Accessibility links

logo-print

პროგრამის ბოლოს, დასავლეთის პრესის მიმოხილვაში, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ორ საკითხზე.


პროგრამის ბოლოს, დასავლეთის პრესის მიმოხილვაში, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ორ საკითხზე. ესენი გახლავთ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მიზნით შეერთებულ შტატებში

შემუშავებული გეგმა და ისრაელის ავიაციის მიერ ღაზაში სამოქალაქო პირთა მოკვლის ფაქტზე.

დასავლეთის პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული კომენტარებისა და ანალიტიკური წერილების ავტორთა უმეტესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ვიდრე ცნობილი არ გახდება ერაყში ვაშინგტონის შესაძლო ოპერაციის კონტურები, ძნელი იქნება ამგვარი ოპერაციის გამართლება ან თუნდაც მასზე ობიექტურად მსჯელობა.

”ნიუ იორკ ტაიმსი” აქვეყნებს ბრუკინგზის ინსტიტუტის თანამშრომლების, მაიკლ ო’ჰენლონისა და ფილიპ გორდონის სტატიას, რომელშიც ეს ცნობილი პოლიტოლოგები ერაყში აშშ-ის შესაძლო ინტერვენციაზე მსჯელობენ. მათი თქმით, პრეზიდენტის პოსტიდან სადამ ჰუსეინის ჩამოგდების ცდა (თუ იგი მართლაც განხორციელდა) ვაშინგტონის მიერ ძალის გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა იქნება ვიეტნამის ომიდან მოყოლებული.

“ასეთი კამპანია რადიკალურად შეცვლიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთში და უაღრესად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა მსოფლიო ეკონომიკაზე. და მით უფრო საკვირველია, რომ ამგვარი ოპერაციის გარშემო სერიოზული დებატები ჯერაც არ გამართულა. გამორიცხული არ არის, შეერთებულმა შტატებმა უომრად განაგრძოს სადამ ჰუსეინის შეკავება, ისევე, როგორც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირს ვაკავებდით, ან, როგორც აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, ჩრდილოეთ კორეას ვაკავებთ. მაგრამ თუ ჰუსეინი კვლავაც უარს განაცხადებს თავის სამხედრო ობიექტებზე გაეროს განიარაღების ექსპერტთა შეშვებაზე, მაშინ, შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს სადამის ჩამოგდების ვარიანტს.”

“ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ამავე თემას ეხება რიჩარდ კოენი, რომლის აზრით, სადამ ჰუსეინის ჩამოგდება, მართალია, ურიგო მიზანი არ არის, მაგრამ ვიდრე სამხედრო კამპანიას დაიწყებდეს, ბუშის ადმინისტრაციას უფრო კონკრეტულად მოუწევს თავისი ამოცანების ჩამოყალიბება. აქ რიჩარდ კოენიც ვიეტნამის ომთან ავლებს პარალელს.

“გულახდილობის ნაკლებობა და ამოცანათა სირთულის გაზვიადებისკენ სწრაფვა, ვიეტნამის ომის დროს, შეერთებულ შტატებს ძვირად დაუჯდა. იმ ომის საბაბი, ტონკინის ყურის ინციდენტი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, თითიდან იყო გამოწოვილი, და იგი გამოყენებულ იქნა იმ პოლიტიკის გასამართლებლად, რომელიც კარგა ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი. ერაყშიც იმავე სურათის მოწმენი ხომ არ ვხდებით? ხომ არ ხდება 11 სექტემბრის მოვლენების გამოყენება იმ მიზნის გასამართლებლად, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს უფრო ადრე ჰქონდა შემუშავებული? შეერთებული შტატების საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ერაყთან კონფლიქტში მსხვერპლის გაღებას, თუ ზუსტად ეცოდინება, რისთვის აკეთებს ამას.”

განვლილი კვირის უცხოეთის პრესაში არაერთი სტატია მიეძღვნა ისრაელის არმიის მიერ ორშაბათს ჰამასის სამხედრო ხელმძღვანელის, სალაჰ შეჰადას მკვლელობას. საფრანგეთის ”ლე ფიგაროში” პიერ რუსელენი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანის მოკვლას, რომელიც ათობით ისრაელის სიკვდილისთვის იყო პასუხისმგებელი, განსაკუთრებული უკმაყოფილება არ უნდა გამოეწვია. მაგრამ სარაკეტო იერიში, რომელმაც გამოასალმა სიცოცხლეს შეჰადა, მიმართული იყო საცხოვრებელ სახლზე და შედეგად 14 სამოქალაქო პირის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიკვდილი მოჰყვა.

”სამწუხაროა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მჭიდროდ დასახლებული რაიონი აირჩია საიერიშოდ. სამოქალაქო პირთა შორის ეს მსხვერპლი შურისძიების წყურვილს გააძლიერებს და ახალ ტრაგედიებს მოიტანს. ისრაელის მთავრობამ თავისი მოქმედება იმით გაამართლა, რომ ”კამიკაძეთა” ლიდერები ხალხს აფარებენ თავს. ეს მართალია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მომხდარს. უკანასკნელ ხანებში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნებოდა მშვიდობის მიმართულებით. კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები და დიპლომატიური კლიმატი უფრო იმედისმომცემი ჩანდა. უკვე მერამდენედ, იმედის გამონათებას კვლავ მოჰყვა სისხლისღვრა, რომელიც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს. მესამე მხარის ენერგიული ჩარევის გარეშე ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ვერასოდეს მოხერხდება”.

ამავე თემას ეხება საფრანგეთის კიდევ ერთი გაზეთი ”ლე მონდი”, რომლის აზრით, ღაზაში 22 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უჩვეულოდ კრიტიკული იყო ისრაელის მისამართით.

”ქალაქ ღაზაში საცხოვრებელი სახლის აფეთქება ბევრად აღემატებოდა მანამდელ ოპერაციებს იმაში, რომ ისრაელმა შეგნებულად და გამიზნულად დაუშვა სამოქალაქო პირთა შორის მნიშვნელოვანი მსხვერპლი. ამ ოპერაციას სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც მოჰყვება. იგი ასამარებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის შესაძლებლობას. ნუთუ არიელ შარონს შეგნებულად სურდა ამ დიალოგის საბოტაჟი?
XS
SM
MD
LG