Accessibility links

logo-print

ბრუნვისათვის უვარგისი ლარის ბანკნოტები შეიცვლება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკი რამდენიმე კვირაში გაცვეთილი ფულის ნიშნების ახალი ბანკნოტებით ჩანაცვლებას დაიწყებს. ლარის ახალი კუპიურები ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბანკნოტებისაგან დამცავი

ნიშნების სიუხვით და ქაღალდის მაღალი ხარისხით იქნება გამორჩეული.

რამდენიმე კვირაში ფულის მიმოქცევაში დახეული და სასაქონლო სახედაკარგული ლარის ბანკნოტების პრობლემა მოიხსნება. გაცვეთილ და ბრუნვისათვის უვარგის ფულს საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან ამოიღებს და მას ახალი ბანკნოტებით ჩაანაცვლებს.

ფულის ბეჭდვის მსოფლიო პრაქტიკიდან და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებიდან გამომდინარე, სებ-ის საბჭომ გადაწყვიტა მოახდინოს ფულის ბეჭდვის დივერსიფიცირება, ანუ სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტების დაბეჭდვის შეკვეთა განხორციელდეს სხვადასხვა ფირმაში.

ქართული ლარის ბეჭდვისათვის კომპანიის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა როგორც კონტრაქტის ეკონომიკური ხელსაყრელობა, ისე უსაფრთხოებისა და საიმედოობის ხარისხი. წარმოდგენილ წინადადებებს შორის, ამ მხრივ, ყველაზე მისაღებად მიიჩნიეს ჰოლანდიური Joh. Enschede Banknotes და ავსტრიული OEBS–ის პირობები.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები ამჟამად ახორციელებენ როგორც ევროს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტის ბეჭდვას.

ამასთან, OEBS -ის დიზაინერის მიერ შემუშავებულია ევროს ყველა ნომინალის ბანკნოტის დიზაინი. ეს ფაბრიკა ავსტრიის ცენტრალური ბანკის ქვესტრუქტურას წარმოადგენს და ადრე სპეციალიზებული იყო ავსტრიული შილინგის ბეჭდვაზე, ამჟამად კი ახორციელებს ევროსა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტის ბეჭდვას.

ჰოლანდიური Joh. Enschede Banknotes კი ბეჭდავდა ჰოლანდიურ გულდენს. ამჟამად ისიც სპეციალიზებულია ევროსა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტის ბეჭდვაზე.

ამ კომპანიებზე არჩევანის შეჩერება, სებ-ის ექსპერტების განცხადებით, მათმა მაღალმა პროფესიონალიზმმა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შემოთავაზებულმა ზომებმა განაპირობა. მათი პროფესიონალიზმის დასტურად ერთიანი ევროპული ვალუტის ბეჭდვის შეკვეთაც გამოდგება.
გადაწყდა, რომ 1, 2 და 5 ლარიანი ბანკნოტები დაიბეჭდება Joh. Enschede Banknotes-ში, ხოლო 10 და 20 ლარიანი ბანკნოტების შეკვეთას განახორციელებს OEBS.

ქართული ლარის ახალი ბანკნოტები ჩაენაცვლება ამჟამად მიმოქცევაში არსებულ გაცვეთილ ფულის ნიშნებს. ახალი ბანკნოტების დიზაინი, ძირითადად, უცვლელია, თუ არ ჩავთვლით ამჟამინდელ ფულის ნიშნებზე არსებული ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორებას და მოსახლეობისათვის განკუთვნილი დამცავი ნიშნების მოდიფიკაციასა და ქაღალდის ხარისხს.

დამცავი მექანიზმები თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით არის შექმნილი. კუპიურები შესრულებულია ანტიკოპირების მიხედვით, ანუ მაღალი ხარისხის პრინტერებზე, და ასლის გადამღებ მანქანებზე მათი გაყალბება შეუძლებელია. სხვა განსხვავებათაგან ასევე აღსანიშნავია უსინათლოთათვის განკუთვნილი სპეციალური ნიშანი.

საქართველოში ფულის მიმოქცევის თავისებურებიდან და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, როდესაც დანერგილი არ არის პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების სისტემა და ფულის მასის დიდი ნაწილი ოფიციალური საბანკო არხების მიღმა ბრუნავს, დაბალი ნომინალის კუპიურები სწრაფად ცვდება. ამ თავისებურების გათვალისწინებით, ლარის ახალი ბანკნოტების ქაღალდი გაცილებით მდგრადი იქნება და მოსახლეობა პრაქტიკულად დაცული იქნება ყალბი ფულის ნიშნებისაგან.

ფულის ჩანაცვლებას არა აქვს არც დამატებითი ემისიის და არც ფულის რეფორმის ხასიათი.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ახალი ბანკნოტების პარალელურად თანაბარი დატვირთვა ექნება 1995 და1999 წლის გამოშვების მიმოქცევისათვის ვარგის ფულის ნიშნებს.
XS
SM
MD
LG