Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა ქართულად ამეტყველდა


„ვინდოუს ექსპის“ გაქართულების შემდეგ ქართულად ამეტყველდა ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა „გუგლი“. ეს სისტემა სულ 4 წელია,

რაც ასპარეზზე გამოვიდა და, ვინაიდან მონაცემთა ძიების მექანიზმი აქ განსაკუთრებულია, უცებ მოიხვეჭა პოპულარობა. „გუგლი“ 2 მილიარდამდე ვებგვერდზე ახორციელებს ძებნას, ინტერნეტში კი სულ, ექსპერტული შეფასებით, 6 მილიარდი ვებგვერდია. „გუგლს“ გადაწყვეტილი აქვს დარჩენილი ვებრესურსიც აითვისოს და ამიტომ მისმა ავტორებმა სისტემის მრავალეროვნული მექანიზმი შექმნეს.

ორი ასპირანტის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა „გუგლის“ google.com პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მრავალეროვნულობაცაა. თავდაპირველად ლოკალური ინტერფეისები მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით შეიქმნა. ცხადია, ქართული მათ რიცხვში ვერ მოხვდებოდა, საქართველოში ინტერნეტის განვითარების დაბალი დონისა და, შესაბამისად, მომხმარებელთა სიმწირის გამო. ქართულენოვანი ინტერფეისის დამუშავების მექანიზმი ინტერაქტიური მეთოდის პრინციპით მოეწყო. ანუ ნებისმიერ მსურველს, მოხალისეს, საშუალება ჰქონდა ეთარგმნა სისტემის დიალოგებისა და ბრძანებების ფრაზები.

თავდაპირველად ამ სამუშაოს შესრულება ინტერნეტისა და კომპიუტერის გაქართულების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ბესარიონ გუგუშვილმა დაიწყო. შემდეგ მას შეუერთდა აიეტის მეტსახელით ცნობილი ნოშრე ჩხაიძე, რომლის ინიციატივითაც ქართული ენა დამკვიდრდა ლინუქსის ოპერაციულ სისტემაში. ამ უკანასკნელმა “გუგლის” გაქართულების საქმე ბოლომდე მიიყვანა და 10 ივლისიდან “გუგლის” ქართული ინტერფეისი ოფიციალურად გამოქვეყნდა. თუ რა სირთულეების დაძლევა მოუხდა ნოშრე ჩხაიძეს ამ დღემდე, ამის შესახებ თავად გვიამბობს.

[ჩხაიძის ხმა] „ლოკალიზატორთან ერთად მიწევდა იმ პრობლემების გადაჭრა, რაც დაკავშირებული იყო ქართულ კოდირებასთან, იმიტომ რომ ქართული ვებგვერდები შექმნილია ოთხ კოდირებაში: პარლამენტი, უნიკოდი, ბპგ სტანდარტი, ზოგი ლათინურს იყენებს, საერთოდ. “გუგლსაც” პრობლემები ჰქონდა, რომ უნიკოდის ქართულით როგორ მოეძებნა გვერდები. დაბოლოს, ვიფიქრეთ, რაღაც პრობლემები გადავჭერით და გადავწყვიტეთ, რომ მაინც უნიკოდისთვის მიგვენიჭებია უპირატესობა და ამ სტანდარტზე გაგვეკეთებინა კონცენტრირება.“[სტილი დაცულია]


ქართული კომპიუტერული ტერმინოლოგია ჯერაც არ არსებობს და თითქმის ერთი კაცის მიერ გაქართულებული სისტემის ტერმინები არ იქნება სრულყოფილი, თუმცა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შეუერთდეს “გუგლის” ლოკალიზაციის პროექტს და ქართული ტერმინების დახვეწაში თავისი წვლილი შეიტანოს. ნოშრე ჩხაიძე აპირებს საკუთარ საიტზე გამოაქვეყნოს თავის მიერ გამოყენებული ტერმინები და ამ გზითაც მისცეს სპეციალისტებს მათი გასწორების საშუალება.

რაც შეეხება “გუგლის” ქართულ კოდირებას, უნიკოდის ქართული საერთაშორისო სტანდარტია და ნებისმიერი სხვა, ამჟამად პოპულარული, ადგილობრივი კოდირების გამოყენება დამატებით პრობლემებს შექმნიდა. ჯერჯერობით უნიკოდის ქართულით მომზადებული საიტები გაცილებით ცოტაა და, შესაბამისად, მცირეა “გუგლის” მონაცემთა ქართული ბაზა, თუმცა ამ საერთაშორისო სტანდარტს სულ უფრო მეტი ახალი საიტი იყენებს და, შესაბამისად, დიდია შანსი, რომ ის “გუგლს” მხედველობიდან არ გამოეპარება. საძიებო სისტემაში ციტირება კი საიტის პოპულარიზების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მითუმეტეს, “გუგლი” საიტის ყველა გვერდზე ეძებს მომხმარებლის მიერ დასმული შეკითხვის პასუხს, ტექსტურ მასალას, ფოტოს თუ სხვა სახის ინფორმაციას.

იმისათვის რომ “გუგლთან” ურთიერთობა ქართულად შეძლოთ, საჭიროა სისტემის ენათა განყოფილებაში ქართული აირჩიოთ ან კიდევ ბრაუზერი ასე გამართოთ:

[ჩხაიძის ხმა] „ავტომატურად რომ ქართულად გამოჩნდეს ბრაუზერში, უნდა მიუთითოთ ენის პარამეტრებში, ლენგუიჯ სეტინგში რომ ჯორჯიან ანუ „კა“ საიტებს მიანიჭოს პრიორიტეტი. ანუ თუ საერთაშორისო ვებგვერდს აქვს ქართული ვერსია, ავტომატურად ქართულად გამოჩნდეს. ასევე, ამ სტანდარტს იყენებს wunderground.com. ეს ამინდის ცნობილი გვერდია და, თუ ქართული მითითებული გვაქვს, ბრაუზერში ეს გვერდიც ქართულად გამოჩნდება ავტომატურად.“[სტილი დაცულია]

“გუგლის” ინტერფეისის გაქართულების გარდა, კიდევ რჩება უამრავი სამუშაო, მაგალითად, “გუგლის” კატალოგის გაქართულება და სხვა, რომელთა დასრულების შემდეგ ქართველები მშობლიურ ენაზე სიამაყის გრძნობით შეძლებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.
XS
SM
MD
LG