Accessibility links

logo-print

წარსულის გააზრება დასავლეთსა და ყოფილ კომუნისტურ სამყაროში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კომუნიზმის დამხობის შემდეგ, 1989-1991 წლებში,

აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს საკუთარი წარსულისთვის თვალის გასწორება მოუხდათ. მაგრამ არც რიგით მოქალაქეებს, არც პოლიტიკოსებს, და არც საზოგადო მოღვაწეებს (ყოველ შემთხვევაში, მათ უმრავლესობას), არ სურთ საკუთარი ისტორიის ძნელი და სამარცხვინო მომენტების სააშკარაოზე გამოტანა. 1970-იან წლებამდე ეროვნულ ისტორიათა უმრავლესობა ტრიუმფალურ ხასიათს ატარებდა, და წარსულის ბნელი ეპიზოდები ან თითო-ოროლა სიტყვით იყო ნახსენები ან სულაც იგნორირებული გახლდათ. გთავაზობთ ყოველკვირეულ პროგრამას “ათასწლეულთა მიჯნაზე”, რომლის ჩარჩოებში ვიწყებთ გადაცემათა ციკლს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნების საქციელის შესახებ.

დავიწყოთ ავსტრიით – ნაცისტების, ასე ვთქვათ, “პირველი მსხვერპლით”. 1938 წლის 12 მარტს გერმანიის კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა განახორციელა თავისი დიდი ხნის მუქარა და მოახდინა ავსტრიის, თავისი მშობლიური ქვეყნის, ანექსია.

გემანელმა ჯარისკაცები საზღვრის გადაკვეთისას წინააღმდეგობას მოელოდნენ. მაგრამ მათ ავსტრიელები ტყვიის ნაცვლად, ყვავილებს ესროდნენ.

ამერიკელი ისტორიკოსი, არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორი და ავტორი წიგნისა “ჰიტლერი ავსტრიაში, ევან ბიუკი ასე აღწერს “ანშლუსს” ანუ ავსტრიის ანექსიას: [ბიუკის ხმა] “როცა გერმანიის ჯარმა ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა, ისინი კარგად შეიარაღებული იყო და ერთგვარ წინააღმდეგობასაც ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად აღტაცებული ბრბოები შეეგება. განსაკუთრებით ვენაში”.

ბიუკის თქმით, ავსტრიელების სიხარული უმთავრესად ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული. 1938 წელს ავსტრია იყო ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, უმუშევრობის მაღალი დონითა და არამდგრადი მთავრობით. ბევრის თვალში გერმანიასთან ალიანსი კეთილდღეობის იმედებს წარმოშობდა.

ზოგიერთი ავსტრიელი გაიტაცა აგრეთვე ნაცისტების ანტისემიტურმა პროპაგანდამ – ებრაელების ეკონომიკური სიდუხჭირის მიზეზად გამოცხადებამ.

ისტორიული ფაქტია, რომ ბევრი ავსტრიელი, შეიძლება ითქვას, მათი უმრავლესობა, მიესალმა ”ანშლუსს”, მაგრამ იმის გამო, რომ ანექსიაში გერმანიის ჯარები მონაწილეობდნენ, შესაძლებელი გახდა ავსტრიის აგრესიის მსხვერპლად გამოცხადება.

დღესაც, 50-ზე მეტი წლის შემდეგ, ისტორიკოსები კამათობენ საკითხეზე: იყო ავსტრია ენთუზიაზმით აღსავსე აგრესორი თუ ნაცისტების პირველი მსხვერპლი. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები მოჰყავს.

ბიუკი ავსტრიას “დამნაშავე მსხვერპლს” უწოდებს. [ბიუკის ხმა] “ავსტრია იყო, ფორმალურად რომ ვთქათ, ჰიტლერის პირველი მსხვერპლი. ბოლოს და ბოლოს, გერმანელები შეესიენ მას 1938 წლის 12-სა და 13 მარტს, აიღეს ქვეყანა და ის ჰიტლერის დიდი გერმანული რაიხის ნაწილად აქციეს. მაგრამ იმავდროულად, გერმანელებმა მოახერხეს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება”.

ნაცისტების აგრესიის მხვერპლის სტატუსს ოფიციალურად მხარი დაუჭირეს მოკავშირეებმა 1943 წლის მოსკოვის დეკლარაციით.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და რუსეთმა, იმის იმედით, რომ შეაგულიანებდნენ ავსტრიელებს გერმანელების წინააღმდეგ ასაჯანყებლად, ერთობლივად გამოაცხადეს ავსტრია, დეკლარაციის სიტყვით, “ჰიტლერის აგრესიის პირველ მსხვერპლად.”

ავსტრიელებს აჯანყება არც კი უფიქრიათ, მაგრამ მსხვერპლის იმიჯზე უარი არ უთქვამთ. სკოლის პროგრამების, ისტორიკოსების შრომებისა და საოჯახო ლეგენდების მეშვეობით ეს აზრი მტკიცდებოდა, გადაიქცა ავსტრიის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. და 40 წლის განმავლობაში ის სერიოზულად არავის არ უარუყვია.

როგორც აღნიშნავს მელანი სალი, ვენის დიპლომატიური აკადემიის პროფესორი პოლიტიკის დარგში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ავსტრიელებს სულაც არ ეხატათ გულზე ომის პერიოდში მათი საქციელის გაანალიზება. პრიორიტეტული ამოცანა იყო ახლადშექმნილი დემოკრატიული წყობილების გამტკიცება და ხალხისთვის სამუშაო ადგილების მიჩენა.

