Accessibility links

logo-print

ავღანელი ლტოლვილების მდგომარეობა რთულდება ძალადობის ესკალაციისა და ფულადი სახსრების სიმცირის გამო


მიმდინარე კვირაში გაეროს ავღანელ ლტოლვილთა საქმეების ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფილიპო გრანდი, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მოინახულებს,

რათა შეისწავლოს, თუ რა გავლენას ახდენს დაპირისპირებულ სამხედრო ჯგუფებს შორის განახლებული შეტაკებები დევნილთა დაბრუნების პროცესზე და უმცირესობის მდგომარეობაზე. ქაბულში ვიზიტის წინ გრანდიმ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ფინანსების სიმცირემ, მომდევნო თვეებში, შესაძლოა, გაამწვავოს ჰუმანიტარული კრიზისი ავღანეთში.

როდესაც თებერვლის თვეში, ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატის ავღანეთის მისიამ გაეროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინა ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა, დონორი ქვეყენებისადმი მისი მოთხოვნა რეალურ გათვლებსა და იმ პროგნოზს ემყარებოდა, რომ წლის ბოლომდე პაკისტანში მცხოვრები 400 000 ავღანელი ლტოლვილი თავის სახლ-კარს დაუბრუნდებოდა.

მაშინ გაეროს მისიის ხელმძღვანელი ფილიპო გრანდი აცხადებდა, რომ ეს იყო უკიდურესად შეზღუდული გათვლები, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ლტოლვილთა რაოდენობა ხარჯთაღრიცხვაში ნაჩვენებ ციფრს დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა. თუმცა, ზოგიერთი დონორი ქვეყნის წარმომადგენლები მაშინ მიიჩნევდნენ, რომ ლტოლვილთა რაოდენობა გაბერილი იყო და თანხების შემცირებასაც მოითხოვდა.

მაგრამ განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ გრანდი არ ცდებოდა. გაეროს მონაცემებით, ნახევარი წლის განმავლობაში, თითქმის 1,2 მილიონმა ავღანელმა მიატოვა პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკები და ნასახლარებზე ქაოსური დაბრუნება დაიწყო. არადა, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ ლტოლვილების დასახმარებელი ფულადი სახსრები თითქმის ამოიწურა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დონორი ქვეყნებისგან დაახლოებით 60 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით გრანდი იხსენებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, ავღანეთთან დაკავშირებით, შარშან მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მკაცრად ავალდებულებდა დონორ ქვეყნებს, შეესრულებინათ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები. მაგრამ გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, რეზოლუციის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ დახმარებისთვის განკუთვნილი 9 მილიონამდე დოლარის ნაცვლად, საგანგებო ანგარიშზე ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ჩარიცხული. სახსრების უკმარისობა კიდევ უფრო ართულებს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატის ავღანეთის განყოფილების ისედაც რთულ ამოცანას.

გრანდი და გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პაკისტანიდან შინ დაბრუნებულ ავღანელთა რაოდენობამ უკვე სამჯერ გადააჭარბა მთელი წლისთვის ნავარაუდევ ციფრს, რადგან პაკისტანში მცხოვრები ბევრი ავღანელი იძულებულია, გაერიდოს დევნა-შევიწროებას ფეშავარისა და რავალპინდის ადგილობრივ ხელისუფალთა მხრიდან.

[ფილიპო გრანდის ხმა] ”არსებობს ძალიან დიდი ზეწოლა ავღანელებზე, რათა ისინი გაიქცნენ პაკისტანიდან. მე არ მინდა იმის თქმა, თითქოს საქმე პაკისტანის მთავრობის შეგნებულ პოლიტიკასთან გვქონდეს. ვფიქრობ, ზეწოლა შედარებით უფრო დაბალ დონეებზე ხორციელდება. და მასში მონაწილეობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ან ცალკეული სოციალური ჯგუფები, რომლებიც იყენებენ ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას, რათა ზეწოლის გზით აიძულონ ადამიანები, დატოვონ პაკისტანი. და ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია, რომ ეს ზეწოლა ძლიერდება.”

შედარებისთვის: ივლისისთვის ირანიდან დაბრუნებულ ლტოლვილთა რაოდენობამ გრანდის მიერ წლის განმავლობაში ნავარაუდევი რიცხვის ორი მესამედი შეადგინა. გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირების თქმით, ირანიდან დაბრუნებულთა შედარებითი სიმცირე იმით უნდა აიხსნას, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველები იძულებული ხდებიან, ჰერატის პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ ხანის მებრძოლებს მათ მიერვე დაწესებული მაღალი სატრანზიტო ბეგარა გადაუხადონ.

როგორც გაეროს მიერ მომზადებული მემორანდუმი ცხადყოფს, ისმაილ ხანის მიერ ბლოკპოსტებზე დაწესებული გადასახადი იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგიერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიოს სასურსათო პროგრამა, იძულებული გახდა, შეემცირებინა სურსათის მიწოდება აღმოსავლეთი ავღანეთის გაჭირვებული რაიონებისათვის.

ამას გარდა, ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს აფერხებს შეტაკებები ჩრდილოეთ ნაწილში ორი დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფის ლიდერების, უზბეკ გენერალ აბდულ რაშიდ დოსთუმისა და ტაჯიკ მოჰამად ატას მომხრე შეიარაღებულ რაზმებს შორის. უკანასკნელი კვირის განმავლობაში შეტაკებებმა ჩრდილოეთის ექვსი პროვინცია მოიცვა და მასში ეთნიკური ხაზარელების ჯგუფიც აღმოჩნდა ჩათრეული. ბრძოლების შედეგად, გასულ კვირაში ქალაქ სარ-ი-პულის ჩრდილოეთ ნაწილიში 150 ოჯახი აღიგავა პირისაგან მიწისა.

მიუხედავად ძალადობის ესკალაციისა, გაეროს წარმომადგენელი ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილის ბევრ რაიონში შეღწევა პრობლემა არ არის და საერთაშორისო მისია იქ კვლავაც განაგრძობს მუშაობას. ამასთანავე, იგი შიშობს, რომ ლტოლვილთა ნაკადის ზრდის პარალელურად დახმარების შემცირება კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG