Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავდება დაპირისპირება აფხაზეთის დევნილ და აჭარის ხელისუფლებებს შორის


დავით პაიჭაძე, თბილისი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სესიაზე ხუთშაბათს მომხდარ ინციდენტს – დეპუტატ ჯემალ გამახარიას ფიზიკურ შეურაცხყოფას – უკვალოდ არ ჩაუვლია. პარასკევს, 2 აგვისტოს,

ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელსაც აჭარის ხელისუფლება თბილისში აჭარის წარმომადგენლობას უწოდებს, შეიკრიბნენ ბლოკ "აღორძინების" თვალსაჩინო წარმომადგენლები და უაღრესად მკაცრი განცხადებები გააკეთეს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერის, თამაზ ნადარეიშვილის მისამართით. ამას წინადღით უძღოდა იმ ბინის კარის დაწვა, სადაც აჭარის წარმომადგენლობა არის განთავსებული.

აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას აღორძინების ბლოკის წარმომადგენლები ცდილობენ გამოკვეთონ ოპოზიცია “ომი – მშვიდობა”. თამაზ ნადარეიშვილს ისინი ომის პროპაგანდაში ადანაშაულებენ და მიჩნევენ, რომ აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტიტუციას არღვევს. ის დანაშაულებრივი აზროვნების ადამიანია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეწევა სისხლის სამართლით აკრძალულ ომის პროპაგანდას და ითავსებს ორ თანამდებობას, რასაც ასევე კრძალავს კანონმდებლობა, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც მოუწოდებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, წამოიწყოს ნადარეიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა.

თამაზ ნადარეიშვილი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს და “აღორძინების” წარმომადგენლებს ისე აფრთხილებს, რომ ძნელია, ამ გაფრთხილებაში შეფარული მუქარა ამოიკითხო [ნადარეიშვილის ხმა]: “მე ერთი თვის წინათ გავაფრთხილე “აღორძინების წევრები”, რომ ნუ აღიზიანებენ დევნილ მოსახლეობას, ნუ ეუბნებიან დედას, რომელსაც შვილი თვალწინ მოუკლეს და მისი თვალი შეაჭამეს, რომ გენოციდი არ ყოფილა. 90 ათასი დევნილი ცხოვრობს თბილისში; ეს არის გამწარებული ხალხი, მე ვიცი მათი განწყობა. სჯობს, არ მოვკიდოთ მათ ხელი და არ გავაღიზიანოთ. ბოლო დროს პრესითა და ტელევიზიით გაკეთებულმა განცხადებებმა მაფიქრებინა, რომ ვითარებას შეგნებულად ძაბავენ. მე მივმართავ ჩემს კოლეგებს “აღორძინებიდან”, თავი შეიკავონ. მე ვერ შევძლებ ყველას გაჩერებას. ეს რომ აგორდეს, ძალიან ცუდად აგორდება”.

ხუთშაბათს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მიერ პარტიზანთა საბრძოლო მოქმედებაზე მოხსნილი მორატორიუმის პასუხად “აღორძინების” წევრები საპირისპირო ანუ სამშვიდობო შინაარსის წინადადებებით გამოდიან: მოეხსნას აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები, ამუშავდეს რკინიგზა და სოხუმის პორტი, – იმეორებს ასლან აბაშიძის მოთხოვნებს ჰამლეტ ჭიპაშვილი. ვალერი გელბახიანი აცხადებს, აფხაზეთის ხელისუფლება აღორძინების წევრთა ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს და აჭარის წარმომადგენლობის კარის დაწვის ორგანიზებასაც თამაზ ნადარეიშვილს მიაწერს. ის კი პასუხად, აი, რას ამბობს [ნადარეიშვილის ხმა]: “მე არ ვიცი, სად არის აჭარის წარმომადგენლობა. მე საერთოდ არ მაინტერესებს აჭარის პოლიტიკა, მათი გამონათქვამები. მე მაგათ არც ვკითხულობ, არც ვუყურებ იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში ფანტასტიკურ და გაუგებარ ბრალდებებს აყენებენ. თქვენ გაგიათ ჩემგან რაიმე ბრალდება? გინდათ, ბრალდებებზე ვილაპარაკო? ძალიან შორს წავალთ – ჩვენ ავრევთ ქვეყანას და ხალხს დავაპირისპირებთ. მაგრამ მე ცხრა წლის განმავლობაში ერთი ხმა არ ამომიღია. მასალები? თქვენ გგონიათ, მე უშიშროების სამინისტრო არ მყავს, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან დაზვერვა, კომპეტენტური ორგანოები და აგენტურული ქსელი არ მყავს? ძალიან ბევრი რამ მაქვს, მაგრამ არ ვაკეთებ, რადგან ეს არ სჭირდება ქვეყანას. დაუპირისპირდებიან ახლა ერთმანეთს ასლან აბაშიძე და თამაზ ნადარეიშვილი; მე სულ არ მინდა აბაშიძესთან დაპირისპირება. რას მოიგებს ამით ქვეყანა? ქვეყანა წააგებს. მეც მყავს მომხრეები და მასაც, პარლამენტში ჩვენც გვყავს ფრაქცია და მასაც. აქ დევნილიბი არიან, იქ... იქნება გაუთავებელი ომი, ჩვენ კი ამით აფხაზეთს დაგვავიწყებენ”.

მოკლედ, ასეთი სურათია: აფხაზეთში მშვიდობის მოსურნე და, მისი აზრით, კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელი სამშვიდობო ინიციატივის ავტორის, ასლან აბაშიძის მომხრეები მკაცრნი და აგრესიულნი არიან თამაზ ნადარეიშვილის მიმართ, ხოლო ნადარეიშვილი, ე.წ. “ომის პარტიის” წარმომადგენელი და აფხაზეთის შეიარაღებული გზით დაბრუნების აპოლოგეტი, დევნილ ხელისუფლებაში მისსავე კოლეგებთან ერთად, თავშეკავებულია აჭარის ლიდერისა და მისი განმსიტყვებლების წინაშე. დაძაბულობა მათ შორის, ჯერჯერობით, მხოლოდ იზრდება.
XS
SM
MD
LG