[სალის ხმა] “ეს იყო პირველი დემოკრატია, რომელიც კი ავსტრიაში ამოქმედდა და ხალხი დაინტერესებული იყო მისი წარმატებით. არავის არ სურდა დებატების გამართვა იმის თაობაზე, ვინ რას აკეთებდა ომის პერიოდში. ამ დებატებს შეიძლება ყველაფერი მოეშალა”.

მაგრამ ავსტრიას ბევრი რამის გამოსყიდვა მართებდა. ავსტრიელი მეთაურები სჩადიოდნენ ომში ყველაზე საშინელ მხეცობებს. ნაცისტების მიმართ კეთილგანწყობა მოსახლეობაში გაცილებით უფრო მაღალი იყო ავსტრიაში, ვიდრე გერმანიაში.


ვენის ერთ დროს მჩქეფარე ებრაული თემი განადგურდა. ქალაქის 65 ათასი ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკებში გაიგზავნა. ომის შემდეგ მხოლოდ 800 კაცი გადარჩა.

ვენელები ებრაელების დეპორტაციასთან დაკავშირებით ხმამაღალ სიხარულს გამოხატავდნენ. გერმანიის ქალაქეშიც კი იშვიათი იყო ასეთი სცენები.

ავსტრიის მთავრობა ომის შემდეგ შეეცადა დაეკავებინა და დაესაჯა ომის ყველაზე მძიმე დამნაშავეები. 43-მ კაცს სიკვდილი მიესაჯა. მაგრამ ეს კამპანია ხანმოკლე აღმოჩნდა.

იგი მხოლოდ 1980-იანი წლების შუაში ამოტივტივდა, როცა ავსტრიელმა დიპლომატმა და გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კურტ ვალდჰაიმმა თავისი კანდიდატურა ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა, და დებატებში მეორე მსოფლი ომში ავსტრიის როლის თემამ ცენტრალური ადგილი დაიკავა.

გაეროში წარდგენილ ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვალდჰაიმს ომის წლები არ უხსენებია. მაგრამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში გამოირკვა, რომ ახალგაზრდობაში ის ნაცისტური პარტიის წევრი იყო და გერმანიის ვერმახტშიც მსახურობდა. უწინ ვალდჰაიმი ამტკიცებდა, ომის პერიოდში ვენაში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავიო.

ვალდჰაიმის საქმე შემობრუნების წერტილი გახდა ავსტრიის ომის შემდგომ ისტორიაში. წარმოჩინდა ავსტრიელთა მთელი თაობა, რომელიც ტყუოდა, მალავდა თავის წარსულს, ასაღებდა თავს მსხვერპლად.

ავსტრიის მსხვერპლის სტატუსი პირველად აღმოჩნდა კითხვის ნიშნის ქვეშ. [სალის ხმა] “ ვალდჰაიმი გადაიქცა იმ თაობის სიმბლოლოდ, ვინც ერთი მხრივ ნაციზმის მსხვერპლი იყო – მისი კათოლიკური ოჯახი შევიწროებას გაიცდიდა ნაცისტური რეჟიმისგან - მეორე მხრით კი, თვით იყო დამნაშავე. იყო ორივე. ეს მართლაც ავსტრიის მთელი თაობის სიმბოლო იყო. ტიპიური…”

ვალდჰაიმმა გაიმარჯვა 1986 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების საკმაოდ დიდი უპირატესობით. მის გამარჯვებას ხელი შეუწყო ავსტრიელი ამომრჩევლის რაექციამ საზღვარგარეთის კრიტიკაზე.

ავსტრიელებმა ეს მათ საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნიეს. ამ თემამ თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. კერნტენის პროვნციის ახალგაზრდა გუბერნატორმა იორგ ჰაიდერმა ამ საქმეზე პოლიტიკური კაპიტალი გააკეთა და მისმა უკიდურესმა მემარჯვენე “თავისუფლების პარტიამ” მხარდამჭერები მოიპოვა ანტი-იმიგრანტული პლატფორმის წყალობით.

ჰაიდერი ნაცისტი არ არის და არც წარსულში ყოფილა. მაგრამ მან მოხერხებულად გამოიყენა ავსტრიელების გრძნობა, რომ მათ არასამართლიანად ეკიდებიან. ანალიტიკოსების თქმით, ჰაიდერმა ნაცისტური გერმანიის ზოგიერთი ასპექტი იმიტომ შეაქო, რომ კრიტიკა გამოეწვია, და გაემტკიცებინა თავისი, ასე ვთქათ, “დევნილი პატრიოტის” იმიჯი.

მაგრამ ავსტრია, შეიძლება ითქვას, გამოფხიზლდა. ბიუკის თქმით, ამჟამად სკოლებში ქვეყნის ისტორია უფრო სწორად არის წარმოდგენილი. გაიზარდა წარსულისადმი ინტერესი, განსაკუთრებით უნივერსიტეტის დონეზე.

თუ ოთხი თუ ხუთი წლის წინ სემინარს ნაციტური გერმნიის შესახებ 30 სტუდენტი ესწრებოდა, შარშან მის მუშაობაში დაახლოებით 300-მა მიიღო მონაწილეობა.

ამას წინათ კი კოალიციურმა მთავრობამ მიიღო ზომები იმ ადამიანების კომპენსაციისთვის, ვინც მირეკეს ავსტრიაში და იქ იძულებით ამუშავებდნენ. ამ ზომებს თავისუფლების პარტიამაც დაუჭირა მხარი.
XS
SM
MD
LG