობამ” სახელმწიფო მინისტრის დღის განრიგი თავდაყირა დააყენა. რუმინეთის პრეზიდენტ იონ ილიესკუსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრის ნაცვლად, ავთანდილ ჯორბენაძეს პარლამენტარების კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდა.
მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების შესახებ ზომიერად ოპტიმისტური გახლდათ. ფინანსთა მინისტრის მირიან გოგიაშვილის განცხადებით:
[მირიან გოგიაშვილის ხმა] “ 2002 წლის პირველ კვარტალში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის დარგის ყველა სფეროში.”
პარლამენტარები, პირობითად, სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ. ერთნი, ვინც თავიდანვე სკეპტიციზმით იყო განწყობილი ახალი სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მიმართ. ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე კიდევ ერთხელ ახსენებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ არ სჯეროდა ბიუჯეტის შესრულების პერსპექტივისა:
[ გიორგი ბარამიძის ხმა] “ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ამ ბიუჯეტს და გამართლდა, სამწუხაროდ, ჩვენი პესიმისტური ვარაუდი. ბევრმა მხარი დაგიჭირათ სწორედ იმიტომ, რომ თქვენ ეს პირობა დადეთ. ოთხი თვეც გავიდა და ექვსიც. 4 თვის განმავლობაში მთავრობამ გაარღვია 38 მილიონი ლარი ბიუჯეტი, 6 თვის განმავლობაში ეს კიდევ გაიზარდა.”
პარლამენტართა მეორე ნაწილი, რომელიც, მეტწილად, მაჟორიტარებისგან შემდგება, დღემდე არ კარგავს ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების მიღების იმედს, მით უფრო, ახლა, როცა წყალდიდობამ საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. შესაბამისად, ამ კატეგორიის პარლამენტარებმა სახელმწიფო მინისტრის პარლამენტში ყოფნა ადგილობრივი პრობლემების შესახსენებლად გამოიყენეს. არიან ისინიც, – მართალია, არცთუ ბევრნი, - ვისაც დღემდე სჯერა, რომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი შეძლებს სახელმწიფოში საბიუჯეტო წესრიგის დამყარებას.
ოპოზიციურად განწყობილი ფრაქციების დიდმა ნაწილმა ავთანდილ ჯორბენაძეს შეახსენა მისი პირობა, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი თანამდებობას დატოვებდა. გაახსენეს ის დაპირებებიც, რაც პენსიებისა და მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას ეხებოდა. ტრადიციონალისტთა ფრაქციის წევრი მაია ნადირაძე გულწრფელად ცდილობდა, დაედგინა:
[ მაია ნადირაძის ხმა] “ აი, მე მაინტერესებს, ირონია რომ იქით იყოს, როცა ამბობთ, რომ ერთად რაღაც უნდა ვაკეთოთ – რა არის ეს “ერთად”? და რა უნდა ვაკეთოთ?”
თუ რა უნდა აკეთონ ერთად პარლამენტმა და სახელმწიფო მინისტრმა, ამაზე 2 ივლისს პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG