Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაციის შეცდომების გამო ავღანეთში ასობით ადამიანი დაიღუპა


მაღალი ტექნოლოგიების მიუხედავად, ავღანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ამერიკის საჰაერო ოპერაცია სულაც არ აღმოჩნდა შეცდომებისგან დაზღვეული,

რის გამოც უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ასეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიერ ადგილზე ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, პილოტთა საბედისწერო შეცდომა ორი მიზეზით არის განპირობებული – ხმელეთიდან მიწოდებული არასწორი კოორდინატებით და თავად საჰაერო იერიშების ხასიათით, რომელიც ყოველთვის არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დაცული უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა.

წლის დასაწყისში, მოკავშირეთა ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ტომ ფრენკმა, სამხედრო მოქმედებებს ავღანეთის ტერიტორიაზე " ავღანეთის ისტორიაში ყველაზე ზუსტი და უშეცდომო" უწოდა. გენერალი ფრენკი არ ცდებოდა, ავღანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის საწყის ეტაპზე, მოკავშირეთა ავიაციის მოქმედება მართლაც უზუსტესი იყო და მაშინაც კი, როცა საავიაციო იერიშები მჭიდროდ დასახლებული რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდებოდა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში თითქმის არ იყო.

მაგრამ თვის დასაწყისში, ამერიკის ავიაციის შეტევის შედეგად ავღანეთის ურუზგანის პროვინციაში 54 სამოქალაქო პირის დაღუპვის ფაქტმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა და ზედაპირზე ამოატივტივა ყველა დიდი თუ მცირე შეცდომა, რაც ამერიკის ავიაციამ ავღანეთში დაუშვა. ასე მაგალითად,


ჟურნალისტებმა გაიხსენეს შარშან ნოემბერში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ამერიკის ავიაციამ თალიბთა ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის ჯალალედინ ჰაკანის შტაბ-ბინის ნაცვლად, შეცდომით მეჩეთი დააზიანა, რის გამოც 65 ადამიანი დაიღუპა.

ხოლო ადგილობრივი ავღანელი ლიდერების ინფორმაციით, 1 ივლისს, სოფელ ყარყართან ამერიკის AS-130-ის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, დაახლოებით 54 მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ, ხოლო 120 ადამიანი დაიჭრა.

ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაცია "გლობალური გაცვლის" თანამშრომლების მონაცემებით, რომელიც მათ მიერ ავღანეთის სოფლებში ჩატარებულ გამოკვლებს ეყრდნობა, საჰაერო იერიშების დროს დაახლოებით 812 ავღანელი მოქალაქე დაიღუპა.

ამერიკის სამხედრო ავიაციის საბედისწერო შეცდომებმა, სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა ავღანეთის გარდამავალი მთავრობა, რომელმაც, მთელი სამხედრო კამპანიის მანძილზე, პირველად არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ თუ ასეთი შეცდომები შემდგომშიც გაგრძელდება, საერთოდაც შეზღუდოს ამერიკის ავიაციის მოქმედება ავღანეთის ტერიტორიაზე.

თუმცა, ამერიკელი სამხედროები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი ყველა ღონეს ხმარობენ და საჰერო რეიდების წინ ცდილობენ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებით, გულმოდგინედ შეამოწმონ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეცდომა მოსდით ავღანეთის მიწისზედა სამსახურებს, რომლებიც "ალ-ყაიდის" ფორმირებების დისლოკაციის თაობაზე კოორდინატებს იძლევიან.

მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცნობიერებენ, რომ ურუზგანში წარუმატებლად ჩატარებულმა საავიაციო იერიშმა აშკარად გააუარესა ურთიერთობა ავღანეთის მთავრობასთან და ამიტომ, როგორც ფლორიდაში განლაგებული ამერიკის ცენტრალური დაჯგუფების წარმოამდგენელმა, პოლკოვნიკმა რეი შეფერდმა "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტს განუცხადა, "ამიერიდან ნებისმიერი ოპერაცია ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან იქნება შეთანხმებული".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG